ახალი ამბები

ერთთეთრიანი ჯარიმა ლარად მიყიდული მიწისთვის – ხელშეკრულება ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან

11 ოქტომბერი, 2017 • 3257
ერთთეთრიანი ჯარიმა ლარად მიყიდული მიწისთვის – ხელშეკრულება ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან

რა პირობებით გადასცა თბილისის საკრებულომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს  ნაკვეთები?

ხელშეკრულებები საკრებულოს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა “ნეტგაზეთს”ის მიაწოდა საკრებულოს წევრმა  “რესპუბლიკური პარტიიდან” ხათუნა სამნიძემ.

საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ორი ნაკვეთ გადასცა:

  1. 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე;
  2.  4455 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე.

კომპანიებს  მიწის ფართობი   შემდეგი პირობებით გადაეცათ:

                                                                     [red_box]მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე[/red_box]  

თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთში მფლობელმა ერთი თვის განმავლობაში 102 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

მესაკუთრე ვალდებულია, ტერიტორია გამოიყენოს დამხმარე/ტექნიკური ნაგებობის განთავსებისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სარწყავი სისტემის სამართავი ცენტრი, სასაწყობოები, დამხმარე ფართები, გამწვანების უზრუნველსაყოფად დამხმარე ტექნიკა და აღჭურვილობების სადგომი.

ხელშეკრულების მიხედვით, მფლობელმა მიწის ფართობი იმავე პირობებით უნდა გაყიდოს, რაც პირობითაც სახელმწიფოსგან შეისყიდა. 102 000 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, მფლობელს მოუწევს გადაუხდელი თანხის 0.1% პირგასამტეხლო გადაიხადოს, რაც 102 ლარია.

[red_box]მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე [/red_box]

ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად იყიდა. საფასურის გადახდისთვის კომპანიას ერთთვიანი ვადა აქვს.

ხელშეკრულების მიხედვით, თავისუფლების მოედანზე ტერიტორიის მფლობელმა არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. გასხვისებულ ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ერთი წლის ვადაში მესაკუთრემ  მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა ააშენოს. ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომი არანაკლებ 30 მანქანაზე უნდა იყოს გათვლილი. ხელშეკრულებით, მფლობელს მიწისზედა ტერიტორიის მოწყობაც ევალება.

მფლობელი ვალდებულია თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოები შეათანხმოს  სსიპ- ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან.

ამ შემთხვევაშიც მფლობელმა მიწის ფართობი იმავე პირობებით უნდა გაყიდოს, რაც პირობითაც სახელმწიფოსგან შეისყიდა.

თუ მფლობელი მიწის საფასურს არ გადაიხდის, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებით პირგასამტეხლოა განსაზღვრული.  პირგასამტეხლო ამ შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0.1%-ია, ანუ ერთი თეთრი. დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარი.

თუ მფლობელი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოთხოვნებს არ შეასრულებს,  მაშინ მას ჯარიმის სახით 100 ლარის გადახდა მოუწევს. კომპანიას  მიწისზედა ტერიტორიის მოწყობაც ევალება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის გადახდა მოუწევს.

30 სექტემბერს საკრებულომ მიიღო  გადაწყვეტილება, რომლითაც 4 700 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს შეუცვალა ზონალური სტატუსი, რათა იქ შესაძლებელი გახდეს მშენებლობა. საქმე ეხება “თაბორი რიზორთსის” 40 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნავკეთს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.

პანორამა თბილისის პროექტი თავისუფლების მოედანზე, ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი