მუშის თქმით, “პანორამაზე” უსაფრთხოება თავად არ დაიცვეს – რას ამბობს კანონი?

“პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე დაშავებული მუშა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს. ერთ-ერთი დაშავებული მუშის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მედიასაშუალებებმა, მათ შორის  “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელეს.

ჟურნალისტებისთვის მშენებლობის ტერიტორიაზე მიცემულ ინტერვიუში დასაქმებული ამბობს, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათის სამუშაო ჰქონდათ დარჩენილი, მათი უშუალო ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფებოდა და თავად არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები, რის გამოც გადმოვარდნენ.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს, ბექა ფერაძეს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, ათავისუფლებს თუ არა ეს განცხადება მშენებელ კომპანიას პასუხისმგებლობისგან.

მისი ცნობით, ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი მოკვლევის დასრულებამდე რთულია.

როგორც ფერაძე განმარტავს, კანონში უსაფრთხოების ზომების დაცვაზე ვალდებულება განსაზღვრულია როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის მიმართ:

“კანონში განსაზღვრულია როგორც დამსაქმებლის ვალდებულებები, ასევე- დასაქმებულის. დასაქმებულის ვალდებულებებში შედის, რომ დაიცვას უსაფრთხოება, დამსაქმებლის ვალდებულებაში კი ამის გაკონტროლება შედის. რეალურად, ორივეს აქვს ვალდებულება, დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც. რომ უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალება, დასაქმებულის ვალდებულებაა, დამსაქმებელს კი კონტროლი ევალება, ასეთი ჩანაწერია კანონში” ,- უთხრა “ნეტგაზეთს”  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

“პანორამა-თბილისის” მშენებლობიდან სამი მუშა 16 აპრილს გადმოვარდა. “პანორამა-თბილისს” ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აშენებს. ფონდის ინფორმაციით, “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო  სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა. მომხდარის შემდეგ  შრომის ინსპექციამ მშენებლობაზე სიმაღლეზე სამუშაოები შეაჩერა.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა პანორამა-თბილისის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. 27 წლის ლევან ლაფაჩი “პანორამა თბილისის” გოლფის კლუბის მშენებლობაზე 21 იანვარს დაიღუპა, თუმცა მედიაში მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ერთი თვის შემდეგ გავრცელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.