პანორამის მშენებლობა, სადაც 3 მუშა დაშავდა, ინსპექციამ შეაჩერა

პანორამა თბილისზე, საიდანაც დღეს სამი მუშა ჩამოვარდა, სიმაღლეზე სამუშაოები შეაჩერეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

“იმისთვის, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, გვჭირდება გამოკითხვა შემსწრე პირების და იმ ადამიანების ,რომლებიც გადიან მკურნალობას. მანამდე, ვინაიდან სიმაღლეზე სამუშაოებს უკავშირდებოდა ეს პროცესი, მივიღეთ შეჩერების გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნეტგაეთს განუცხადეს, რომ პანორამას მშენებლობა, სადაც დღეს სამი მუშა დაშავდა, სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომლებმა დაუგეგმავად ბოლოს 2 თვის წინ შეამოწმეს, თუმცა დარღვევები ვერ ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.