დღეს, 6 ივნისს ამ საკითხზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის და პროფკავშირების ორგანიზებით სასტუმრო “ამბასადორში” კონფერენცია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ბოლო რვა თვის განმავლობაში, რა პერიოდშიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხლებოდა, პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ტექსტი რამდენჯერმე შეიცვალა. მისი თქმით, განსხვავებით წინა პერიოდისაგან, ამ დროისთვის დიალოგი ფრაგმენტულად და არაეფექტურად მიმდინარეობს, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ის შრომის კოდექსი, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით მომავალში მიიღებს, დაუბალანსებელი იქნება.
“ლობირებების შედეგად ბიზნესმენებმა მოახერხეს, რომ შესწორებები შეეტანათ მთავრობის აზროვნებაში. ჩვენი ინფორმაციით, შესულია შესწორება მე–14 და მე–6 მუხლებში, რომელიც შეეხება სამუშაო დროს და ვადიან ხელშეკრულებებს”, – განაცხადა მან.
პეტრიაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გარკვეული სპეციალიზებული პროფესიით დასაქმებული ჯგუფი, რომელსაც კვირაში 48 საათი მოუწევს მუშაობა ნაცვლად 40 საათისა.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის, ია თინიკაძის განცხადებით კი, საკმაოდ დიდი საშიშროება ემუქრება იმ ჩანაფიქრს, რომელსაც ჰქვია შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესება.
“თუ მესამე მოსმენით მიღებული იქნა ის ვარიანტი, რომელსაც ხელისუფლებას ზოგიერთი ლობისტური ჯგუფი სთავაზობს, მაშინ ზედმეტია საუბარი შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებაზე და მის გაკეთელშობილებაზე. ეს იქნება სანახევრო რეფორმა, რომელიც უფრო საკუთარი თავის მოტყუება იქნება. მეორედ მოსმენისას მიღებული იყო შრომის კანონი რვა მუხლის გამოკლებით. განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიმაჩნია სხვადასხვა სამუშაო საათების ნორმის შემოღება სხვადასხვა ჯგუფისთვის, ანუ ვიღაცისთვის ეს იქნება 40 სამუშაო საათი, ხოლო გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის იქნება 48 საათი. გარდა ამისა, იქ არის დამწყები საწარმოებისთვის, სტარტაფს, რომელსაც ეძახიან, 4–წლიანი თავისუფლება, ანუ მათ ამ პერიოდში შეუძლიათ თანამშრომლებთან დადონ ნებისმიერი სახის ხელშეკრულება ზეპირი, მოკლევადიანი და ასე შემდეგ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს არის მიუღებელი ნორმები, რადგან ხრიკებისა და დისკრიმინაციისათვის ბევრი საშუალება რჩება.
თინიკაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დაიცავს წინასაარჩევნოდ და შემდეგ გაცხადებულ კურსს იმ ზეწოლისაგან, რომელიც გარკვეული ბიზნესჯგუფებისაგან ხორციელდება.
პეტრიაშვილის თქმით, თუ პარლამენტი შრომის კოდექსს პარლამენტში ინიცირებული თავდაპირველი კანონპროექტისაგან კონცეპტუალურად განსხვავებული დებულებებით მიიღებს, ეს იქნება სერიოზული ნაბიჯი უკან.
კონფერენციის მონაწილეები ერთობლივი მიმართვის შემუშავებასაც აპირებენ საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე. შრომის კოდექსთან დაკავშირებით აღნიშნული მიმართვის ტექსტი პროფკავშირების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და მასზე ხელისმოწერა ყველა მსურველ ორგანიზაციას შეეძლება.
2013 წლის 30 მაისს პარლამენტმა “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსენით დაამტკიცა. პარლამენტმა ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი 9 მუხლის გარეშე უყარეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ გარკვეული კითხვები და ამ კითხვების გაბათილებისთვის დარჩენილ მუხლებს პარლამენტი მესამე მოსმენისას განიხილავს.