ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა

26 სექტემბერი, 2017 •
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და ქვეყანას უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. კონსტიტუციის კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მესამე მოსმენისას შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში შეუძლებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი დავის საგანს საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა. ახალი კონსტიტუციით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა. 2020 წელს კი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ითხოვდა, რომ 2020 წლიდან ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე  სხდომა 26 სექტემბერს დანიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა. კონსტიტუციის შესახებ დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც:

“სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის იმიტომ, რომ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთი პროცესი თავისთავად იყო ნამდვილად უპრეცედენტო. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ,  არის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული როგორც, სიტყვასიტყვით მინდა ვთქვა, დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს.

მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებსაც არ ჩამოვთვლი.  ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა შეტანილი კონსტიტუციაში, როგორიც არის, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. ეს არის საპარლამებტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭება. ეს არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომის უფლებების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხი. ეს არის ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, მთლიანად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი