ახალი ამბები

ბრალდებული მღვდლები აღკვეთის ღონისძიების გარეშე

28 მაისი, 2013 • • 1095
ბრალდებული მღვდლები აღკვეთის ღონისძიების გარეშე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არ არსებობს გამოძიებისთვის ხელშეშლის საფრთხე და სასულიერო პირების სასამართლოში გამოცხადებაც პრობლემა არ იქნება, რის გამოც პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, არ მოითხოვოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.

 

მოქმედი კანონმდებლობით, პროკურატურას შეუძლია პიროვნება ცნოს ბრალდებულად, მაგრამ არ მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობით. ხოლო თუკი აპირებს ასეთი ღონისძიების გამოყენებას, პროკურატურამ ბრალის წაყენებიდან 72 საათის ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს. სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოუყენებია თუ არა პროკურატურას ეს უფლება, ამ ინფორმაციის მოცემას მთავარ პროკურატურაში დაგვპირდნენ, რომელსაც, მოწოდების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა შეაფასოს ბრალდებულთან დაკავშირებული მდგომარეობა. თუ არ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მის მიერ მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მაშინ მას შეუძლია არ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიება სასამართლო განაჩენის დადგომამდე. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს გირაო, თავდებობა, ან პატიმრობა.

 

იურისტი ოთო კახიძე კი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ბრალდებულის მიერ.

 

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ  17 მაისის აქციის გამო ბრალდებულ სასულიერო პირებთან მიმართებაში რომელიმე ფორმა აღკვეთის ღონისძიებისა

17 მაისის აქცია
17 მაისის აქცია

, გამოყენებული უნდა ყოფილიყო. მე არ ვსაუბრობ, რომ ეს აუცილებლად პატიმრობა უნდა ყოფილიყო. სასურველია რამე შემაკავებელი ღონისძიება გამოყენებულიყო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ იურისტმა ოთო კახიძემ, „ – ჩვენ, საზოგადოებას, გვინდა, რომ ვიყოთ დაცულები და იმის გამო, რომ მართლმადიდებულ დოგმასთან ჩვენი ჩაცმულობა, საქციელი, შეგნება, ცხოვრების წესი არ მოვიდეს თანხვედრაში, ჩვენ არ უნდა გავხდეთ სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი“.

 

საია–ს იურისტი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ 17 მაისის  ძალადობრივ აქციაში მონაწილე ბრალდებულ სასულიერო პირებთან დაკავშირებით, პროკურატურას ნამდვილად ჰქონდა საფუძველი და შესაძლებლობა, არ მოეთხოვა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.

 

„მე მივესალმები იმას, თუ მოხდება სხვა საქმეების ამგვარი ობიექტური შეფასება და აღმკვეთის შეფარდების აუცილებლობა თუ არ არის, პროკურატურამ არ უნდა გამოიყენოს. მან უნდა გაითვალისწინოს საფრთხეები, ბრალდებულის პირადი მახასიათებლები. თუ პროკურატურა ობიექტურად შეაფასებს და გამოიყენებს ამ უფლებას, ნორმალურად მიმაჩნია“, – ამბობს გაგი მოსიაშვილი.

 

თუმცა, ის მრავალწლიანი იურიდიული პრაქტიკიდან ვერ იხსენებს პროკურატურის მხრიდან გამოვლენილ მსგავს ჰუმანურობას.

 

„ჩემი ადვოკატობის პერიოდში არ მახსენდება შემთხვევა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინოს პროკურატურას რომელიმე ბრალდებული პირი, თუმცა, ეს მათი უფლებაა“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ გაგი მოსიაშვილმა.

 

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია სასულიერო პირებთან ერთად ათასობით მოქალაქემ დაარბია. არეულობის დაწყებამდე „ნეტგაზეთმა“ ჩაიწერა ერთ–ერთი სასულიერო პირისა და შს მინისტრის საუბარი. ვიდეოში ისმის სასულიერო პირის მუქარა, რომ თუ პოლიცია ვინმეს დაიჭერს, ხელისუფლება „იმაზე უარესს მიიღებს, რაც თავის დროზე სხვებმა მიიღეს“.

 

გარდა ამისა, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ ფოტო–ვიდეომასალებში შესაძლებელია იმ ათეულობით პირის იდენტიფიცირება, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, მოქალაქეებს და დალეწეს ავტომობილები.

 

კითხვაზე, პროკურატურის ლმობიერება 17 მაისის კონტრაქციის მონაწილეებისა და კონკრეტულად ბრალდებული სასულიერო პირების მიმართ, სასულიერო პირების მუქარის შედეგი ხომ არ არის, იურისტი ოთო კახიძე პასუხობს:

 

„შესაძლოა, ხელისუფლება წამოეგო სასულიერო პირების მუქარას, არ ვიცი. “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი და დეპუტატთა ნაწილი ჰომოფობიურ რიტორიკას იყენებდა წინასაარჩევნოდ და ზოგადად, ქართული ოცნების მანდატით ქსენოფობთა არმიაა პარლამენტში შესული და შესაძლოა, ანგარიში გაუწია ხელისუფლებამ ამომრჩეველსაც, თანაგუნდელებსაც, მეტი თავშეკავება გამოიჩინა და არ დაუპირისპირდა მათ. ანუ, ეს მხოლოდ ეკლესიის შანტაჟი და მუქარა არაა, „ტაბურეტკიან მამაოებს“ „ქართულ ოცნებაში“ თანამოაზრეებიც ბევრი ყავთ“.

 

სასულიერო პირების მიმართ ბრალის წაყენებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გააკეთა.

 

“იმედი მაქვს, როცა სასულიერო პირებს ეხებათ საქმე, გამოძიება იქნება სამართლიანი და გადაწვეტილებას ობიექტურად მიიღებს, რადგან სასულიერო პირებს იმ სიმკაცრით ვერ მიუდგები, როგორც იმ პირებს, რომლებიც რამდენჯერმე არიან ნასამართლევი”, – აღნიშნა კანონმდებელმა.

 

საქართველს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

 

„განცხადებები მნიშვნელოვანია, მას აქვს ერთგვარი პრევენციული ხასიათი, თუმცა, თუ მას არ მოყვა შესაბამისი, რეალური ნაბიჯები, პასუხისგებაში პირების მიცემა და  სანქციების ამოქმედება, მაშინ ყოოველი მომდევნო ამგვარი განცხადება ყოველ დატვირთვას იქნება მოკლებული“, – ასე აფასებს იურისტი ოთო კახიძე მთავრობის მეთაურის განცხადებებს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.

 

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი გუშინ, 23 მაისს, დილით, წაუყენეს, სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სამართალდამცავებმა იმავე მუხლით ბრალდება სასულიერო პირების გარდა, კიდევ 2 პირს წაუყენეს, რომლებიც პოლიციის ცნობით, ბრალს აღიარებენ.

 

სამართალდამცავებმა კიდევ 4 პირი დააკავეს, თუმცა, ადმინისტრაციული ჯარიმის, 100 ლარის დაკისრების შემდეგ მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი