ახალი ამბები

რა შეიცვალა ფარული მიყურადების სტატისტიკაში

20 მაისი, 2013 • 1297
რა შეიცვალა ფარული მიყურადების სტატისტიკაში

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენ პირს უსმენდნენ საქართველოში გასული წლების განმავლობაში ფარულად, ამ ეტაპზე არც შსს-ს, არც პროკურატურას და არც სასამართლოს გააჩნია. სამივე უწყებაში აცხადებენ, რომ სტატისტიკა საჭიროებს სისტემატიზაციას, რაც არც წინა ხელისუფლების დროს კეთდებოდა და არც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებულა, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა.

 

იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ობგაიძემ დღეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემები წარმოადგინა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, სადაც ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა ამ საკითხებზე. პროკურატურას, შსს-ს და სასამართლოს წინასწარ გაეგზავნათ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტიდან კონკრეტული შეკითხვები სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის თაობაზე, თუმცა სამივე უწყების წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ ეტაპისთვის ზუსტი მონაცემების მოძიება თავიანთ უწყებებში ვერ შეძლეს.

 

ობგაიძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წელს პროკურატურიდან მიიღო 5951 შუამდგომლობა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე და მათგან 5939 დაკმაყოფილდა. 2012 წელს სასამართლომ 7195 შუამდგომლობიდან 7187 დააკმაყოფილა.

 

ერთიანი სტატისტიკა არ აქვს მთავარ პროკურატურას. მთავარი პროკურორის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა საილუსტრაციოდ წარმოადგინა ცალკეული დეპარტამენტების სტატისტიკა. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორთა მიერ 2012 წლის პერიოდში სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის თემატიკაზე შეტანილი შუამდგომლობების იყო 1063 და სასამართლოს მიერ ყველა ეს შუამდგომლობა უპირობოდ  დაკმაყოფილდა.

 

შოთა რეხვიაშვილმა კიდევ ერთი დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა: შსს-ს გენერალურ ინსპექციაში კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორთა მიერ 2012 წლის პერიოდში შეტანილია 494 შუამდგომლობა 3 952 პირზე და ყველა ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია სასამართლოსგან. 

 

იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი პირის ფარული მოსმენა ხორციელდებოდა იგივე 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 7187 შუამდგომლობის საფუძველზე. მისი თქმით, ერთ შუამდგომლობაში რამდენიმე პირი შეიძლება იყოს მითითებული.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ამ მონაცემს თუ დავუმატებთ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებთანაც მოსმენას დაქვემდებარებული პირი ახორციელებდა სატელეფონო კომუნიკაციას, გაცილებით მასშტაბური იქნება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ფარულად უსმენდნენ:

 

“თუკი ერთი პირი წელიწადში სულ მცირე 10 ადამიანს მაინც დაუკავშირდა ტელეფონით, გამოდის, რომ გაცემული 7000-ზე მეტი ნებართვის საფუძველზე უსმენდნენ 70 ათასზე მეტ ადამიანს,” – აცხადებს ბარამიძე.

 

სასამართლოსა და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ფარულ მიყურადებაზე სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვების, ანუ პროკურატურის შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შემცირებულია, თუმცა საკმაოდ მაღალია პროკურორების შუამდგომლობების რაოდენობა, რომლითაც სასამართლოსგან ფარულ მოსმენებზე ნებართვებს ითხოვენ.

 

მაგალითად, მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ანუ ბოლო ექვს თვეში, სასამართლოში შეტანილი იქნა 632 შუამდგომლობა ფარულ მოსმენაზე, აქედან 83 საქმეზე (147 პირის მიმართ) არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები მოსამართლეების მხრიდან.

 

იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლის თქმით, 2013 წლის მანძილზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურიდან 1195 შუამდგომლობა მიიღო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე და აქედან 1064 დაკმაყოფილდა. ანუ თუკი წინა წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მხოლოდ 8 შუამდგომლობაზე ეთქვა პროკურატურას უარი, 2013 წლის განვლილ თვეებში უარის მაჩვენებელი 131-მდე გაიზარდა.

 

“ეს განპირობებულია სასამართლოში სტანდარტის ამაღლებით,” – აცხადებს გიორგი ობგაიძე.

 

შოთა რეხვიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმღვანელობის დანაყოფის მონაცემებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე 30 შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ. ისიც ირწმუნება, რომ აღნიშნული სტატისტიკა პროკურატურაში სტანდარტის ამაღლებითაა განპირობებული.

 

ობგაიძის თქმით, სასამართლო ხელმძღვანელობს პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული სტანდარტებით ფარულ მოსმენაზე ნებართვების გაცემის დროს. იგი ამ კუთხით ოთხ ძირითად სტანდარტს გამოყოფს” 1. იდენტიფიცირების სტანდარტი, როდესაც შესაძლებელი უნდა იყოს იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის მოსმენაც უნდა განხორციელდეს; 2. დანაშაულთან კავშირის სტანდარტი, როდესაც უნდა იყოს დასაბუთებული იმ პირის კონკრეტულ დანაშაულთან კავშირი, რომლის მიყურადებაც უნდა განხორციელდეს; 3. სარგებლობის სტანდარტი, როდესაც დასაბუთებული უნდა იყოს, რომ სწორედ კონკრეტული, ფარულ მიყურადებას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს, მაგალითად, იმ ტელეფონის ნომრით, რომლის მოსმენაც უნდა განხორციელდეს და 4. ვადის სტანდარტი, როდესაც უნდა იყოს დასაბუთებული გონივრული ვადა, როდესაც უნდა განხორციელდეს მოსმენა.

 

ობგაიძე განმარტავს, რომ ამ სტანდარტების შესრულება სავალდებულო ნორმა არაა მოსამართლეებისთვის და თითოეულ შემთხვევაში მოსამართლე ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.

 

ფარული მოსმენების შესახებ არანაირი სტატისტიკა არ წარმოუდგენია დღეს საპარლამენტო კომიტეტებისთვის შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას:

 

“ეს მონაცემები სისტემატიზირებული არ არის სამინისტროში, სხვადასხვა ქვედანაყოფშია გაბნეული და მათ შეგროვებას დრო ჭირდება,” – განაცხადა იზორიამ, რაზეც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მას მიუგო, რომ ამისთვის შსს-ს ახალ ხელმძღვანელობას 6 თვე ჰქონდა.

 

იზორიას განცხადებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ექვსი ორგანო ახორციელებს და, შესაბამისად, მოპოვებული მასალები გაბნეულია ამ ორგანოებში.

 

ყველაზე დიდი რაოდენობით ასეთი მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება. ლევან იზორიას განცხადებით, ამ მასალების დაცვა, შენახვასა და სისტემატიზაციაზე შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტია პასუხისმგებელი. აღნიშნული დეპარტამენტის გარდა, კიდევ სხვა პირებს, იგივე შს მინისტრის მოადგილეებს აქვთ თუ არა დაშვება ამ მასალებზე? – შესაბამის კითხვაზე ლევან იზორიას პასუხია, რომ შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლბრივი დევნა დაიწყო გელა ხვედელიძის მიმართ და ის თანამდებობიდან გადააყენეს.

 

იზორიას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებული მასალების საჯაროდ განადგურება ერთ კვირაში დაიწყება, თუმცა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკორეტებს, თუ რა გეგმა აქვს შსს-ს ამ პროცესის ჯეროვნად შესასრულებლად – როგორ მოხდება სამოქალაქო ჩართულობა ამ პროცესში, კონკრეტულად რა მასალები განადგურდება და ა.შ.

 

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით, რომელიც 1999 წელსაა მიღებული, გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც უნდა განადგურდეს ასეთი ტიპის მასალები:

 

“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.”


შსს-ში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, მსგავსი შეტყობინება გაგზავნეს თუ არა მთავარი პროკურორის ან იუსტიციის მინისტრის სახელზე, ასეთი ინფორმაცია არ აქვთ არც პროკურატურაში:


“მე რამდენადაც ვიცი, წლის მანძილზე 4-5 შეტყობინებაა მიღებული კუდი-დან მასალების განადგურებაზე”, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.


შესაბამისი მონაცემები ამ ეტაპზე არც იუსტიციის სამინისტროში აქვთ.


სამივე უწყებაში, ისე როგორც საპარლამენტო ოპოზიცია და პოზიცია, თანხდებიან იმაზე, რომ აუცილებელია ფარული მიყურადების კუთხით არსებული სისტემური პრობლების გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკის შესასცვლელად.


“ეს იყო კლასიკური პოლიციური სახელმწიფო, რომელიც უნდა გარდავქმნათ, პირველ რიგში, კანონმდებლობის შეცვლით,” – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე.


აღნიშნულ უწყებაში უკვე დაწყებულია შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტები აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად საკომიტეტო განხილვების ფარგლებში მუშაობას ისევ გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი