ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: მეუფე დიმიტრი ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდა და მის თამაშში შევიდა

7 სექტემბერი, 2017 • 4476
მიტროპოლიტი პეტრე: მეუფე დიმიტრი ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდა და მის თამაშში შევიდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავებმადე, ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას, ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდა, რომ გაჩუმებულიყო და მის თამაშში შევიდა. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

“აქ იყო პრობლემა, რომ კომპრომისზე წავიდა [მეუფე დიმიტრი] თავიდანვე, გერმანიაში, სანამ მამაოს ბრალს წაუყენებდნენ. მე მგონი, ჩხრეკაც არ იყო ჩატარებული, რომ [პროკურატურამ] უკვე წარმომადგენელი გააგზავნა ბერლინში, რომელიც დაელაპარაკა და დაითანხმა ფაქტობრივად მეუფე – ხელისუფლება უკან არ დაიხევდა, ამ სცენარზე დათანხმებულიყო და ხმა არ ამოეღო. ეს არის კომპრომისზე წასვლა და ქრისტიანობა არ არის კომპრომისი. ქრისტიანობა არის პირდაპირობა და სამართლიანობა,” – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, შევიდა თუ არა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ხელისუფლების თამაშში, მიტროპოლიტი პეტრე პასუხობს:

“დიახ. ჩემი ეჭვია ეს და არა მარტო ჩემი, თან ძალიან ლოგიკური, ბუნებრივია, იმიტომ, რომ სხვა პასუხი არ აქვს არანაირი დღემდე. სასამართლოს სხდომამდე მეუფეს და საერთოდ მის ეპარქიას საერთოდ არანაირი გამართლება არ აქვთ ქრისტიანული თვალსაზრისით და თუ ვინმე გაამართლებს, ბოდიშს მოვიხდი.”

გადაცემის დასაწყისში მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ მეუფე დიმიტრის ვერ აყვებოდა ჭორაობაში და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი უახლოესი პიროვნება, მარჯვენა ხელი და ოფიციალური წარმომადგენელი იყო ვიზიტებისას. პეტრე ცაავა კვლავ პატრიარქის მდივან-რეფერენტს აბრალებს ე.წ. ციანიდის საქმის სცენარის დადგმას, თუმცა სასამარრთომ შორენა თეთრუაშვილი უკვე ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან რეკომენდაცია სწორედ მიტროპოლიტმა პეტრემ გაუწია, რომელიც დათანხმდა ყოფილიყო დაცვის მხარე. პეტრე ცაავას თქმით, დიდი მოულოდნელობა იყო, როცა გერმანიიდან დაბრუნებულმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზი მამალაძე საკანში არ მოინახულა და მის ოჯახს არ დაუდგა გვერდში.

“ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ ამით ფაქტობრივად დაიწყო ლუსტრაცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ არ შემდგარა. როდესაც ჩამობრძანდა მეუფე დიმიტრი, მან არ მოინახულა მამაო – ამაზე პასუხი დღემდე არ მაქვს. ველოდებოდი, რომ ის ნახავდა ადვოკატებს, დაუქირავებდა თუ გაუწევდა რეკომენდაციას, ან ერთ სასულიერო პირს დეკანოზ გიორგი მამალძესთან ურთიერთობისათვის. მეგონა, ბოლომდე დაუდგებოდა გვერდში მას და მის ოჯახს…” – განაცხადა “რეაქციაში” ჩართვისას მიტროპოლიტმა პეტრემ.

5 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დეკანოზი გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს პროკურატურის მიმართ. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ასევე, განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის გასაჯაროების შემდეგ მუდმივად იყო მცდელობა შორენა თეთრუაშვილის შესახებ ისეთი წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას ყველაფერი შეუძლია და გადაწყვეტილების მიმღებიც სწორედ პატრიარქის მდივან-რეფერენტია. ამაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი პეტრე ცაავას წვლილსაც ხედავს.

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი