ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი: მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი

5 სექტემბერი, 2017 • 2768
მიტროპოლიტი დიმიტრი: მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ “ციანიდის საქმის” გასაჯაროების შემდეგ მუდმივად იყო მცდელობა, პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის შესახებ ისეთი წარმოდგენა შეექმნათ, რომ მას ყველაფერი შეუძლია და გადაწყვეტილების მიმღებიც სწორედ ისაა. ამაში ის ჭყონდიდის მეტროპოლიტის, პეტრე ცაავას წვლილსაც ხედავს:

“როდესაც მეუფე პეტრე წარდგა სასამართლოს წინაშე და არა მარტო სასამართლოზე, როდესაც ის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ შორენა თეთრუაშვილი არის მძლეთამძლე და ყველა გადაწყვეტილებას ის ღებულობს, ეს, მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. პირდაპირი მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამას მომავალი გვიჩვენებს, პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი”,- განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს, 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი