ახალი ამბები

ფაროსანას შემოსევა, განადგურებული მოსავალი და მთავრობა საერთაშორისო დახმარების იმედად

6 სექტემბერი, 2017 • 13499
ფაროსანას შემოსევა, განადგურებული მოსავალი და მთავრობა საერთაშორისო დახმარების იმედად

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, აზიური ფაროსანას მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების გაფართოების შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თამჯდომარემაც ისაუბრა. ოთარ დანელიამ არ გამორიცხა პროცესებში ავიაციის ჩართვის აუცილებლობაც.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაწყებული პრევენციული სამუშაოებისა, სურსათის უვნებლობის სააგენტო მავნებელთან ბრძოლის საკითხში ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ აკეთებს. როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია აცხადებს, მავნებლის პოპულაციის შემცირებაზე საუბარი ნაადრევია და  იმ რაოდენობამდე დაყვანას, რომ მიყენებული ზარალი უმნიშვნელო იყოს, 5-6 წელიწადი დასჭირდება.

[gray_box]რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო მავნებელთან საბრძოლველად[/gray_box]

დღე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურ მდივანს, ჯინგუენ შიას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე IPPC-ის დირექტორმა აღნიშნა, ორგანიზაცია დაეხმარება საქართველოს მავნებელთან ბრძოლაში.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და ფიტოსანიტარული საკარანტინო ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – აღნიშნა ჯინგუენ შიამ.

პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეხვედრა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურ დირექტორთან, მარტინ ვორდთანაც გამართა.

მარტინ ვორდმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამ მავნებელთან ბრძოლის დროს დაგროვილი გამოცდილება საერთაშორისო კომპლექსური კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით კი, საქართველოში გავრცელებული მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს.

„მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა, ვინაიდან, დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იმავე მდგომარეობაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორის, მარტინ ვორდის  თქმით, 2008 წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა შვეიცარიაშიც მწვავედ იდგა. მავნებლის გავრცელება საერთაშორისო პრობლემაა და მარტინ ვორდმა ქართული მხარის მიმართ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართულობით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში ახალი ბიოლოგიური აგენტის (მწერის) პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწყობს ხელს.

მავნებლთან ბრძოლის მასშტაბების გაზრდის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა პარლამენტის აგრარული კოიტეტის თავმჯდომარემაც. როგორც ოთარ დანელია აცხადებს, არ არის გმაორიცხული, პროცესში აუცილებელი გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვა. შესაძლოა, სახელმწიფომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციაც გმაოიყენოს:

“არ არის გამორიცხული, აუცილებელი გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ ტყეებში და დაცულ ტერიტორიებში, რათა გამოიზამთროს, და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. არ არის გამორიცხული, ასევე, საჭირო გახდეს ავიაციის ჩართვა” – თქვა ოთარ დანელიამ.აზიური ფაროსანა

დეპუტატის თქმით, ამ დროისთვის დამუშავებულია დაახლოებით 53 ათასი ჰექტარი ფართობის თხილის ნარგავები. მეორე ეტაპზე კი იგეგმება კიდევ 20 000 ჰექტრის დამუშავება, რის შემდგომად კიდევ 50 000 ჰექტარი ფართობი შეიწამლება.

“დაახლოებით 53 ათასი ჰექტარი გახლავთ მხოლოდ თხილის ფართობები შეწამლული. მეორე ეტაპზე 20 ათასი ჰექტარი იქნება უკვე დამუშავებული და დაემატება 50 ათასი ჰექტარი, ეს გახლავთ ზუგდიდი, სამტრედია, აბაშა, ხობი, მარტვილი, სენაკი, ლანჩხუთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რაიონები გახლავთ  გავრცელების არეალი, მიმდინარეობს ასევე სხვა რეგიონებში მონიტორინგი, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს” – ამბობს დანელია.

დეპუტატის თქმით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მავნებელი საქართველოში გალის რაიონიდან შემოვიდა. დანელიას თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ კუთხით რთული მდგომარეობაა:

“წინასწარი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მავნებელი შემოსულია გალის რაიონიდან, შესაბამისად, ასევე რთული მდგომარეობაა აფხაზეთის ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობის კუთხით, თუ ამის სურვილი იქნება, ბუნებრივია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამომავლოდ, მომავალი წლისთვის პრევენციული ღონისძიებების ნაწილში მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ, მათ უნდა გამოყონ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ის რესურსი, რაც აუცილებელი იქნება სწრაფი რეაგირებისთვის, რათა თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაბამისი რესურსი რეაგირების ნაწილში” – თქვა ოთარ დანელიამ.

პრობლემის მოგვარებაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) ეხმარება. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ასევე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების (ქიმიური წამლობა) გატარებასა და მონიტორინგს ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობამ 7.5 მილიონ ლარი გამოყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო ამერიკის მთავრობა დაახლოებით 8 მილიონი ლარით გვეხმარება.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მავნებლის პოპულაციის იქამდე შემცირებას, რომ ზარალი უმნიშვნელო იყოს, სულ მცირე 5-6 წელი დასჭირდება:

“ეს ერთწლიანი კამპანია არ არის. აშშ 16 წელია ებრძვის ამ მავნებელს. ჩვენ პირველი წელია ვებრძვით, მაგრამ იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა, ძალიან წინ ვართ და რამდენიმე წელში ეს პრობლემა აღარ იქნება. პოპულაცია ერთ წელში ვერ შემცირდება. ის უნდა შემცირდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით 5-6  წელი მოვუნდებით ამ მავნებლის იმ რიცხოვნობამდე დაყვანას, რომელიც არ წარმოადგენს ზიანს საქართველოს ეკონომიკისათვის” – ამბობს ლიპარტია.

[yellow_box]რა ზარალზეა საუბარი[/yellow_box]

საქართველოს და ამერიკის მთავრობები, ჯამში, 15 მილიონ ლარს დახარჯავენ. თუმცა, როდის აღმოიფხვრება სრულად მავნებელი მწერის პრობლემა, რომელმაც დასავლეთ საქართველოში თხილის სექტორს უკვე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა, ჯერჯერობით უცნობია.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მავნებელს გააჩნია სწრაფი პოპულაცია, რის შედეგადაც 2016 წელს გავრცელდა და მავნებელმა მეთხილეობის დარგს 50–60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

2017 წელს ზარალის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, ვარაუდობენ, რომ წელს თხილის მოსავალი, უხეში გათვლით, 20-30 პროცენტით შემცირდეს:

“ჯერ ახლა მოხდა თხილის მოსავლის აღება, უნდა მოხდეს თხილის მოსავლის ჩაბარება, გადამუშვება და, შესაბამისად, გადამამუშვებელი ინდუსტრიიდან ჩვენ ვიღებთ ზუსტ რიცხვებს, რათა ვნახოთ, რამდენია ამ შემთხვევაში ზარალი. წინასწარი შეფასებით, უხეშად შეიძლება ვთქვათ, რომ 20-30 პროცენტით ნაკლები შეიძლება იყოს წლევანდელი მოსავალი” – ამბობს დავითაშვილი.

თხილის ექპორტის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თხილი საქართველოს საექსპორტო ათეულში შედის. საქსტატის ინფორმაციითვე, 2015 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 176.6 მილიონი დოლარი შეადგინა.   2016 წელს თხილიდან მიღებული შემოსავალი 179.5 მილიონ დოლარი იყო.

ამჟამად სამეგრელოში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება. შედარებით ნორმალური თხილი 3,5 ლარად იყიდება. დაუზიანებელ თხილს ფერმერები  4 ლარად და 20 თეთრად აბარებენ. ძირითადი ნაწილი, ანუ დაზიანებული თხილი ერთ  ლარად,  ან ერთ ლარზე ნაკლებად იყიდება.

თხილი ქვეყნის მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია. 2016 წელს თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 8.5% შეადგინა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8.% იყო. 2014 წელს თხილის წილი მთლიან ექსპორტში 6.4%-ს, 2013 წელს კი 5.7%-ს შეადგენდა.

რა გამოწვევების წინაშე დგას თხილის სექტორი საქართველოში, ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

[blue_box]სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები ფერმერებს[/blue_box]

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ შენიშნავენ მავნებელ მწერს, ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით მიაწოდონ. ცხელი ხაზის ნომერია:

სამეგრელოში – 16 600; გურიაში- 16006;  იმერეთიში- 16 601.

ამის პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებსაც ავრცელებს. გამომდინარე იქიდან, რომ მწერი გამოსაზამთრებლად თავს სახლებში აფარებს, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მწერები შეაგროვოს და  მექანიკურად გაანადგუროს.

აზიური ფაროსანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში

აზიური ფაროსანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში

“მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გარდა ამისა, სააგენტო ინფორმაციას იმ პრეპარატებზეც ავრცელებს, რომლებიც ეფექტურია მავნებელთან საბრძოლველად:

“მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები – ტალსტარი, ინსეკარი.  პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 – 1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ივნისის ბოლოს” – ნათქვამია განცხადებაში.

  • პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები – სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ  ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი