მთავრობა თხილის მოყვანის სუბსიდირების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ დღეს, 31 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჯერ აზიური ფაროსანას ნეგატიური ეფექტი კვლავაა წარმოდგენილი. წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი გაუარესდა და მოთხოვნა და ფასი შემცირებულია მსოფლიოში მიმდინარე კრიზისიდან გამომდინარე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა „დაახლოებით 20 მილიონი ლარი“.
თხილი ძირითადად დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთის რეგიონებშია გავრცელებული. თხილის ბაღები გაშენებულია კახეთშიც, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.