თხილის ბიზნესი: მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს, თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განადგურებულია. შარშან ზარალმა 50-60 მილიონი ლარი შეადგინა.

 

ზარალის ოდენობა

2017 წელს ზარალის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში წელს თხილის მოსავლის დაახლოებით 20-40% განადგურდა.

გაცილებით დიდ ზარალზე საუბრობს კომპანია “აგრო სახლის” ხელმძღვანელი მაია მიქავა და ამბობს, რომ შესაძლოა მოსავალს გარეგნულად დაზიანება არ ეტყობოდეს, მაგრამ ნაყოფს შიგნით გული არ აქვს და, შესაბამისად, როცა ფერმერი დაზიანებულ მოსავალს აბარებს, მოგება ძალიან დაბალია:

“დღევანდელი მდგომარეობით, ზღვისპირა ზონის მოსავალი ფაქტობრივად განადგურებულია და მთიანი ზოლის რაღაც ნაწილი.  ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელი მოსავლის 70%  განადგურებულია. ანუ მოსავალი აღარ არის”.

ჩხოროწყუში მცხოვრები მარიამ ბებიას თქმით, წელს მისი მოსავლის 15-20% გაანადგურა. მარიამ ბებიებიას ოჯახს თხილი ერთ ჰექტარზე ნაკლებ ტერიტორიაზე აქვს გაშენებული.

გაცილებით დიდი ზარალი მიადგა აბაშაში  მცხოვრებ რომან ბაღუას. “ნეტგაზეთთან” საუბარში ფერმერი ამბობს, რომ მისი მოსავლის 70% განადგურებულია. თხილი ბაღუების ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა:

“მოსავლის დაახლოებით 70% დაზიანებულია. შეიძლება- უფრო მეტიც”.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თხილი საქართველოს საექსპორტო ათეულში შედის. საქსტატისვე ინფორმაციით, 2015 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 176.6 მილიონი დოლარი შეადგინა.   2016 წელს თხილიდან მიღებული შემოსავალი 179.5 მილიონ დოლარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს წინა წელთან შედარებით ზრდა შეინიშნება, 2016 წლის მოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მწერმა აზიურმა ფაროსანამ მიაყენა.

სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, ზარალმა 50-60 მილიონი ლარი  შეადგინა.

კითხვაზე, რა ოდენობის ზარალი მიიღეს ფერმერებმა 2017 წელს,  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია  გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია. მისი ინფორმაციით, ე.წ ზედა ზონებში, რომლებიც მარტვილსა და წალენჯიხას მოიცავს,  მოსავალი დაზიანებული არ არის.

აზიური ფაროსანა თუ სოკოვანი დაავადებები? – ზიანის მიზეზები

“ჩემი მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დააზიანა. ფაროსანას ვაბრალებ,”- აცხადებს აბაშაში მცხოვრები რომან ბაღუა. ფერმერის თქმით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებზე არაფერი სმენია და სახელმწიფომ მხოლოდ ერთხელ შეწამლა ნარგავები:

“უბრალოდ, თქვენს ჩამოვივლით და მოვწამლავთო და ჩამოიარეს და მოწამლეს. ვერ ვიტყვი, საკმარისი იყო თუ არა. არც მათ გავლანძღავ და არც საკუთარ თავს. ტყუილის თქმა გამომივა. წელს მოსავალი არ იყო”.

ბაღუას მსგავსად ბევრი ფერმერი ფიქრობს, რომ თხილის მოსავლის განადგურების მიზეზი აზიური ფაროსანაა.

აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და მას ქვეყანა დღემდე ამაოდ ებრძვის.

თუმცა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე  ამბობს, რომ ამ ეტაპზე აზიურ ფაროსანაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სოკოვანი დაავადებებია, რომელიც მცენარეს უჩნდება და ალპობს:

“ორი პრობლემაა, ერთი არის ფაროსანა და მეორე- სოკოვანი დაავადებები, რაც ფართოდ  არის გავრცელებული. ის პრობლემა, რაც ახლა ფერმერებს უდგათ, სიდამპლე, ეს სოკოვანი დაავადებებით არის გამოწვეული. ფაროსანა ნაყოფის ლპობას არ იწვევს. ამდენად, ყველაფერს ფაროსანას ნუ დავაბრალებთ. სახელმწიფომ ფაროსანასთან ბრძოლა თავის თავზე აიღო, რადგან ეს არის ახალი მავნებელი, რომელიც მანამდე საქართველოში არ ყოფილა. ბუნებრივია, მასთან ბრძოლის მეთოდები ფერმერებს არ გააჩნიათ, ამიტომ ხელისუფლებამ მოიწვია აშშ-დან მეცნიერები და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. აშშ-ს ამ მავნებელთან ბრძოლის ყველაზე მდიდარი გამოცდილბა აქვს. მაგრამ ის პრობლემა რაც არის სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებით, ამაზეც მიმდინარეობს შესწავლა. აღმოჩენილია 4-5 სახეობის სხვადასხვა სოკოვანი დაავადება და მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევა. ამ პროცესს  დრო სჭირდება. სოკოვანი დაავადებების დროს საჭიროა ფერმერებს მიეთითოთ, ზუსტად რა პრეპარატი გამოიყენონ. ამიტომ 2018 წლისთვის მომზადებულები თუ ვიქნებით, კარგი იქნება”,-აცხადებს  ალექსანდრე მოწერელია.

იმავეს ფიქრობს მაია მიქავა. მისი თქმით, მოსავლის განადგურებაში “რაღაც წვლილი აზიურ ფაროსანას ნამდვილად აქვს, მაგრამ არც იმდენად დიდი, რომ მთლიანად მას დავაბრალოთ”:

“მოსავლის განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაავადებებია, რაც ამ წელს გავრცელდა და რომელსაც, შეიძლება ითქვას,  ეპიდემიური სახე ჰქონდა, ვინაიდან ფერმერებმა არასათანადოდ  მოუარეს პლანტაციებს,  არ ჩაატარეს სწორი და კომპლექსური აგროღონისძიებები თავიანთ პლანტაციებში. მოსავლის განადგურებაში რაღაც წვლილი აზიურ ფაროსანას ნამდვილად აქვს, მაგრამ არც იმდენად დიდი, რომ მთლიანად მას დავაბრალოთ”,  -აცხადებს მაია მიქავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია  მოსავლის განადგურებას  არასათანადოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებს:

“ერთი საკითხია აზიური ფაროსანა, რომელიც არის მავნებელი და 300 სახეობის მცენარეს აზიანებს, და მეორეა თხილის მოვლის საკითხი. ამას ყველა ფერმერი ახოციელებს და რომელიც გულისხმობს არა მარტო მავნებლებისგან, არამედ დაავადებებისგან დაცვას.  ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე,  რომ ფერმერების უმეტესობამ არ განახორციელა ტექნოლოგიური სქემით დაგეგმილი შესასრულებელი სამუშაობები სოკოვან დაავადებებზე. თურქი სპეციალისტების ინფორმაციით, განვითარდა დაახლოებით ჩვიდმეტი სახეობის სოკო და ამან სოკოვანი დაავადებების მასობრივი გავრცელება გამოიწვია. სადაც არ ჩატარდა დროულად ასეთი ღონისძიებები, მოსავალი 100%-ით განადგურდა. იქ, სადაც ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები, მოსავალი ძალიან კარგია,”  -ამბობს ზურაბ ლიპარტია.

თუმცა სოკოვანი დაავადებების შესახებ სამეგრელოში ფერმერების უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს: “არც ცოდნა მქონდა და თან, გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოწამლავდა.  ამ ერთი მოწამვლიდან არაფერი გამოვიდა და ახლა დავრჩი ასე” – უთხრა “ნეტგაზეთს”  რომან ბაღუამ.

ფაროსანას არ უკავშირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათის მცხოვრები ჯემალ ჩახაია, თუმცა ამბობს, რომ მოსავლის მხოლოდ 20% გადარჩა:

“თხილი დამიზიანდა, მაგრამ სხვებთან შედარებით უკეთესი შედეგი მაქვს. სასურველი შედეგი არ არის, თუმცა შედეგი ნამდვილად არის. ზუსტად რთულია თქმა, რამ დააზიანა. ამაზე მეცნიერები დავობენ, ამერიკელი მეცნიერიც იყო ჩამოსული. ზუსტად ვერ გეტყვით: ნაწილობრივ ფაროსანა, ნაწილობრივ -სოკო. ჩემი აზრით, უფრო მეტად სოკოვანმა  დაავადებამ გამოიწვია. მოსავალის მხოლოდ 20% იქნება ნორმალური. ანუ სხვებს რომ ფატალური შედეგი აქვთ და საერთოდ ვერ მიიღეს  მოსავალი, მე მასე არ ვარ.

აგრონომი ვარ და როცა გასულ წელს გარკვეული არგუმენტები გამიჩნდა და დავინახე, რომ მოსავალს მხოლოდ ფაროსანა არ ანადგურებდა, ვთხოვე სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სხვებს, რომ გამოეკვლიათ ლაბორატორიაში, ეს სოკო იყო თუ სხვა რამე. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ენგურის პირას არსებულ სოფლებში, რომლებიც თხილის წარმოების ძირითად სოფლებად ითვლება, შედეგი  ფატალურია. ზუსტ პროცენტს, მოსავლის რა ნაწილი დაზიანდა, ვერ ვიტყვი. მაგალითად, წალენჯიხის ნაწილში მოსავალი კარგია, ჩხოროწყუშიც იგივე სიტუაციაა,”-აცხადებს ჯემალ ჩახაია.

ამჟამად სამეგრელოში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება. შედარებით ნორმალური თხილი 3,5 ლარად იყიდება. დაუზიანებელ თხილს ფერმერები  4 ლარად და 20 თეთრად აბარებენ. ძირითადი ნაწილი, ანუ დაზიანებული თხილი ერთ  ლარად,  ან ერთ ლარზე ნაკლებად იყიდება.

თხილი ქვეყნის მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია. 2016 წელს თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 8.5% შეადგინა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8.% იყო. 2014 წელს თხილის წილი მთლიან ექსპორტში 6.4%-ს, 2013 წელს კი 5.7%-ს შეადგენდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარიამ ვარადაშვილი