ახალი ამბები

მუშების საპროტესტო აქცია ქუთაისში

7 მაისი, 2013 • • 950
მუშების საპროტესტო აქცია ქუთაისში

დღეს, 7 მაისს ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ დათხოვილმა ოთხასამდე მუშამ ქარხნის წინ აქცია გამართა. ისინი  კომპენსაციის სახით 6 თვის ხელფასის გადახდას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

” საშინელ პირობებში გვიწევს მუშაობა. 288 ლარს მიხდიდნენ. მიზეზებს ეძებდნენ რომ გავეთავისუფლებინეთ,” -ამბობს ბესიკ გრძელიძე. 

კიდე ერთი მუშა, გიორგი გუმბერიძე აცხადებს, რომ ისინი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხიელბის გარეშე გაათავისუფლეს:

“მოხდა გათავისუფლება 30 აპრილს,ყოველგვარი მიზეზის გარეშე. კონტრაქტი არ დამთავრებულა, დარჩენილი იყო ერთი თვე. რატომ გაგვათავისუფლეს არ გვისაბუთებენ და გვეუბნებიან, რომ დაბრუნდებითო. “

დღესვე აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე, პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენლები და ქუთაისის საკრებულოს წევრი, მამუკა მღვდელაძე შეხვდნენ. 
ნიშნიანიძის თქმით, მუშების მოთხოვნა სამართლიანია:

“უკანონობა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც ხელსეკრულებაც კი არ მისცეს ამ ხალხს. არცერთ მუშას, რომელიც გათავისუფლებულია შრომითი ხელსეკრულება ხელზე არ აქვს. მე მაინც ამ გათავისუფლებას შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ვუკავშირებ, ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ახალი კოდექსი. კანონამ ადამიანების მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულებების გადახედვას. არ გამოვრიცხავ  მათ ხელშეკრულებებში მახინჯი მუხლები იყოს ჩადებული. “

“ფრეშ ჯორჯიას” ქართული წარმომადგენლობის დირექტორი, მიხეილ თიგიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მუშებს 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღადგენენ:

“მე ერთი კვირის წინ მქონდა ამ ხალხთან შეხვედრა და ავუხსენი, რომ ესენი მიდიოდნენ დროებით შვებულებაში და 6 თვის მანძილზე ისევ გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა წარმოებაში ეტაპობრივად. დღეს ჩვენ მათ შევხვდით, დაველაპარაკეთ, გავუკეთეთ სპეციალური საბუთები და ეს იქნება გარანტია, რომ ისინი დაბრუნდებიან. მე ვარ გარანტი, რომ  სამსახურში დაბრუნდებიან. ეს პროცესი 6 თვის მანძილზე, ეტაპობრივად განხორციელდება. ისინი ძველ სამუშაო ადგილებს ვერ დაუბრუნდებიან, თუმცა  იმ ახალ ობიექტებში დასაქმდებიან, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. “

როგორც ქარხანის ყოფილი თანამშრომელი ნანაული ჯუღელი ამბობს, ადმინსიტრაცია მის შრომით ექსპლუატაციას ახდენდა:

“ხელფასს არავინ გვიხდიდა. მიყვავდით იქედან ჩამოყვანილი არაბების სახლებში და მივყავდით ბინების დასალაგებლად დამლაგებელი სახლები. ოთხ სართულიანი სახლი იყიდეს ქალაქში და იქ ვიყავით 8 ქალი, ანაზღაურების გარეშე. “

თიგიშვილი აღნიშნულ ბრალდებას სსისულელეს უწოდებს:
 “სისულელეა, ძალიან გთხოვთ, ესეთ კიტხვებს მე არ გავცემ პასუხს, ეს არის სისულელე სისულელეა. ეს არის ექსპლუატაცია ადამიანის, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის.” 

ადმინისტრაციის დაპირების არ სჯერათ მუშებს. მათი განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ადრეც იყო, თუმცა სამსახურში არავინ აღუდგენიათ. 

“თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოტხოვნები მივმართავთ სხვა ღონისძიებებს, სხვა ფორმებს,”- განაცხადა ლევან აბდალაძემ.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი