ახალი ამბები

“სომხეთის გენოციდის აღიარების საკითხი საქართველოს პარლამენტში არასოდეს დაისმება”

17 აპრილი, 2013 • 2000
“სომხეთის გენოციდის აღიარების საკითხი საქართველოს პარლამენტში არასოდეს დაისმება”

საპარლამენტო უმრავლესობის და რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძნიშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთს საქართველოსთან სასაყვედურო არაფერი აქვს:

 

“საქართველოს, ქართველ ხალხს, ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის მხრიდან და  სომეხი ხალხის მხრიდან საყვედური არ ეთქმის. მაშინაც, როცა ხდებოდა ეს მოვლეენები, ვიქცეოდით ისე როგორც შეეფერება ღირსეულ მეზობელს, ღირსეულ ხალხს. შევიფარეთ ისინი და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. ამაზე მეტის მოთხოვნა პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის სამართლიანი”.

 

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სომხეთის გენოციდის აღიარება პოლიტიკურად წარმოუდგენელია:

 

“ბუნებრივია, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. მე არ ვიცნობ საქართველოს სიტუაციაში არც ერთ პარტიას, არც ერთ ხელმძღვანელ ამხანაგს, რომელიც ოდესმე ამას გააკეთებს. ეს არის წარმოუდგენელი პოლიტიკურად… მართალი გითხრათ, რომ კარგი იქნება თუ ჩვენი მეზობელი ხალხი მომავლისკენ გაიხედავს. იმიტომ, რომ წარსულში ვინ შექმნა ქართული ანბანი, ვინ ვის დაეხმარა და სხვა ამ საკითხების მსგავსად არ უნდა ჩავიციკლოთ წარსულში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველაფერს, რაც მოხდა, ჩვენ ვიზიარებთ მეზობელი ხალხის ტკივილს და 24 აპრილი ჩემთვისაც ისეთივე მტკივნეული დღეა, როგორც ნებისმიერი სომეხისთვის, მაგრამ გენოციდის აღიარების საკითხი საქართველოს პარლამენტში არ დაისმება არც ახლა და არც არასოდეს, ასეთია ჩემი აზრი. არაფერი არ მიმაჩნია საწყენად, მაგრამ არ არის გულწრფელი ეს მოთხოვნა, ვინაიდან შეუძლებელია მისი შესრულება”.

 

ბერძენიშვილის თქმით, არ არის გასაკვირი რომ გენოციდის აღიარებას არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რადგან სომხეთს ასეთი რამ არასოდეს მოუთხოვია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სომხეთის პარლამენტს, ქართველების ეთნოწმენდის და გენოციდის აღიარების მოთხოვნით:

 

“ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ვიდეო მასალა არსებობს, ეუთოს და გაეროს ასამბლეას აქვს რეზოლუცია მიღებული, ნატოს აქვს მიღებული და ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და ასე შემდეგ, ეს არის ცოცხალი ფაქტი, რომელიც ყველამ ვიცით.”

 

მალაშხია მიიჩნევს, რომ სომხეთმა და თურქეთმა ეს საკითხი დიალოგის ხარჯზე უნდა გაარკვიონ:

 

“მე ვყოფილვარ კონფერენციაზე, სადაც თურქულმა მხარემ უთხრა სომხურს, რომ მოდი ეს შემთხვევა ისტორიულ კონტექსტში, ისტორიკოსები თურქეთის მხრიდან  მზად არიან დისკუსიისთვის. ისინი არიან მეზობლები, ევროპისკენ და ნატოსკენ მიისწრაფიან, ამიტომ ეს საკითხები ტვითონ გაარკვიონ. არ არის მათ შორის ის წინააღმდეგობები, რომელიც არის ჩვენსა და რუსეთს შორის. კიდევ ერთი ფაქტი, უმჯობესი იქნება, რომ  გაეროს რეზოლუციების დროს, როდესაც ეთნოწმენდის საკითხი დგება და დემოგრაფიული ექსპანსიის საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ სომხეთი არ იყოს იმ 11 ქვეყანას შორის, რომელიც წინააღმდეგია და იყოს იმ 50 ქვეყანას შორის, რომელიც ეთნოწმენდას აღიარებს.”

 

მალაშხიას თქმით, ამჟამად საქართველოს საკმარისი წონა არ აქვს ამ საკითხის დასამტკიცებლად:

 

“ჩვენ ჩვენი უამრავი პრობლემა გვაქვს, ნახევარი მილიონი დევნილი და ასე შემდეგ და თუ ჩვენ გვექნება ამხელა წონა და ამხელა გავლენა რეგიონში, რომ რაღაცა  1915 წლის საკითხებზე ვიმსჯელოთ და თუ მე ამ დროისთვის ცოცხალი ვიქნები და თქვენც ამ სტატუსით იქნებით, მობრძანდით და გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.”

 

შეგახსენებთ, რომ “ერეკლე მეორის საზოგადოება” და თბილისის სომეხთა ასამბლეა საქართველოს მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი