ახალი ამბები

“ეს არის სპეკულაციური შეკითხვა”, – თურქეთის ელჩი მუსტაფა ჩაბუქის შესაძლო არგადაცემის შედეგებზე

14 ივლისი, 2017 • 2901
“ეს არის სპეკულაციური შეკითხვა”, – თურქეთის ელჩი მუსტაფა ჩაბუქის შესაძლო არგადაცემის შედეგებზე

“ეს ადამიანი რომ არ გადაეცეს [თურქეთს], რა მოხდება, რა მოჰყვება ამას, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა და ჩემი მხრიდან მასზე პასუხის გაცემა არ იქნება მართებული”, – ასე უპასუხა თურქეთის ელჩმა საქართველოში ნეტგაზეთის შეკითხვას: თუ საქართველო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციაზე უარს იტყვის, რა გავლენას იქონიებს ეს თბილისისა და ანკარას ურთიერთობებზე.

“მაშინ, როდესაც სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა მართებული არ არის”, – თქვა ელჩმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ აშშ-მა ფეტულა გიულენის ექსტრადიციაზე უარი თქვა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, აშშ-ში შესაბამისი სამართლებრივი პროცესი გრძელდება.

ელჩის თქმით, მას არ სურს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის სამართლებრივ დეტალებზე საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ  არც ერთ ადამიანს არ უნდა შეეშინდეს თურქეთში სასასამართლოს წინაშე წარდგომის. ელჩი თურქეთის სასამართლო სისტემას მაღალ შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისაგან.

“ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ არის უდანაშაულო, თამამად შეუძლია წარდგეს და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩაბუქი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს დღეს სტატუსზე უარი უთხრეს.

გასულ თვეს თბილისში უკვე გაიმართა აქცია ჩაბუქისა და მისი ოჯახისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი