ახალი ამბები

მღებრიშვილი: არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ბაწარგამობმული ატაროს

9 ივლისი, 2017 • 5431
მღებრიშვილი: არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს და ბაწარგამობმული ატაროს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ბირჟა მაფიის” წევრი რეპერების დაკავებაზეც საუბრობს. შს მინისტრი გამორიცხავს, რომ რეპერების დაკავება მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდებოდეს, სადაც პოლიციელია გაშარჟებული:

“მე ნამდვილად არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. მე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით იმასაც, რომ მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს და არ შეიძლება, რომ შური იძიოს ვინმემ და, მით უმეტეს, ამ ფორმით და, მით უმეტეს, პოლიციელმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ და მხოლოდ მათი დაკავების შემდგომ. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ამ კლიპმა ჩემზე, ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ესაა მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა. უბრალოდ, სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე” – ამბობს მინისტრი.

მღებრიშვილის თქმით, პოლიცია 24- საათიან რეჟიმში მუშაობს და ზოგჯერ შეცდომებსაც აქვს ადგილი, თუმცა არავის აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს:

“ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, 24 საათი ვმუშაობთ და, შესაბამისად, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება იმის, რომ პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, პირდაპირ გეუბნებით, მე სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი და იმ ქვეყანაში, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს” – ამბობს მინისტრი.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, პოლიციელები, რომლებმაც რეპერები დააკავეს, შსს-ში მუშაობას აგრძელებენ და გააგრძელებენ მანამ, სანამ გმაოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი:

“ეს პოლიციელები მუშობენ და როგორ ფიქრობთ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მარტო კრიმინალებს ეხებათ და პოლიციელებს არა? მე დაველოდები, გამოიკვეთება თუ არა მათი ბრალეულობა” – ამბობს გიორიგ მღებრიშვილი.

ბირჟა მაფიის ორი წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ,  იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.

12 ივნისს “ბირჟა მაფიის” წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეპერები, მიშა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გათავისუფლებას პროკურატურაც მხარს უჭერდა.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა “ფეისბუკზე” სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი