ახალი ამბები

რეპერი: დაკავების შემდეგ პოლიციელები მეკითხებოდნენ, ვიყავი თუ არა კლიპის ავტორი

9 ივნისი, 2017 • 17746
რეპერი: დაკავების შემდეგ პოლიციელები მეკითხებოდნენ, ვიყავი თუ არა კლიპის ავტორი

დაკავებულმა რეპერმა, მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე აღწერა თავისი დაკავების პროცესი და განაცხადა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება დაკავებისას “ჩაუდეს”.

მგალობლიშვილი ამბობს, რომ დაკავების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო დეტექტივმა მას ჩაარტყა. მისი თქმით, დაკავებისას არ გააცნეს თავისი უფლებები. თუმცა იმასაც ამბობს, რომ პოლიციელების დიდი ნაწილი კარგად ექცეოდა.

მგალობლიშვილის თქმით, პოლიიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ პოლიციელები პირდაპირ ეკითხეობდნენ, იყო თუ არა იგი ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

“მითხრეს, რომ შენ რაც ჩაიდინე, ამას შეეფარდება… და რაღაც ტერმინი მითხრეს, და შენ დაგეკისრება მაქსიმუმ 200-ლარიანი ჯარიმა და მეტი არაფერი, მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანე იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, ამიტომ შენ გექცევით ასეო. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ “ვისაც არ უყვარს პოლიციელები” და ა.შ.

მითხრეს, რომ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლო გამოძიებასთან და თქვი, რომ შენ იპოვე ეს და გინდოდა პირადი მოხმარებისთვისო.

შემდეგ დამაბრუნეს იმ კაბინეტში, სადაც მაგინეს და იქ მეუბნებოდნენ, რომ  შენ გააკეთე ესო? კლიპზე იყო საუბარი; პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობს მგალობლიშვილი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრები, Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს- ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს.

პროექტ “ბირჟა მაფიის” ბოლო ვიდეოკლიპია “TSL შავი ზედა”. ერთ-ერთი დაკავებულის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი