ახალი ამბები

ერეკლე დეისაძე: სახეზეა აშკარა ცენზურის ნიშნები

9 ივნისი, 2017 • 2944
ერეკლე დეისაძე: სახეზეა აშკარა ცენზურის ნიშნები

“გარდა იმისა, რომ არაადამიანური ნარკოპოლიტიკაა, სახეზეა აშკარა ცენზურის ნიშნებიც”, – ამბობს არტისტი ერეკლე დეისაძე პროექტ “ბირჟა მაფიის” რეპერების დაკავების საქმეზე.

ოფიციალური ვერსიით, რეპერებს ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებული რეპერის ცოლი კი აცხადებს, რომ “ბირჟა მაფიის” წევრები ვიდეოკლიპის გამო დაიჭირეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.

“ეს არის საშიში სიგნალი, ეს საზოგადოებამ არ უნდა გაატაროს”, – ამბობს ერეკლე დეისაძე.

“გარდა იმისა, რომ ნარკოპოლიტიკაა არასწორი, ამას სახელმწიფო იყენებს როგორც ბერკეტს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც არ მოსწონს. ეს ბერკეტი მათ ხელში არ უნდა ჰქონდეთ. გარდა იმისა, რომ არაადამიანური ნარკოპოლიტკაა, აშკარაა ცენზურის ნიშნებიც. სახელმწიფოს რა ესაქმება გამოხატვის თავსიუფლებაში და ხელოვანის ცხოვრებაში? დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საზოგადოების მხრიდან პასუხგაუცემელი არ დარჩება”, – ამბობს დეისაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრები, Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი)  და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს- ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს.

პროექტ “ბირჟა მაფიის” ბოლო ვიდეოკლიპია “TSL შავი ზედა”. ერთ-ერთი დაკავებულის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

კლიპის თავდაპირველ ვერსიაში პოლიციელი ჩანდა.

ბირჟა მაფია

თუმცა ამჟამად ეს მონაკვეთი დაბლარულია.

Screen Shot 2017-06-09 at 12.20.23 PM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი