ახალი ამბები

ბირჟა მაფიის წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

12 ივნისი, 2017 •
ბირჟა მაფიის წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბირჟა მაფიის წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 12 ივნისს მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა “Birja Mafia”-ს წევრი მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გირაოს თანხა 50 000 ლარია.

მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. დაცვის მხარემ გირაოს თანხა 50 000 ლარი მოითხოვა. გირაოს ამ ოდენობას დაეთანხმა პროკურორიც. პროკურატურამ ასევე მოითხოვა მგალობლიშვილისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ჯერჯერობით წინასწარ პატიმრობაში რჩება “ბირჟა მაფიის” მეორე წევრი გიორგი ქებურია, რომლის სასამართლო დღეს,  15 საათზეა დანიშნული.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა “ფეისბუკზე” სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ,  იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.

შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი