ახალი ამბები

NGO-ები მიმართავენ პარლამენტარებს, 7 ქალაქის გაერთიანებაზე დადგენილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრონ

7 ივლისი, 2017 • 1736
NGO-ები მიმართავენ პარლამენტარებს, 7 ქალაქის გაერთიანებაზე დადგენილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრონ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტარებს, განსაკუთრებით კი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე პარლამენტის მხარდამჭერი დადგენილება სასამართლოში არაკონსტიტუციურობის გამო გაასაჩივრონ.

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისს მიიღო დადგენილება, რომლითაც მხარი დაუჭირა 7 თვითმმართველი ქალაქის: ზუგდიდის, ოზურგეთის, მცხეთის, ამბროლაურის, ახალციხის, თელავისა და გორის თვითმმართველი ქალაქების შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე.

აღნიშნული პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთვარობამ ინიციატივით მიმართა თვითმმართველობებს, ეფიქრათ მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ამ გზით დაიზოგება თანხები და ურთიერთგადამფარავი სამსახურები აღარ იქნება.

არასამთავრობოები კი მიიჩნევენ, რომ ეს შეამცირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტურობას,  ინიციატივის განხილვის პროცესი კი საჯარო არ ყოფილა.

განცხადებაზე ხელის მომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თვითმმართველი ერთეულების შექმნა ის საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

“ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები იშველიებენ კონსტიტუციის მოთხოვნებს, რომ „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“, რამდენადაც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი
  3. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
  4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  6. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  7. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  8. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  9. საქართველოს მედია კლუბი
  10. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  12. ლიბერალური აკადემია – თბილისი
  13. რეგიონის განვითარების ცენტრი
  14. გორის საინფორმაციო ცენტრი
  15. „საუნჯე“
  16. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მასალების გადაბეჭდვის წესი