საზოგადოება

რა (დ)ააშენეს მთაწმინდაზე —  ნაგებობა ისტორიულ უბანში და ნაკვეთი კოეფიციენტის გასაზრდელად

2 დეკემბერი, 2021 •
რა (დ)ააშენეს მთაწმინდაზე —  ნაგებობა ისტორიულ უბანში და ნაკვეთი კოეფიციენტის გასაზრდელად

თბილისში, მთაწმინდაზე მშენებარე ობიექტის დამკვეთმა კომპანიამ მიმდებარე ნაკვეთი იყიდა, რათა მანამდე ამავე ნაგებობაზე უნებართვოდ დაშენებული კონსტრუქცია კანონის ჩარჩოში მოექცია.

კრიტიკოსები ამ შენობის ადგილს ძველი თბილისის ისტორიულ უბანში საერთოდ ვერ ხედავენ, მეორე მხრივ კი, პრობლემურად მიიჩნევენ თვითნებური დაშენების დაკანონების მცდელობას.

სხვა პოზიცია აქვს თავად კომპანიას, რომელიც ხსენებული დაშენების მასშტაბში მნიშვნელოვან პრობლემას ვერ ხედავს და დასძენს, რომ უნებართვო ცვლილება პანდემიის თანმდევმა სირთულეებმა განაპირობა.

რას აშენებენ მთაწმინდაზე?

რამდენიმე წელია, მნიშვნელოვნად შეიცვალა მთაწმინდის ხედი, რომელიც მეტროსადგურ “რუსთაველის” მოპირდაპირე მხრიდან იშლება. მისი ნაწილი მოზრდილმა ნაგებობამ დაიკავა.

მთაწმინდაზე, ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 4 392.95 კვ.მ. საერთო ფართობით, შპს ვერარეზიდენსმა ააშენა.

ობიექტის ოფიციალური მისამართია ზალდასტანიშვილის შესახვევი #19. შენობას მაყაშვილისა და კაკაბაძის ქუჩები ესაზღვრება.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე პროექტის შეთანხმებასთან და მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით კომპანიის პირველი განაცხადები 2014 წლიდან იძებნება.

დოკუმენტების რამდენჯერმე დახარვეზებისა და უარის შემდეგ, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2016 წელს მიიღო, 2018 წელს კი პროექტის კორექტირება მოხდა, ინვესტორის მიერ მიმდებარე ნაკვეთების შესყიდვისა და მაყაშვილის ქუჩიდან ზალდასტანიშვილის ქუჩისკენ შენობის 5 მეტრით ჩაწევის გამო.

სამშენებლო ღობეზე განთავსებულ და წლებთან ერთად შელახულ საინფორმაციო დაფაზე ვკითხულობთ, რომ შენობა 4-სართულიანია, თუმცა, ეს მხოლოდ კაკაბაძის ქუჩის მხრიდან. თუ რთულ ლანდშაფტზე მდებარე შენობას მეორე მხრიდან შემოვუვლით, სართულიანობის კუთხით სხვა სურათს ვიხილავთ.

მარტივად რომ ვთქვათ, კაკაბაძის ქუჩის მხრიდან ობიექტი გამოიყურება ასე:

ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

თუ მას მეორე მხრიდან შემოვუვლით, ასეთი მოცემულობა დაგვხვდება:

ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ხოლო თუ მთაწმინდიდან რუსთაველის გამზირზე გადავინაცვლებთ, შემდეგ ქუჩას გადავკვეთთ და ობიექტს “მაკდონალდსის” მოპირდაპირე მხრიდან შევხედავთ, შემდეგი ხედი გადაგვეშლება:

ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხსენებული ნაგებობა ისტორიულ უბანში არ უნდა შენდებოდეს. თუმცა, საკითხი, რამაც ამ ამბავზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი კვლავ აალაპარაკა, არა თავად ნაგებობის ვიზუალსა და ადგილმდებარეობას, არამედ მასზე უნებართვოდ დაშენებულ კონსტრუქციას უკავშირდება.

უნებართვო დაშენება: რატომ იყიდა კომპანიამ ახალი ნაკვეთი

მშენებარე საცხოვრებელს სადავო კონსტრუქცია პანდემიის კრიზისის პერიოდში ისე დააშენეს, რომ მენაშენე კომპანიას მერიის არქიტექტურის სამსახურისგან შესაბამისი ნებართვა არ მიუღია.

კონსტრუქციის ამგვარად დაშენებით კომპანიამ გადააჭარბა მშენებლობის ინტენსივობის კოეფიციენტს, რომელიც მანამდე თბილისის მერიამ ამ კონკრეტული ობიექტისთვის განსაზღვრა.

ფაქტიდან 1 წელზე მეტია გასული, თუმცა მიმდინარე დღეებში საკითხთან დაკავშირებით დისკუსია კვლავ გააქტიურდა, ხელოვნებათმცოდნისა და თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში მიწვეული ექსპერტის, თამარ ამაშუკელის ფეისბუკ-პოსტის შემდეგ.

ამაშუკელმა მწვავედ გააკრიტიკა კომპანია, ობიექტს “ბეტონის მონსტრი” უწოდა და აღნიშნა, რომ შპს ვერარეზიდენსმა მშენებარე სახლს “ერთი სართული უკანონოდ დააშენა”.

მთაწმინდაზე მიმდინარე მშენებლობის ხედი რუსთაველის გამზირიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

როგორც “ნეტგაზეთს” მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წლის 3 თებერვალს შპს ვერარეზიდენსს მითითება მისცეს, მშენებარე ობიექტი შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ ეს არ გააკეთა, აპრილში ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი, დაუმორჩილებლობის გამო — 50 000 ლარით.  სადავო კონსტრუქცია დღემდე ადგილზეა. ის არ მოუხსნიათ.

ერთ-ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც კომპანიის დაჯარიმების შემდეგ მოხდა, შპს ვერარეზიდენსის მიერ მშენებარე ობიექტის მიმდებარედ არსებული, 394 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ყიდვა და იმ ნაკვეთთან გაერთიანებაა, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს.

ივლისში მომზადებული საკადასტრო გეგმის მიხედვით, გაერთიანებული მიწის ჯამური ფართობი 2 553 კვ.მ.-ია.

პროექტის რენდერი 2018

რატომ იყიდა შპს ვერარეზიდენსმა დამატებითი მიწა? თამარ ამაშუკელის სიტყვებით, კომპანიას სურდა, გაეზარდა თავისი ნაკვეთის ფართობი, ამ ფორმით მოემატებინა სამშენებლო კოეფიციენტი და დაეკანონებინა უნებართვო დაშენება.

“იმის მაგივრად, რომ მოხსნას ეს სართული, ის[კომპანია] ცდილობს, შეისყიდოს [გვერდით მდებარე] ნაკვეთი. რა თქმა უნდა, დასვამთ შეკითხვას, რატომ არ შეიძლება, ადამიანმა ნაკვეთი იყიდოს მიმდებარედ, თუ ამის საშუალება აქვს.

თითქოს უმტკივნეულო და სრულიად მარტივი პროცედურა რომ გადავთარგმნოთ, მას ამ ნაკვეთის ყიდვა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ მიიმატოს ნაკვეთი, გაუჩნდეს დამატებითი კოეფიციენტი და შემდეგ,”გააპრავოს” თავისი ეს დაშენება”,  — დასძენს ის.

რას ამბობს მენაშენე?

“ნეტგაზეთი” შპს ვერარეზიდენსის 100%-იანი წილის მფლობელს, გიორგი ქორიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მშენებარე ობიექტში შესახლებას წლებია ელის 12 ოჯახი, რომელიც მანამდე ამავე ტერიტორიაზე არსებულ “სახლებში, ფაქტობრივად, ბარაკებში” ცხოვრობდა.

რა დააშენეს ობიექტს და რატომ გააკეთა კომპანიამ ეს ისე, რომ არ მიმართა მერიას და არ დაელოდა არქიტექტურის სამსახურის შესაბამის ნებართვას?

ქორიძე პანდემიის კრიზისის თანმდევ არასტაბილურობაზე, “სიჩქარესა” და ობიექტის ერთი ნაწილის ფუნქციის შეცვლაზე საუბრობს.

მისი სიტყვებით, საცხოვრებელი სახლის ზედა სართულზე მინი სასტუმროს გახსნა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო, ნათელი გახდა, რომ ეს იდეა არ იმუშავებდა და ფინანსური ზარალიც დადგებოდა.

მისივე თქმით, ამის გამო დღის წესრიგში დადგა სასტუმროს სივრცის კომერციულ ფართებად გადაკეთების საკითხი, რის შემდეგაც მოუხდა კომპანიას ობიექტის ზედა ნაწილის სტრუქტურის შეცვლა.

ქორიძე აცხადებს, რომ შპს ვერარეზიდენსმა “მხოლოდ ტერასა შეავსო” და ეს კონსტრუქცია “ნახევარი სართულის” ტოლფასია.

 კომპანიის თქმით, პირველი ფოტო ასახავს, როგორი უნდა ყოფილიყო ობიექტი სადავო კონსტრუქციის დაშენებამდე, მეორე ფოტოზე კი მოცემულია პროექტის რენდერი ხსენებული კონსტრუქციის დაშენების შემდეგ. 

“ოფისებმა მოითხოვა აგრეგატების, გამაძლიერებლების დამატება და ამის გამო [შევცვალეთ]. არაფერი ისეთი ტრაგედია არ მომხდარა. ჩვენ მანდ ორი სართული ისედაც გვქონდა ამოწეული ზემოთ, ვიშკებს ჰგავდა. ახლა ეს რომ შეივსო, ვფიქრობ, არქიტექტურულად უფრო ლამაზიც არის და უფრო კარგად გამოიყურება.

ჩვენ გვინდოდა, რომ მოსახლეობისთვის, რომელიც გაყვანილია და ნაქირავებში ცხოვრობს, მალე დაგვემთავრებინა ობიექტი და ჩაგვებარებინა. რომ არ დასრულდეს ობიექტი, ბანკის გადასახადიც გვაქვს, მოსახლეობასთან ვალდებულებაც და, ფაქტობრივად, წავედით იმაზე, რომ ჩქარა დაგვესრულებინა”, — დასძენს ის.

გიორგი ქორიძე არ უარყოფს, რომ მისი კომპანიის დაჯარიმების შემდეგ ახალი ნაკვეთის შეძენა და არსებულთან გაერთიანება კოეფიციენტის გაზრდის სურვილით იყო განპირობებული.

“რაღაც სახსრები გამოვნახეთ, იმის გამო, რომ კოეფიციენტის ნაკლებობა გვქონდა, დავამატეთ მიწის ნაკვეთი და ახლა მეტობაშიც გვაქვს [კოეფიციენტი]”, — დასძენს ის.

ქორიძე არ ფიქრობს, რომ ზემოხსენებული დაშენება შეშფოთების საფუძველს იძლევა:

“რომ ვთქვათ, რომ რაღაც დავარღვიეთ, ასე ძალიანაც არ არის. ყველაფერი ახსნადია.

ვიღაცები აპელირებენ სიმაღლეზე… სიმაღლე არ დაგვირღვევია. ეგ სიმაღლე ჩვენ გვქონდა.

არ ვფიქრობთ, რომ რაღაც სასწაული მოხდა. არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ზედა სართულზე შეივსო ტერასა. მაგრამ ზოგს უნდა სენსაცია”.

ნაკვეთის გაერთიანება კოეფიციენტს ავტომატურად არ ზრდის

შპს ვერარეზიდენსის მიერ ახალი ნაკვეთის ყიდვა და მეორესთან გაერთიანება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

25 ოქტომბერს კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს მიმართა თხოვნით, ცვლილება შეიტანოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ნაკვეთის კონფიგურაციის და ფართის გაზრდის გამო.

შპს ვერარეზიდენსის ეს თხოვნა მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ უნდა განიხილოს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტოს.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, საკითხი კვლავაც განხილვის ეტაპზეა. უწყებამ კომპანიის განცხადების  ადმინისტრაციული წარმოება ხუთჯერ გადაავადა.

“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენლისა და იურისტის, ანანო ცინცაბაძის თქმით, იმ პირობებში, როცა მერიის გადაწყვეტილება არ არსებობს, მშენებარე ობიექტზე უნებართვოდ განხორციელებული დაშენება ამ დრომდე უკანონოა.

ანანო ცინცაბაძე 

“კოეფიციენტის გაზრდა [საჯარო] რეესტრის უფლებამოსილება არ არის. რეესტრი არის საკუთრების რეგისტრაციებზე უფლებამოსილი ორგანო. რეესტრში ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთების გაერთიანება, მაგრამ ეს ავტომატურად არ იწვევს კოეფიციენტის მომატებას.

კოეფიციენტის მომატებაზე პასუხისმგებელი უწყება არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, [მასში მოქმედი] არქიტექტურის სამსახური, რომელსაც უკვე მიღებულ ნებართვაში ცვლილებებისთვის დამატებით უნდა მიმართოს [კომპანიამ] და წარუდგინოს არა მხოლოდ გაერთიანებული მიწის ნაკვეთი, არამედ ის, თუ რას აპირებს იმ მომატებული კოეფიციენტების ფარგლებში”, — დასძენს ის.

იმისათვის, რომ კოეფიციენტი გაიზარდოს, კომპანიამ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს თანხმობა უნდა მიიღოს, შემდეგ არქიტექტურის სამსახურმა უნდა გასცეს თანხმობა კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე და უკვე შემდგომ, მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემაზე.

“სანებართვო პროცესი დაკავშირებულია კიდევ ცალკე სტადიებთან, სტადიები დაკავშირებულია ვადებთან და არ დაგვავიწყდეს, რომ [კომპანიას] კოეფიციენტის მატება თუ უნდა, ეს ცალკე თანხის გადახდასთანაც არის დაკავშირებული.

თუ ეს თანხა არ გადარიცხა, კოეფიციენტს მომატებულად ვერ ჩავუთვლით”, — აღნიშნავს ცინცაბაძე.

ხედი რუსთაველის გამზირიდან მშენებლობის დაწყებამდე

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის განახლებისთვის შპს ვერარეზიდენსმა თბილისის მერიას ბოლოს მიმართა მიმდინარე წლის იანვარში.

ამ პერიოდში სადავო კონსტრუქცია უკვე დაშენებული იყო. აღნიშნულის გამო, არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას განაცხადი დაუხარვეზა და მისწერა:

“ვინაიდან [არქიტექტურის] სამსახურში ფიქსირდება აუდიტის წერილი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები შეთანხმებული პროექტისგან განსხვავებით არის ნაწარმოები, საჭიროა საკითხი დააყენოთ კორექტირების კუთხით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური თქვენს მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს”.

ეს ნიშნავს, რომ შპს ვერა რეზიდენსმა ჯერ კორექტირებული პროექტი უნდა შეათანხმოს და მხოლოდ შემდეგ ითხოვოს მშენებლობის ნებართვის განახლება.

განადგურებული ხედი თუ შენობა, რომელიც (ჯერ) უშნოდ ჩანს

თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ თავის დროზე მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს საერთოდ არ უნდა გაეცა მთაწმინდაზე ამგვარი ნაგებობის აშენების ნებართვა.

“არის თუ არა ეს შენობა პრობლემური ქალაქის იერსახისთვის, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია, რომ ზემელზე, მაკდონალდსის წინ დადგეთ და ახედოთ ძველი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხედს, საიდანაც აქამდე ჩანდა მთა. დღეს ჩანს უკვე დაახლოებით 7 ან 8-სართულიანი კორპუსი.

ამ სახით ნებართვას ტექნიკურად რომ შევხედოთ, პრობლემა არ აქვს, თუმცა საბჭო იმისთვის არსებობს, რომ შეაფასოს ამა თუ იმ ობიექტის მიზანშეწონილობა.

დღეს თითოეულ იმ ადამიანს რომ ჰკითხოთ, რომელიც მაშინ საბჭოს წევრები იყვნენ და ნებართვა გასცა ამ ობიექტზე, მგონი, ყველა მათგანი გიპასუხებთ, რომ ამ ობიექტმა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო”, — აღნიშნავს ის.

ამაშუკელის თქმით, “ამ შენობას გინდ ერთი სართული მოაჭერით და გინდ ორი, მას აღარაფერი ეშველება, ისევე როგორც აღარაფერი ეშველება იმ ხედს, რომელიც მენაშენემ გაანადგურა”. თუმცა ხელოვნებათმცოდნე ფიქრობს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს.

თამარ ამაშუკელი. ფოტო: პირადი ფეისბუკი, ფოტოგრაფი – შოთა გუჯაბიძე

ამავე პოზიციაზეა იურისტი ანანო ცინცაბაძეც.  მისი თქმით, შენობამ “მთელი ხედი  დამალა მთაწმინდაზე, არა მარტო ერთი და ორი ადამიანისთვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის”.

“საბჭო [შეცდა], რომ [ამ ნაგებობის] მშენებლობის ნებართვა გასცა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის უგულებელყოფა და დარღვევა, თავისი არქიტექტურული მოცემულობით, მასებით, ფორმებით… არათუ კოეფიციენტის მატება, არამედ თავდაპირველად გაცემული მშენებლობის ნებართვაც მიუღებელია”, — აღნიშნავს ცინცაბაძე.

ამ პათოსს მშენებელ კომპანიაში არ იზიარებენ და არ ფიქრობენ, რომ ისტორიულ უბანში ამ ნაგებობის აშენებით რაიმე ფუჭდება.

მფლობელის თქმით, პროექტში დაახლ. 17- მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, შეიქმნა სამუშაო ადგილები და სამომავლოდ გეგმავენ, შენობის პირველი სართული ფუნქციურად დატვირთონ, მათ შორის, გახსნან “სამხატვრო გალერეა და კაფე-ბარები”.

“ვთვლით, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. პატარა გადაცდომა თუ გვქონდა, კოეფიციენტისთვის ნაკვეთიც შევიძინეთ და ამ იერსახეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

სანამ რაღაც შეიფუთება და გალამაზდება, მანამდე ყველაფერი უშნოდ ჩანს. რომ მოპირკეთდება და გაკეთდება, დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება”, — დასძენს გიორგი ქორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი