ახალი ამბები

როგორ აზიანებს ღარიბაშვილის მუქარა თვითმმართველობის იდეას

23 ოქტომბერი, 2021 • 2363
როგორ აზიანებს ღარიბაშვილის მუქარა თვითმმართველობის იდეას

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას უთხრა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვება „თავის მოტყუება და დასჯაა“, რადგან მათ ცენტრალური ხელისუფლების გარეშე რაიმეს გაკეთების პერსპექტივა არ ექნებათ.

თუ ეს ასე იქნება, აქვს თუ არა საერთოდ აზრი თვითმმართველობის არჩევნებს და როგორ შეუძლია ცენტრალურ მთავრობას ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობების საქმიანობა შეაფერხოს? ამის გარკვევას ნეტგაზეთი რესპონდენტებთან ერთად შეეცადა.

როგორ ესმის პრემიერს თვითმმართველობის იდეა

21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მეორე ტურების წინ სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცენტრალური მთავრობა „ქართული ოცნებისაა“ და მის გარეშე ოპოზიციის კანდიდატი ნაბიჯს ვერ გადადგამს.

„ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და დასჯა გამოდის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თვითმმართველობების უფლებამოსილებებზე ალაპარაკებული პრემიერის ეს განცხადება ოპოზიციამ მუქარად შეაფასა და მუქარის ადრესატად საქართველოს ის ქალაქები აღიქვეს, სადაც მეორე ტურები იმართება.

მთავრობის ხელმძღვანელისგან თვითმმართველობებთან დაკავშირებით მსგავსმა განცხადებამ კი ექსპერტები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგია ფორმალობაა და ქვეყნის მოწყობის პრემიერისეული ხედვა იკითხება.

მათი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან შეუსაბამოა და ყველანაირი კანონის საზღვრებს სცდება, მათ შორის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია“.

მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ  თვითმმართველობა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია და პოლიტიკოსი, რომელსაც წარმოდგენა აქვს დემოკრატიულ სისტემაზე, ისე არ საუბრობს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„მე უფრო ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო განცხადებებია და ასეთი დაშინება მიდის მოსახლეობის,  თუკი არ აირჩევთ „ოცნების“ კანდიდატს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ის მუნიციპალიტეტი ფულს ვერ მიიღებს.

გარდა იმისა, რომ ეს არის ძალიან არაევროპული, ძალიან არაცივილიზებული, უბრალოდ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ამის განხორციელაბა ძალიან რთული იქნება“, — ამბობს მელაშვილი.

თვითმმართველობის საკითხებში კიდევ ერთი ექსპერტი კოტე კანდელაკი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ თვითმმართველობას კონსტიტუციური გარანტიები აქვს და ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტის საქმიანობას სამართლებრივი გზით ვერ შეზღუდავს.

თუმცა, მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან მომავალი მესიჯი — თუ ოპოზიცია მოიგებს, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დიდი ხნის დანერგილი პრაქტიკაა, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად აღიქვამს.

გარდა ამისა, კოტე კანდელაკის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები თვითმმართველობის საკითხებში მოსახლეობის გაუთვიცნობიერებლობითაც სარგებლობენ და ამიტომ ღარიბაშვილის მსგავსი განცხადება მათ აფიქრებინებს, რომ თუ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აირჩევენ, შესაძლოა, ეს მათ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახოს.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/09/კოტე-კანდელაკი.jpg

კოტე კანდელაკი. ავტორი: მზია საგანელიძე,რადიო თავისუფლება.

„საკანონმდებლო სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, როგორ ნაწილდება მუნიციპალიტეტებს შორის ეს თანხები. არ არსებობს, რომ ერთ მუნიცაპალიტეტს მივცემ და მეორეს არ მივცემ. ერთადერთი არის, რომ საკანონმდებლო ბაზა შეცვალონ და ხომ ვერ ჩაწერენ, სადაც ოპოზიცია არის იმათ არ მივცემთ და ა.შ.

ამიტომ, ეს ნათქვამი გამომდინარეობს იქიდან, რა პრაქტიკაც არის დანერგილი, რომ ცენტრალური ხელისუფლება და დღევანდელი მმართველი ელიტა და ზოგადად, წინა ხელისუფლებაც, თვითმმართველობას როგორც თვითმმართველობას ისე არ აღიქვამდა და საკუთარ გაგრძელებად ჰქონდა წარმოდგენილი.

ამიტომ, ეს ხალხი დავალებებს ცენტრიდან აძლევდა, უმრავლესობა უსიტყოდ ემორჩილებოდა ამ დავალებებს და  ისეთი შთაბეჭდილება არის შექმნილი, რომ მათი ბიუჯეტი არის ცენტრალური ხელისუფლების კეთილი ნება და თუ ისინი მათ დავალებებს არ შეასრულებენ, ფული არ ექნებათ და ა.შ. ეს რიტორიკა არის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს გამონათქვამი პირდაპირ სცდება ყველანაირ ზღვარს, საკანონდმებლო და საკონსტიტუციო ჩანაწერს“, — მიიჩნევს კოტე კანდელაკი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა და თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა გაცხადებული აქვს,  კანდელაკის შეფასებით, პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადებები თვითმმართველობების იდეას აზიანებს.

“რა თქმა უნდა, ეს გამონათქვამები ყველანაირად ხაზს უსვამს მათ მიერ გაჟღერებულ რეფორმებს, რომ 2025 წლისთვის ასეთი [გაძლიერეული] თვითმმართველობა უნდა მივიღოთ, დამატებითი შემოსავლები გადავცეთ და ა.შ. ეს უარყოფით გავლენას ახდენს.

როცა ვამბობდით, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია არის ფორმალობა და ამის განხორციელებას არ აპირებენ, ამის დამადასტურებელია ეს ყველაფერი. მიუხედავადა იმისა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისადმია მიმართული, ამაში, ზოგადად, ქვეყნის მოწყობის ხედვაც ჩანს. ჩვენ თუ დემოკრატია გვაქვს და არჩევნები, ზოგ მუნიციპალიტეტში ან ერთი ძალა გაიმარჯვებს, ან მეორე, ან მესამე”, — ამბობს კოტე კანდელაკი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

რა (არ) შეუძლია ცენტრალურ მთავრობას

ექსპერტების განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტებს კანონით გარანტირებული შემოსავლის წყაროები აქვთ და ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის მიმართ მთავრობის ხელმძღვანელის შეხედულებებზე დამოკიდებული არ არის. მათი თქმით, თვითმმართველობები დამოუკიდებლად ადგენენ ბიუჯეტს იმ პროექტებისთვის, რომლებიც მათ უფლებამოსილებაში შედის და ამისთვის საკმარისი ფინანსებიც აქვთ.

მათთვის ძნელად წარმოსადგენია,  რომ მთავრობამ გარისკოს და რომელიმე მუნიციპალიტეტი პროექტების გარეშე  დატოვოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ოპოზიციონერმა მერმა გაიმარჯვა, რადგან ეს „სოციალურ სიტუაციას ააფეთქებს“.

როგორც ირაკლი მელაშვილი ამბობს, დღეს არსებული სისტემით ცენტრალურ მთავრობას ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შეფერხება არ შეუძლია.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/09/ირაკლი-მელაშვილი.jpg

ირაკლი მელაშვილი

„მუნიციპალიტეტის დაფინანსების ორი ძირითადი წყაროა – 19% დღგ-დან ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე, ეს ნაწილდება ფორმულის მიხედვით, რომელიც შემუშავებული აქვს ფინანსთა სამინისტროს. მაგალითად, იმ ფორმულაში თუ ჩაწერეს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ბათუმს ფულს არ მივცემთო, არ ვიცი. ეს აბსურდია. ამას ვერ გააკეთებენ, გამორიცხულია.

შეუძლიათ ფორმულა შეცვალონ ისე, რომ ვთქვათ, თუკი თბილისში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, თბილისს მოაკლონ ფორმულის მეშვეობით, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რადგან ეს განაწილება ფორმულის მიხედვით ხდება. რეგიონებს რაც შეეხება, რეგიონებს დამატებით ეძლევა ინფრასტრუქტურული პროექტების ფული“, — განმარტავს ირაკლი მელაშვილი.

იმის გამო, რომ ღარიბაშვილის განცხადებას დღეს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ექსპერტები მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო ბაზის შეცვლის შესაძლებლობაზე საუბრობენ.

თუმცა, მათი თქმით, თუ კანონში ცვლილებებას შიეტანენ, ის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ვერ შეეხება და უარი უნდა ითქვას მთლიანად თვითმმართველობებსა და დეცენტრალიზაციაზე და ქვეყანა ისევ პირდაპირი მმართველობის ფორმებზე გადავიდეს.

როგორც ირაკლი მელაშვილი  ამბობს, შესაძლოა, მიიღონ ნორმატიული აქტი, რომლითაც რომელიმე მუნიციპალიტეტს შეზღუდავენ. მისი განმარტებით, ასეთ შეთხვევაშიც კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ აქტის გაუქმების მოთხოვნით.

„იმიტომ, რომ ეს აქტი ნებისმიერ შემთხვევაში წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის იმ თავთან, რომლითაც განისაზღვრება თვითმმართველობის გარანტიები საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება ჩადებული თვითმმართველობის კოდექსში და სწორედ იმისთვის ჩაიდო, რომ ასეთი მცდელობები არ ჰქონოდა ხოლმე ცენტრალურ ხელისუფლებას, ანუ ამის დაცვის მექანიზმი არის ჩადებული.

მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადოს იმაზე, რომ საქართველო არ არის სუბსიდიარობის პრინციპზე აგებული სახელმწიფო. იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება არის, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ევროპულ ქარტიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ვართ ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპული კონგრესის წევრი და ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება“, — ამბობს მელაშვილი.

კოტე კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი მთავრობებისთვის შემაფერხებლად შესაძლოა, მუნიციპალური  განვითარების ფონდი გამოიყენოს. აღნიშნული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას.

„ერთადერთი შემაფერხებელი რაც ამ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ჰქონდეს, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი სესხები, გრანტები ან რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში არის ასახული და იქიდან მუნიციპალიტეტებს ყოველწლიურად გარკვეული თანხა ეძლევათ.

იქაც უკვე გაწერილია, საკანონმდებლო სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, როგორ ნაწილდება მუნიციპალიტეტებს შორის ეს თანხები. არ არსებობს, რომ ერთ მუნიცაპალიტეტს მივცემ და მეორეს არ მივცემ. ერთადერთი არის, რომ საკანონმდებლო ბაზა შეცვალონ და ხომ ვერ ჩაწერენ, სადაც ოპოზიცია არის, იმათ არ მივცემთ და ა.შ“, — ამბობს კოტე კანდელაკი.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ბაზა ცენტრალურ მთავრობას თვითმმართველობების საქმიანობის შეფერხების შესაძლებლობას არ აძლევს, კოტე კანდელაკი იმ ბერკეტებს განიხილავს, რომელიც დღევანდელი მოცემულობით მთავრობას გააჩნია:

“მაგალითად, მუნიციპალიტეტებში, სადაც ორხელისუფლებიანობაა , საკრებულოში იქნება მმართველი პარტია და მერი იქნება ოპოზიციიდან ან პირიქით, აქ შესაძლებელია, ხელოვნური კრიზისი იქნას გამოწვეული. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ბიუჯეტი არ დაუმტკიცოს საკრებულომ აღმასრულებელს და თუ არა დაუმტკიცა, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს ორივეს, აღმასრულებელსაც და საკრებილოსას და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ასეთი ფეხისდადებები შესაძლებელია, ოღონდ ეს მუნიციპალიტეტს შიგნით გადაწყდება.

ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტის ორივე შტოს ოპოზიცია აკონტროლებს, საკრებულოშიც უმრავლესობაშია და მერიც მათი წარმომადგენელია. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის კანონით გაწერილი, მისი შემოსავლების წყარო და ა.შ.

ერთადერთი, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, შეიძლება ეს შეუფერხოს და არ განახორციელოს ამ მუნიციპალიტეტებში, მაგრამ ამასაც გარკვეული სამართლებრივი ბაზის ცვლილება დაჭირდება, როგორიც არის მთავრობის დადგენილებები, კანონში ჩანაწერები და ა.შ.

ვთქვათ, ფინანსთა სამინისტრომ დროზე არ ჩაურიცხოს თანხა, რაც ეკუთვნით და ასეთი წვრილმანი გართულებები და ბოროტება შეუძლიათ“, — ამბობს კოტე კანდელაკი.

“არაადეკვატური და აბსურდული”

პრემიერის განცხადებას უცნაურს და არაადეკვატურს უწოდებს თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური. მეჭიაურს, როგორც ოპოზიციონერს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მერობის გამოცდილება უკვე აქვს. მან წინა თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა და რამდენიმე წელი მართავდა თიანეთს. მეჭიაურის თქმით, მას, როგორც ოპოზიციონერ მერს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქამდე პრობლემა არ შექმნია.

თუმცა მისივე განმარტებით, მთავრობის წარმომადგენლების ბოლო განცხადებებში იკითხება, რომ მათ ადგილობრივ ხელისუფლება პარტიის დანამატი ჰქგონიათ, ქვეყნის ბიუჯეტი კი — პარტიის. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/07/IMG_3970.jpg
თამაზ მეჭიაური

„მამუკა ბახტაძის დროს გვქონდა შემთხვევა, როცა სტიქია იყო და კაცი კანადაში იყო და იქიდან გამოგვიყო თანხა. დისტანციურად ჩაატარა მთავრობის სხდომა და 2 თვეში ყველა დოკუმენტაცია, დაფინანსება, მშენებელი, ყველაფერი მოვასწარით, 4-5 კილომეტრის სიგრძის გზა იყო საერთოდ წაღებული და იორი მოდიოდა.  ასევე ოპერატიულად ვწყვეტდით გიორგი კვირიკაშვილთანაც. მართალია, ის საწიინააღმდეგო პოზიციაზე იყო მაშინ, მაგრამ როგორც კი ამირჩიეს, მერე ერთ საქმეს ვაკეთებდით. გიორგი გახარიას დროსაც მქონდა იგივე თანამშრომლობა.

პრობლემა არ მქონია არც ერთთან და ვისთანაც მეგონა, რომ უკეთესად იქნებოდა, რადგან 2011-ში ერთად ვიდექით, ახლა ე ს[ირაკლი ღარიბაშვილი] უფრო იმუქრება. რომ იმუქრება [ირაკლი ღარიბაშვილი] საკუთარი კი არ არის. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ჰყავს ადგილობრივი ხელისუფლებაც, მთავრობაც და არავის საკუთრებაში არ არის ეს ყველაფერი, რომ მან გადაწყვიტოს, როგორ დახარჯავს ესა თუ ის რაიონი თუ მუნიციპალიტეტი“, — ამბობს თამაზ მეჭიაური.

მეჭიაურის თქმით, კანონმდებლობით ცენტრალური მთავრობის და  ადგილობრივი ხელისუფლება გამიჯნულია და თუ ხელისუფლებას რეგიონებში თავისი ინტერესების გამტარებელი სჭირდება, ამისთვის გუბერნატორები ჰყავთ.

„ე.ი. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ერთი პარტიის მსახური, ყულმოჭრილი მონა და არა თავის მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი. თუ უნდა მაინც და მაინც, რომ მთავრობის ინტერესებს, ანუ პარტიის ინტერესებს ატარებდეს ამა თუ იმ ტერორიულ ერთეულში, ამისთვის მათ ჰყავთ გუბერნატორები. მთავრობა ნიშნავს გუბერნატორს, რომელიც ამა თუ იმ ტერიტრიულ ერთეულში არის მთავრობის წარმომადგენელი.

რაც შეეხეება მერს, მერი არის არჩეული და მერის არის წარმომადგენელი ამ ხალხის მთავრობაში. მათ უნდათ, რომ მერიც იყოს მთავრობის წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულზე. თუ ეს უნდათ, მაშინ რატომ ატარებენ არჩევნებს, პირდაპირ ჩაწერონ კანონში ისევე, როგორც გუბერნატორი, მერიც არის მთავრობის დანამატი და აღარც არჩევნები დაგვჭირდება და აღარც ამდენი თანხის დახარჯვა“, — ამბობს თამაზ მეჭიაური ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ღარიბაშვილის განცხადებას აბსურდულად აფასებს ირაკლი აბესაძე, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მოადგილეობის ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა. აბესაძის თქმით, ცენტალურ მთავრობას მუნიციპალიტეტების მთავრობისათვის არავითარი ბარიერის შექმნა არ შეუძლია.

როგორც აბესაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა მხოლოდ დახმარების კუთხით შეუძლია და თუ ხელს შეუშლის, ისინი შესაბამის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხს მიიღებენ.

მისი თქმით, მთავარი ხალხის ნებაა და როგორც არ უნდა შეაფასონ ღარიბაშვილის პოლიტიკური პერსონა, ის ხალხის პოლიტიკურ ნებას ვერ დაუპირსპირდება.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/10/Untitled-design-39-1.png

ირაკლი აბესაძე

“არის პოლიტიკური და არის სამართლებრივი მხარე. დავიწყოთ პოლიტიკური მხარიდან: თუ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და მხარს ჩვენ დაგვიჭერს, დამიჯერეთ, რომ ღარიბაშვილი გახდება თბილისელების მსახური. ასეც მოუწევს იმიტომ, რომ პოლიტიკურად ჩვენ ვაიძულებთ და აუცილებლად დაინახავს ხალხის ძლიერ ნებას, რომ მისი კორუფციული სისტემა უნდა დამთავრდეს.

ამიტომ, აბსურდი და სისულელეა, მოსახლეობას ემუქრებოდე და თითს უქნევდე, რომ შენს საჭიროებებს არ დავაკმაყოფილებ, მერიას ხელს შევუშლი, რომ შენ მოგემსახუროს და არ მივეხმარები, რომ შენი პრობლემები მოაგვაროს, თუ ოპოზიციას აირჩევთ. ასეთი თავხედური და მეორე მხრივ, სასაცილო პოლიტიკური პოზიცია, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, — უთხრა ირაკლი აბესაძემ ნეტგაზეთს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შაბათს, 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იმართება, მათ შორის, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი