ახალი ამბები

ინდოეთის ორი მოქალაქე ამბობს, რომ აეროპორტში დაამცირეს და საქართველოში არ შეუშვეს

4 ივლისი, 2017 • 4710
ინდოეთის ორი მოქალაქე ამბობს, რომ აეროპორტში დაამცირეს და საქართველოში არ შეუშვეს

ორი ინდოელი მოქალაქე- ქუშბუ კაუშალი და აკბარ ხან ქურეში- საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის გამო პროტესტს გამოთქვამს. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დამამცირებლად და ცუდად მოექცნენ, ხოლო მეორემ  შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

[red_box]ქუშბუ კაუშალი[/red_box]

ქუშბუ კაუშალმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გატარებული “დამამცირებელი ღამის” შესახებ ფეისბუკზე დაწერა. მან ღია წერილით ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართა.

კაუშალი წერს, რომ თბილისში არდადეგების გატარება სურდა და ტურისტული მიზნით მარტო ჩამოვიდა, საბუთები კი წესრიგში ჰქონდა. ინდოეთის მოქალაქის განცხადებით, ამის მიუხედავად მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და უკან, მუმბაიში გააბრუნეს. კაუშალი აცხადებს, რომ მას დამამცირებლადაც მოექცნენ, უყვირეს და 7 საათის განმავლობაში ვერ მოახერხა საკვებისა და წყლის მიღება.

ინდოეთის მოქალაქე ასევე წერს, რომ პასპორტი აეროპორტში არ დაუბრუნეს და სამგზავრო დოკუმენტი მხოლოდ მუმბაიში დაბურნების შემდეგ მიიღო.

“როდესაც სახლში დავბრუნდი, ვცდილობდი გამერკვია, რა მოხდა და რატომ გამომაბრუნეს უკან. ინდოეთის იმიგრაციის სამსახურმა მითხრა, რომ [მიზეზი] ჩემ მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია იყო მოგზაურობის მიზანთან დაკავშირებით. მინდა გავიგო, რის საფუძველზე გამოიტანა იმ ადამიანმა ეს დასკვნა, რომელმაც თბილისში გამომკითხა? ყველა ჩემი დოკუმენტი კანონიერი იყო”, – წერს კაუშალი.

აკბარ ხან ქურეში

ადვოკატმა მანანა აფხაძემ, რომელიც ინდოეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქე აკბარ ხან ქურეშის ინტერესებს იცავს, დღეს შსს-ს გენინსპექციას მიმართა. როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, მისი კლიენტი გუშინ საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ახსნა-განმარტების გარეშე.

“ბოლო ორი წელია საქართველოში ჩამოვდივარ. საკმაოდ დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული 10-ზე მეტ ობიექტში, ასევე მქვს სოლიდური ანგარიში თი-ბი-სი ბანკში და ვხელმძღვანელობ მასშტაბურ ობიექტებს საქართველოში”, – განუცხადა ბიზნესმენმა რუსთავი 2-ს.

იგი ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტში მომხდარი ამბავი მისთვის ყველაზე ცუდი რამაა, რაც ცხოვერებაში გადახდენია. ქურეშიც ამტკიცებს, რომ დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა და მისთვის ქვეყანაში არშეშვების გადაწყვეტილება გაუგებარია.

ადვოკატი მანანა აფხაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ქურეშს საქართველოში ბინადრობის ნებართვაც კი ჰქონდა, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის მაისში გაუვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ.

“შეურაცხყოფილია… ისე გააძევეს, რომ მიზეზიც არ უთხრეს”, – აცხადებს ადვოკატი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, “არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმევა ქვეყანაში შემოსვლაზე”.

“უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს, ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის I კვარტალში ინდოეთის 240 მოქალაქეს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე. ამ კუთხით ინდოეთი პირველ ადგილზეა, მას მოჰყვება აზერბაიჯანი (203), თურქეთი (146) და სირია (108).

მასალების გადაბეჭდვის წესი