ახალი ამბები

ბუკიკიო: იდეალურ შემთხვევაში, კონსტიტუცია უნდა იყოს მტკიცეც და მოქნილიც

29 ივნისი, 2017 • 2182
ბუკიკიო: იდეალურ შემთხვევაში, კონსტიტუცია უნდა იყოს მტკიცეც და მოქნილიც

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის გახსნისას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და იქ დამსწრე საზოგადოებას. ბუკიკიომ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოები დგას და რამდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ცვლილებების ასახვის პროცესი.

“ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენ კონფერენციისათვის შეარჩიეთ თემა – კონსტიტუციის პრინციპები, თქვენ ვერც წარმოიდგენდით, როგორ გამოცდას მოუწყობდა ამ პრინციპებს ევროპაში გაჩენილი პოპულიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპულ სასამართლოებს, არამედ სოციალიზმსა და დემოკრატიას, ზოგადად,” – აცხადებს ბუკიკიო.

მისი თქმით, გასული კონგრესიდან დღემდე ევროპაში ვითარება გამწვავდა და დღეს საკონსტიტუციო სასამართლოები “ბოროტი თავდასხმების” სამიზნეები ხდება, რის აღსაკვეთადაც ვენეციის კომისია აქტიურად მუშაობს. ბუკიკიოს თქმით, კომისიის ზოგიერთმა ჩარევამ გავლენა იქონია პროცესებზე, ზოგიერთი მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.

“ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიის არსებობა იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე,” – ამბობს ის.

ჯანი ბუკიკიომ ასევე ისაუბრა კონსტიტუციურ პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კონსტიტუცია გაცილებით მეტია, ვიდრე ის კანონები და ჩანაწერები, რომლებსაც ის მოიცავს. ბუკიკიომ კონსტიტუციაში ღირებულებებისა და პრინციპების თანხვედრა ხახვის ფურცლებსაც შეადარა, რომლებიც ერთობლივ დამცავ კედელს ქმნიან.

“კონსტიტუცია აყალიბებს ღირებულებებს, რომლებიც ქმნიან ეროვნულ იდენტობას. ეს ღირებულებები ხშირად აისახება კონსტიტუციების პრეამბულაში. ეს ღირებულებები გაუძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის ინტერპრეტირებისას. ხშირად ღირებულებები ნაწილობრივ კვეთს პრინციპებს. თანასწორობა შესაძლოა იყოს ღირებულებაც და პრინციპიც.”

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთ ქვეყანას აქვს კონსტიტუცია უცვლელი მუხლებით და ისინი უდრეკი სახით ინარჩუნებენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. უმეტეს ქვეყნებში კი საკონსტიტუციო სასამართლო არეგულირებს კანონებს შორის იერარქიას.

“თუ ქვეყანაში სიტუაცია იცვლება დრამატულად, ისეთი პრინციპები, რომლებიც ცვლილებას არ ექვემდებარება, შეიძლება შეიცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ან რევოლუციური გზით.

იდეალურ შემთხვევაში კონსტიტუცია ერთობლივად უნდა იყოს მტკიცეც და მოქნილიც, რათა საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს. გამოწვევაა ამ პროცესის დაბალანსება, რომ საკონსტიტუციო სტაბილურობას ძირი არ გამოეთხაროს. ყველა საკონსტიტუციო სისტემამ თავად უნდა იპოვოს ბალანსის წერტილი,” – განაცხადა ბუკიკიომ და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესზე იმ მნიშვნელოვან კითხვებს განიხილავენ, რაც პოლიტიკურ მმართველობას, კანონთა იერარქიასა და კონსტიტუციურ პრინციპებს შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი