ახალი ამბები

გია ბარამიძე: დაწყებითი კლასის გამოცდები დემოკრატიაში ჩავაბარეთ

21 მარტი, 2013 • • 1086
გია ბარამიძე: დაწყებითი კლასის გამოცდები დემოკრატიაში ჩავაბარეთ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კარგია:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებისა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ ფორმით, რომელმაც, ერთი მხრივ, დააფიქსირა, რომ საქართველოს  პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა და მისი მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება.  მეორე მხრივ, ეს იყო ის ფორმა, რომელმაც გამოაჩინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ჩვენ შეგვიძლია საერთო ენის გამოძებნა. ამიტომ, ვფიქრობ, საბოლოო შედეგი იყო კარგი. ეს იყო შედეგი, რომელმაც გამოამჟღავნა, რომ ოპოზიციისკენ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის მოჰყვება ადეკვატური რეაგირება ჩვენი მხრიდან ყველა იმ საკითხში, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.”

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებამ ვერ გატეხა:

 

“ამ ეტაპზე ჩვენ, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ვაიძულეთ ხელისუფლება, პატივი ეცათ ჩვენთვის. ეს ერთადერთი, სამწუხაროდ, ცოტა ტექნიკური ფორმა იყო იმისა, რომ ხელისუფლებას ეღიარებინა ის, რის საწინააღმდეგოსაც ამბობდნენ მანამდე. ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი ხმები. ხელისუფლებამ ვერ გაგვტეხა, ვერ მოგვისყიდა, ვერ შეგვაშინა, შესაბამისად, ეს ჩვენი ღირსების საკითხი იყო.”

 

მისივე თქმით, საქართველომ დაწყებითი კლასის გამოცდები დემოკრატიაში ჩააბარა და შემდეგ კლასში გადავიდა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის მეორედ და მესამედ მოსმენისას არაფერი შეიცვლება:

 

“შედეგი სახეზეა. იმედი მაქვს, რომ მეორე-მესამე მოსმენის დროს არაფერი არ შეიცვლება. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციაში გყავს პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერსაც ახირებები აქვს და ამას ემორჩილებიან ხოლმე, მაგრამ არაუშავს. ჩვენი ამოცანა, როცა ხელისუფლებაში ხარ, მთავარია შედეგი და არავითარ შემთხვევაში ამოცანა არ არის გაჯიუტება ახირებაში.” 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა წინ წავიდა:

 

“ეს გადაწყვეტილება იყო ის, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დანარჩენი, ახირება იქნება ეს თუ კაპრიზი, არ მივაქციოთ ყურადღება და, საბოლოო ჯამში, ორიენტირი უნდა გაკეთდეს შედეგზე. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა წავიდა წინ. დანარჩენი, ეს იქნება სარეიტინგო კენჭისყრა თუ სხვა რამ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. არსებობს პრინციპები, რომელიც არ უნდა შეცვალო, მაგრამ არსებობს პრინციპები, რომელიც უნდა დათმო სასიკეთო გადაწყვეტილების მისაღებად.” 

 

მიღებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის მოქმედ კონსტიტუციაში, რომელიც ამჟამად პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს მთავრობა პარლამენტის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე.

მასალების გადაბეჭდვის წესი