შეხვედრის დასაწყისში, კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე, ირაკლი ალასანიამ დეპუტატებს საპარლამენტო ზედამხედველობის გამყარებაზე ესაუბრა. ალასანიას თქმით, სამინისტროს უკვე საკანონმდებლო ბაზაც მომზადებული აქვს:
“ყველა დახარჯულ 2 მილიონზე ზემოთ მომსახურებაზე და ასევე, 4 მილიონზე ზემოთ, როდესაც ჯდება, ასე ვთქვათ, სამუშაოები, რომელსაც დაიქირავებს თავდაცვის სამინისტრო, ვალდებულება არის, რომ შეტყობინება გავუკეთოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. ასევე, როცა საიდუმლო შესყიდვებს შეეხება საქმე, ამავე რაოდენობას თუ აცდება, ნდობის ჯგუფში სავალდებულოდ მივაწოდებთ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, მინიმუმ ერთხელ წელიწადში იქნება სავალდებულო ანგარიში წარვუდგინოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მთლიანად ჩატარებული შესყიდვებზე ჩვენს უწყებაში. ეს არის ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საპარლამენტო კონტროლს და გამჭვირვალობას ჩვენს შეიარაღებულ სამხედრო ძალებზე.”
ალასანიას მტკიცებით, სამხედრო პოლიციაში მინი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო შექმნილი:
“სამხედრო პოლიციის რეფორმა მართლაც პირველი იყო, რაც დავიწყეთ. იქ მინი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო შექმნილი თავისი ოპერატიული რესურსებით, რომელიც არ ჭირდებოდა სამხედრო პოლიციას. ჩვენ უარი ვთქვით ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობების ჩვენს გამგებლობაში ყოფნაზე და ეს საშუალებები გადავეცით შსს-ის სპეციალურ სტრუქტურას. სამხედრო პოლიციის მთავარი ამოცანა არის უზრუნველყოს წესრიგი და დანაშაულის პრევენცია-პროფილაქტიკა მოახდინოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში. დანარჩენი ამოცანა სამხედრო პოლიციას არ აქვს. გეტყვით, რომ სამხედრო პოლიციას ასევე ჰქონდა სამხედრო მზადყოფნის შემოწმების ფუნქცია, რაც საერთოდ წარმოუდგენელი და გაუგონარი სისტემა იყო”, – განაცხადა ალასანიამ და იქვე დასძინა, რომ სამხედრო პოლიციის რეფორმა გაგრძელდება და ძალიან მალე დასავლური, ნატო-ს სტანდარტების სამხედრო პოლიციას შექმნის.
ალასანია ასევე ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სამხედრო სფეროში ელიტური კორუფცია იყო, ხოლო შეიარაღებულ ძალებს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ:
“თავდაცვის სამინისტრომ წინა ხელისუფლების დროს მილიონ 650 000 დოლარის ღირებულების უხარისხო ჯავშან-ჟილეტი შეიძინა. წინასწარ არსებობდა დასკვნა, რომ ჯავშან-ჟილეტები უხარისხო იყო, თუმცა სამინისტრომ ის მაინც შეიძინა. ეს არის მკვლელობის ტოლფასი, როდესაც ამ ჯავშან-ჟილეტებით შენს ჯარს აიარაღებ და ავღანეთში უშვებ. მარტის თვეში 25 ათასი ცალი მობილური ტელეფონის ბარათი შეიძინა სამინისტრომ, არავინ არ იცის – რისთვის. ვიცით ის, რომ გადაიხადა 30 ათასამდე ლარი და შემდეგ ეს ბარათები სამხედრო პოლიციამ ჩაიბა. ასევე, მოგეხსენებათ, ლილოს ბაზრობიდან სატელიტური თეფშები ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან.”
როგორც ალასანია აცხადებს, სამინისტრომ სახელფასო სისტემის ახალი სტრატეგია მოამზადა:
“ჩვენ სარგოს ახალი სისტემა შევიმუშავეთ. სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო თანამშრომლებს, საერთო ჯამში, 89 %-ს მოემატა ხელფასი, 11 %-ს დააკლდა, მათ შორის დააკლდა ბრიგადის ხელმძღვანელებსაც, რომლებსაც ჰქონდათ არაპროპორციულად მაღალი ხელფასები. მე მათთან მქონდა შეხვედრები და ეს აბსოლუტურად ნორმალურად გაიგეს. გეტყვით, რომ ბრიგადის მეთაურს ჰქონდა გენშტაბის მოადგილეზე მეტი ხელფასი. ახლა მოხდა სამართლიანად გადანაწილება სახელფასო ფონდის. უწყებაში გასული 4 თვის განმავლობაში აღდგა სამედიცინო დეპარტამენტი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უწყებაში სამხედრო-სამედიცინო სფეროს. მას გადაეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალიც, რომლის ხელმძღვანელიც შეიცვალა და ახლა მას მართავს სამხედრო ექიმი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გადაწყვეტილებას უკვე იღებს გაერთიანებული შტაბი და სამხედროები და მე არ ვერევი სამხედროების საკადრო გადაწყვეტილებებში”.
მისივე განმარტებით, სამინისტრო ვეტერანთა დეპარტამენტს შექმნის:
“გასულ წელს ჯარისკაცი 6,25 თეთრით იყო დაზღვეული, ხოლო მინისტრი 120 ლარით. ასეთი კონტრასტული ხარჯები იქნა გაწეული. პირადად ჩემი და მთლიანად სამინისტროს პოზიციაა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს ცალკე, რომელიც მთავრობას დაექვემდებარება”.
რაც შეეხება სამხედროების კვების საკითხს, ალასანია განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კარგი გადაწყვეტილება მიიღო:
“მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სურსათის მოწოდების მინიმუმ 45% წელს ადგილობრივი წარმოების უნდა იყოს, მომავალი წლიდან მინიმუმ 55%, რათა შევუწყოთ ხელი ჩვენი სოფლის მეურნეობის სტიმულირებას. ჩვენ გამოვაცხადეთ 2-წლიანი ტენდერი”.
რაც შეეხება კადრების საკითხს, ალასანია აცხადებს, რომ 3%-ზე მეტი არ შეცვლილა:
“მგონი, ცვლილებები 3 პროცენტს არ აღემატება, რომელიც განხორციელებული იქნა პოლიტიკური დონის თანამდებობის პირების შეცვლით”.

ალასანია სტრატეგიული განვთარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას აანონსებს:
“ჯარისკაცებში ჩატარდა გამოკითხვა მათთვის პრობლემურ საკითხებზე და გერმანულ მხარესთან ერთად მიმდინარეობს განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია, რომელიც მალე აქმოქმედდება.”
ირაკლი ალასანიას თქმით, მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების პროფესიული შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას:
„2016 წლის ბოლოდან, 2017 წლიდან იგეგმა შეირაღებული ძალების სრულად გადაყვანა საკონტრაქტო სისტემაზე. სახმელეთო ჯარების სარდლობის ნაცვლად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობები ჩამოყალიბდება. ეს განაპირობა ჩვენმა გამოცდილებამ რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ომის შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის და კონტრმობილურობის გაძლიერებას შეირაღებულ ძალებში, ეფექტიანი რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ იქნება სამი ტიპის რეზერვი – საბრძოლო, ოპერატიული რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო რეზერვი“, – განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ალასანიას თქმით, ის კმაყოფილია:
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაესწრნენ ამ შეხვედრას. ეს იყო ორმხრივი აზრთა გაცვლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, სამხედრო საკითხებზე. მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვართ, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიგვეცა დეპუტატებისთვის”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო პიარკამპანიას აწარმოებს:
“ჩვენ მივიღეთ გარკვეული პასუხები, ამასთანავე გამოვთქვი შეშფოთება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრიც აწარმოებს რაღაც პიარკამპანიას და ამას აქვს პოლიტიკური შეფერილობა წინა ხელისუფლების დამცირების მიზნით. ზოგადად ამ პრაქტიკას, რომელიც ახალ ძალას იძენს, ამ კომუნიკაციას მივესალმებით და ჩვენ ვიქნებით მასქიმალურად ჩართული.”
