ახალი ამბები

სააკაშვილი: უნდა დაფიქსირდეს რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გატეხეს

20 მარტი, 2013 • 922
სააკაშვილი: უნდა დაფიქსირდეს რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გატეხეს

სააკაშვილის თქმით, ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებას ნაციონალური მოძრაობა და პირადად ის არასოდეს არ ეწინააღმდეგებოდნენ:

“თუმცა აქ საუბარია სხვა რაღაცაზე, ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის წევრებზე პარლამენტში ხორციელდებოდა ისეთი ზეწოლა, რომელიც მე არ მახსოვს საქართველოს უახლეს საპარლამენტო ისტორიაში, როდესაც ამ ხალხს აშინებდნენ, სხვადასხვა მატერიალურ სარგებელს ჰპირდებოდნენ, ზოგს შვილი დაუჭირეს, ზოგს შვილის დაჭერით დაემუქრნენ. დღეს, მაგალითად, უმცირესობის ორ წევრს გამოუცხადეს, რომ მათზე უახლოეს მომავალში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამ მეთოდებით რამდენიმე ადამიანის გადაბირება მოხდა და ეს არც იყო გასაკვირი, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი ბირთვი კვლავ საკუთარი შეხედულებების ერთგული დარჩა:

“ძირითადი ბირთვი “ნაციონალური მოძრაობის” დარჩა მტკიცედ და თქვა, რომ არ ვიყიდებით, არ ვშინდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები, მოდით, პოლიტიკურად ვილაპარაკოთ, ჩვენ გვინდა ქვეყანაში სტაბილურობა, განვითარება, მაგრამ ჩვენ ამ მეთოდებით ვერაფერს ვერ გვიზამთ. ამის ნაცვლად ბოლო კვირებში და თვეებში  ჩვენ გვესმის მთავრობის ხელმძღვანელობის განცხადებები და პარლამენტის უმრავლესობის, რომ 110 ხმა გვაქვს, 140 ხმა გვაქვს, 130 ხმა გვაქვს, გარდა ხუთი, ექვსი ტვინგაცხელებულისა ყველა მოგვცემს ხმას.


ამიტომ, მე მგონი, ძალიან ნათელი შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ტაბლოზე, რომ მათ აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც აქვთ, რომ ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს “ნაციონალური მოძრაობა”. ყველამ მომიტევეთ, მაგრამ ჩემთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი და ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა შეუვსებს იმდენ ხმას, რამდენიც აკლიათ, სავარაუდოდ მათ აკლიათ ექვსი თუ შვიდი ხმა. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ისინი ვერ წავიდნენ, მიუხედავად ყველა ამ მეთოდის გამოყენებისა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი