ახალი ამბები

“არც სუპერ-პრეზიდენტი და არც სუპერ-პრემიერი!”

21 მაისი, 2013 • 2020
“არც სუპერ-პრეზიდენტი და არც სუპერ-პრემიერი!”

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები უნდა ამოქმედდეს, რომლითაც პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე მკვეთრად იზრდება პრემიერის უფლებამოსილება. ეს კი სახიფათოდ მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც მაისის ბოლომდე აპირებს საკონსტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნას.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის იმ პრობლემურ მუხლებზე საუბრობს, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს და რომელთა შეცვლასაც ამოქმედებამდე შეეცდება პარლამენტი.


ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

“პრემიერ-მინისტრს ეძლევა პარლამენტის შანტაჟირების საფუძველი, მთავრობას შეუძლია შექმნას ისეთი წინაპირობა, რაც პარლამენტის დათხოვნის საფრთხეს შექმნის. ამასთან, პარლამენტს რეალურად არ შეეძლება მთავრობის გაკონტროლება”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.


ამის ერთ-ერთ საილუტრაციო მაგალითად ხმალაძეს მთავრობის ფორმირებისა და დათხოვნის წესი მოჰყავს:


“მთავრობას ქმნის პარლამენტი, მაგრამ ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სამთვიანი მოქმედებები, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას, პრემიერს 15 წუთში შეუძლია მოხსნას ესა თუ ის მინისტრი და მთლიანი მთავრობა შეცვალოს პარლამენტთან დაუკითხავად.


მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ჭირდება პარლამენტში 60%-იანი უმრავლესობა, რაც არასწორია. თუკი პარლამენტი მთავრობას უმრავლესობით უცხადებს ნდობას, ასეთივე უმრავლესობით უნდა შეეძლოს მას უნდობლობის გამოცხადება. არსებული პარლამენტის პირობებში 60%-იანი უმრავლესობა, ეს არის 90 დეპუტატი. ამ დროისთვის “ქართულ ოცნებას”, ანუ უმრავლესობას, ახლადშესული დეპუტატებიანად ჰყავს 86 პარლამენტარი”.


ამ საკითხს პრობლემურად მიიჩნევს ავთანდილ დემეტრაშვილიც, რომელიც 2009 წელს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო და ეს სადავო ნორმები კონსტიტუციაში სწორედ ამ კომისიის მიერ იქნა შემუშავებული:


“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ უზრუნველყო პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის ჯეროვანი განხორციელება. იმდენად რთული და ხანგრძლივი პროცესია უნდობლობის გამოცხადების, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს… 100–120 დღის განმავლობაში გრძელდება ეს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა…


უნდა აღსდგეს ის ნორმა, რომელიც მანამდე იყო კონსტიტუციაში და რეფორმის დროს შეიცვალა, რომ თუკი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას ⅓ –ით მაინც შეცვლის, მან უნდა წარადგინოს  მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში”.


დემეტრაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ეს საკითხი ვერ დააბალანსა იმ კომისიამ, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა:


“ყველაფერს მე არ ვწყვეტდი იქ, წყვეტდა კომისიის წევრთა უმრავლესობა. საერთო ტენდენცია იყო უმრავლესობის მხრიდან, რომ ყველანაირად დაეცვათ პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტი.”


დემეტრაშვილის თქმით, უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერებული არა პრემიერის, არამედ მთავრობის ინსტიტუტი:


“პარლამენტი ნდობას და უნდობლობას უცხადებს არა პრემიერს, არამედ მთლიანად მთავრობას, მაგრამ რა ფორმალური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მთავრობას, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩება პრემიერ–მინისტრად, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, სწორედ ის იქნება სახელმწიფოს პირველი პირი”.


თავად ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გაზრდილი უფლებამოსილება არ სურს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დაბალანსდება. იგი ფიქრობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე პრემიერის უფლებამოსილებების გაზრდის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კონსტიტუცია 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისთვის მოერგოთ, რომელიც, მისი ოპონენტების აზრით, პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერობას აპირებდა.


2013 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება, თუმცა ვახტანგ ხმალაძე ამ კუთხითაც ხედავს პრობლემურ საკითხებს:


“მართალია, მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ პრეზიდენტი კვლავ რჩება მთავარსარდლად, ანუ ჯარს ბრძანებას აძლევს ისევ პრეზიდენტი. ამას გარდა, თუკი პრეზიდენტი მოისურვებს, მას შეუძლია მცირედით, მაგრამ მაინც შეაფერხოს მთავრობის მუშაობა. კერძოდ, მას აქვს უფლება მთავრობას დაავალოს კონკრეტული საკითხების განხილვა და ასეთი საკითხები, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ყოველ კვირაში გამოძებნოს და მთავრობას არა აქვს უფლება უარი თქვას ამ საკითხების განხილვაზე”.


შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, რომ თეორიულად მთავრობის მუშაობა შეაფერხოს ახალ კონსტიტუციურ რეალობაში, ამ კითხვას ავთანდილ დემეტრაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:


ავთანდილ დემეტრაშვილი
ავთანდილ დემეტრაშვილი

“არა. იქ არის ასეთი დათქმა: პრეზიდენტს შეუძლია მოითხოვოს გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვა, მაგრამ ამ სხდომას ესწრებიან უშიშროების საბჭოს წევრები. ანუ ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე შეუძლია პრეზიდენტს განხილვის მოთხოვნა”, – ამბობს დემეტრაშვილი და დასძენს, რომ, მართალია, კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი აღარ არის ქვეყნის მმართველობის ქვაკუთხედი, მაგრამ მისი “ჩამოლაბორანტება” და მხოლოდ სიმბოლურ–ცერემონიალურ ფიგურად წარმოჩენა აბსოლუტურად არამართებული იქნება:


“პრეზიდენტს  ოქტომბრის შემდეგაც  ექნება ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმურობა, ვინაიდან ხალხის მიერაა არჩეული და ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ მე მთელი საქართველოს პრეზიდენტი ვარ. იგი ქმედითი არბიტრია”.


ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაც გააჩნია:


“პრეზიდენტს გააჩნია უპრეცედენტო (ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს) აღმასრულებელი ვეტოს უფლება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა დაასახელა პრემიერის კანდიდატურა და პრეზიდენტი უარს ამბობს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არა, მე ამ კანდიდატურას არ დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ წარადგინა იგი. თუ პარლამენტს სურს, რომ პრეზიდენტის ეს ვეტო გადალახოს, მაშინ ⅗ –ით უნდა გააკეთოს ეს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია”, – აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.


ამის მიუხედავად, დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციით მნიშვნელოვნად იზრდება პარლამენტის როლი:


“პრეზიდენტს აღარ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს პარლამენტის დღის წესრიგის მონოპოლიზება, ანუ საკანონმდებლო ინიციატივების უფლება პრეზიდენტს აღარ აქვს, იგი ვეღარ მოსთხოვს პარლამენტს, რომ მისი კანონპროექტები რიგგარეშე განიხილოს და ვეღარ მოიწვევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას თავისი დღის წესრიგით. პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება საკუთარი სურვილით კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა დააყენოს, მოითხოვოს რეფერენდუმი და, რაც მთავარია, პრეზიდენტის ნებაზე აღარ არის დამოკიდებული პარლამენტის არსებობა–არარსებობა. თუ დღეს ოთხი საფუძვლით შეუძლია პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვა, ახალი რედაქციის მიხედვით მას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია ამის გაკეთება და ეს შემთხვევაა, როდესაც პარლამენტში ვერ იქმნება უმრავლესობა, შესაბამისად, ვერ იქმნება მთავრობაც”.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდება, არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების ბალანსი:


“თუ პრეზიდენტი და პრემიერი შეიკრა, საერთოდ შეუძლიათ პარლამენტი დაივიწყონ და თუკი პრეზიდენტი და პარლამენტია შეკრული, შეუძლიათ პრემიერი დაითხოვონ”.


დემეტრაშვილი, ხმალაძის მსგავსად, მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრს არ უნდა ჰქონდეს მთავრობის ცვლის შეუზღუდავი, ულიმიტო ფარგლები.


კიდევ ერთი საკითხი, რომლის შეცვლასაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს ამ ტიპის ცვლილებებისთვის საჭირო ქვორუმს შეეხება.


კონსტიტუციის იმ რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევა, ნებისმიერი სახის საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო კვორუმი დეპუტატთა რაოდენობის ¾–ით არის განსაზღვრული, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. როგორც ირკვევა, ახალ ხელისუფლებას, პირველ რიგში სწორედ ამ კვორუმის შეცვლა და მისი კვლავ ⅔–დე (100 დეპუტატი) დაყვანა სურს.


“3/4-იანი ქვორუმი არის ძალიან მაღალი და ეს რაიმე ცვლილების შესაძლებლობას პრაქტიკულად არ იძლევა. თუკი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ ამ მუხლის ამოქმედებამდე არ შევცვალეთ ეს ნორმა, მერე კონსტიტუციაში ვერანაირ ცვლილებას ვეღარ შევიტანთ”, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამით ახალი ხელისუფლება ცდილობს, საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია:


“როგორც ჩანს,  უმრავლესობა აგროვებს საკონსტიტუციო ხმებს, 3 ხმა აკლდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენგან წასული დეპუტატებიც ემატება და 97 კაცი არიან სულ… ეს ყველაფერი საკმაოდ გაუგებარია, ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ძალიან ხშირად ვცვლიდით კონსტიტუციას და ახლა იგივეს აპირებენ თვითონ, ოღონდ თავის თავზე ირგებენ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ¾–იანი კვორუმი არის შანსი იმისათვის, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული პარლამენტის შიგნით და ამ პროცესში მონაწილეობდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც”.


მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი

მაჭავარიანი კონსტიტუციაში არც სხვა ცვლილებების მომხრეა, რომელსაც უმრავლესობა დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს, რომ განახორციელოს:


“ნახეთ “ოცნების” საარჩევნო პროგრამა და იქ წაიკითხავთ, რომ ისინი ამბობენ, ერთ საპარლამენტო ვადაში პარლამენტმა კონსტიტუცია არ უნდა მიიღოსო, ანუ კონსტიტუცია ორი მოსმენით უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა და ძალაში უნდა შევიდეს შემდეგი პარლამენტის არჩევის პირობებში. როგორც ჩანს, მათ ეს ყველაფერი დაავიწყდათ და ეს ჩანაწერი პროგრამაში მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ ლამაზად გამოჩენილიყო. ახლა ყურადღებას აღარ აქცევენ.


როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო პროექტი მივიღეთ, მინიმუმ ერთი წელი იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ, ამის შემდეგ პროექტი გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, სადაც დაახლოებით 3 თვე მიმდინარეობდა მისი განხილვა და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ იგი. ჩვენ პროექტი მივიღეთ მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიციური ძალის, ქდმ–ის მხარდაჭერით, ანუ მარტოს არ მიგვიღია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის 15 მაისი, ახალი საკონსტიტუციო კომისია როდის იქმნება და რა ფორმატი ექნება მას, ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი ალბათ ფაცი–ფუცში მოხდება, მერე ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს, ვენეციის კომისიას თავისი ვადები აქვს, ისინი ჩვენ ჭკუაზე სხდომებს არ იწვევენ და, შესაბამისად, მივიღებთ არასრულყოფილ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.


ვახტანგ ხმალაძის განცხადებით კი, კონსტიტუციაში პირველი ეტაპისათვის აუცილებელი ცვლილებების შესატანად უმრავლესობას დრო აგვისტომდე აქვს.


“ამ ცვლილებების განხორციელებისთვის ვადა გვაქვს აგვისტომდე და მათი განხორციელება აუცილებელია დღესვე. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადებას, ამას ერთ წელზე ნაკლები დრო არ ეყოფა, რადგან საფუძვლიანი განხილვა უნდა მოხდეს ამ პროექტის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი