ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ივლისში შეიქმნება

5 ივლისი, 2013 • • 1674
პარლამენტის თავმჯდომარე: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ივლისში შეიქმნება

ეს განცხადება დღეს, 5 ივლისს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, კომისიაში შევლენ არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური ძალების, არამედ არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, უსუფაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიას, რომლის დეკლარირებული მიზანიც საკონსტიტუციო ხარვეზების გასწორებაა, დახმარებას საერთაშორისო ექსპერტებიც გაუწევენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც შექმნის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. უსუფაშვილმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე იქნება.

“ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში გვჭირდება, ამიტომ ვერ დაგითმობთ”, – აღნიშნა მან.

მანამდე კი, უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო. შესაბამისი საორგანიზაციო კომისია, რომელშიც დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან, დაგეგმილ ცვლილებებს სასტუმრო “რადისონში” ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს აცნობენ. საყოველთაო–სახალხო განხილვა თბილისის შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

“დღეს დაიწყო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კომისიის მიერ, რომელიც შექმნილია პარლამენტის გადაწყვეტილებით. ცვლილებები ეხება გადაუდებელ მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ, პარლამენტი უახლოეს ხანებში შევქმნით  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც იმსჯელებს კონსტიტუციის სერიოზულ რეფორმაზე. იმ კომისიაში შევლენ არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს, რათა ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც ყოველ წელს 2–3 ცვლილების შეტანა აღარ იქნება საჭირო და რომელიც თითოეული მოქალაქის ძირითადი კანონი იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ სანამ კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებები განხორციელდება, მანამდე საჭირო იყო გადაუდებელი ცვლილების განხორციელება ორ ეტაპად, რაც მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო:

 

“პირველი ეტაპი – ეს იყო ის ცვლილება, რომელიც რამდნეიმე თვის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში და პრეზიდენტს ჩამოერთვა ის უფლება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და რომლის მიხედვითაც მას შეეძლო მთავრობის შექმნა პარლამენტის დაუკითხავად. დღეს ჩვენ ვიხილავთ ცვლილებების იმ ვერსიას, რომლითაც ახლა უკვე პრემიერ–მინისტრს არ ექნება ის უფლებები, რომლებიც 2010 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ განსაზღვრული იყო იმ პრემიერ–მინისტრისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა გაძღოლოდა ქვეყანას. ვინ უნდა ყოფილიყო ეს პრემიერი, ამაზე მე ახლა არ ვისაუბრებ.

 

2010 წელს შეიქმნა საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც ძალაში შევა წლის ბოლოს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ და ამ მოდელის მიხედვით პრემიერ–მინისტრს შეეძლება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავარობაში შეიტანოს იმდენი ცვლილება, რამდენიც მოუნდება, ანუ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა პრემიერს შეუძლია შეცვალოს მეორე დღესვე სრულად ისე, რომ პარლამენტს არაფერი ჰკითხოს. ეს მოდელი მიუღებელია, პირველ რიგში დღევანდელი პრემიერ–მინისტრისთვის, რომელიც თავიდანვე საუბრობდა იმის შესახებ, რომ ჩვენ დაბალასნებული კონსტიტუცია გვჭირდება. დაბალასნებული კონსტიტუცია არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ზედმეტი უფლებები. პრემიერის პოზიციაა, რომ არც მას უნდა ჰქონდეს ზედმეტი უფლებები და კოალიცია “ქართული ოცნება” გამოდის ინციიატივით, რომ ეს უფლება ჩამოერთვას პრემიერს და დარჩეს ის მოდელი, რაც დღეს არის: მთავრობის შემადგენლობის ⅓ – ით განახლების შემთხვევაში, მთელი შემადგენლობა პარლამენტის წინაშე ახლიდან წარსდგება”.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერის მიერ მთავრობის დათხოვნის უფლების საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში დეპუტატებმა ხუმრობაც კი მოიფიქრეს, რომლის მიხედვითაც, პრემიერს შეეძლო ქუთაისში ნდობის მოსაპოვებლად ერთი მთავრობა ჩაეყვანა, ხოლო უკანა გზაზე, რიკოთთან ახალი მთავრობის შექმნა და თბილისში ისე ჩასვლა შეეძლო.

მისივე თქმით, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება შეეხება იმას, რომ 2010 წლის რეფორმის მოდელით, პრემიერს პრაქტიკულად ენიჭება უფლებამოსილება, რომ პარლამენტის გარეშე მიიღოს კანონები:

 

“ხანგრძლივი პროცედურებით, მაგრამ მაინც. ეს ასევე არის მიუღებელი. თუ კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერსა და პარლამენტს შორის არის გამოუვალი მდგომარეობა, მაშინ გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს უნდა იყოს ჩვენი მომავალი მოდელი”.

“არის სხვა საკითხებიც, მაგალითად, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ჩვენი კონსტიტუცია დღეს რატომღაც მხოლოდ სამ თანამდებობის პირს უკრძალავს იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეობას: პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს არის სრულიად გაუგებარი, გამოდის, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე და ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ ამ სამი თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს არავითარ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ჩვენ ამ ნორმასაც ვიღებთ და მომავალ საკონსტიტუციო კომისიას ვთავაზობთ ამ საკითხში შეიტანოს სიცხადე: ან ყველას ჰქონდეს უფლება დაიკავოს თანამდებობა, ან ეს შეზღუდვა გავრცელდეს უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის მთავრობის წევრებზე, პარლამენტის წევრებზე და ასე შემდეგ. ზოგადად ორმაგი მოქალაქეობის საკითი ასევე გადასახედია. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს მაინცდამაინც გამართული სისტემა. თქვენ არ შეგიძლიათ იმავდროულად გახდეთ გერმანიის მოქალაქე, თუმცა გერმანელს შეუძლია იმავდროულად გახდეს საქართველოს მოქალაქე თუ ამას პრეზიდენტი გადაწყვეტს. ეს არ არის ნორმალური სისტემა და ეს საკითხიც გასარკვევია”, – განაცხადა მან.

 

უსუფაშვილის თქმით, კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი არის თვითონ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

 

“1995 წლიდან მოყოლებული დღემდე კონსტიტუციაში დაახლოებით 30–ამდე ცვლილება განხორციელდა პარლამენტის ⅔ –ის უმრავლესობით. ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღეთ სერიოზულად დამახინჯებული კონსტიტუცია. 2010 წლის მოდელის ავტორები გვთავაზობენ, რომ წლის ბოლოდან ძალაში შევიდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურ ცვლილებას დასჭირდება ¾ უმრავლესობა, ანუ დღევანდელ პარლამენტში 100 ხმის ნაცვლად – 114 ხმა. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა. კონსტიტუცია კარგად უნდა ჩაიკეტოს და მისი ცვლილება აღარ უნდა იყოს ასე მარტივი, მაგრამ  მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია გასწორდება. ჩვენ პირიქით არ უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ჩვენ ვთავაზობთ ყველას, დავტოვოთ ის ნორმა, რაც დღემდე არსებობდა და ამ ნორმის პირობებში განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმა კონსტიტუციაში”.

დღეს სასტუმრო “რადისონში” გამართული შეხვედრის ორგანიზატორი ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი იყო. NDI–ის მტკიცებით, მათ ღონისძიებაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც მიიწვიეს, თუმცა ისინი არ მივიდნენ, რისი მიზეზიც უცნობია. ამ საკითხზე კომენტარი დავით უსუფაშვილმაც გააკეთა.

“წინა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს იყო მწვავე დებატები მოსახლეობასა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც ჩვენ ორგანიზატორებთან ერთად ყველა ზომა მივიღეთ წესრიგის უზრუნველსაყოფად, თუმცა იყო პრობლემები და ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა განხილვის პროცესში მოანაწიელობაზე, თუმცა შეგახსენებთ, რომ მაშინ ნაცმოძროაბამ ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მათი არდასწრება არა მგონია იმით იყოს განპირობებული, რომ ისინი ჟურნალისტებისგან აგრესიას ელოდნენ, მე მგონია, რომ ყველა ჟურნალისტი მოთოკავს თავს და არა მგონია, ნაციონალურ მოძრაობას თქვენგან საფრთხე ემუქრებოდეს, ალბათ, ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის მუშაობის ბოლო ეტაპზე გამოაცხადა: პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი