ახალი ამბები

მოქალაქეობის ერთნაირი ცენზი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად

14 ივნისი, 2013 • • 1338
მოქალაქეობის ერთნაირი ცენზი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად

აღნიშნული კანონპროექტი  ცვლილებების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში ითვალიწინებს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია წერია, “ცვლილებების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით.”

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც მას ჰქონდეს ორმაგი მოქალაქოება, თუმცა ასეთი  დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარედ ვერ იქნება არჩეული. ორმაგი მოქალაქეობის პირი მინისტრად შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ ის  ვერ დაინიშნება პრემიერ-მინისტრად.  პირი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ვერც პრეზიდენტად იქნება არჩეული.

საკონტიტუსციო ცვლილებების მიზანი, რომელსაც ხელს 80 დეპუტატი აწერს,  სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზის დადგენაა. კერძოდ, კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს  29-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვით, “საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა”.

 

ხოლო თუ ამ ცვლილების პარლამენტი მიიღებს,  ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების დაკავებას საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი