ახალი ამბები

“მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციისთვის”- საერთაშორისო NGO-ების წერილი

14 ივნისი, 2017 •
“მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციისთვის”- საერთაშორისო NGO-ების წერილი

24 გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს და იმედოვნებს, რომ საქართველოში დაწყებული გამოძიება ვითარებას ნათელს მოჰფენს.

ამ წერილით ორგანიზაციები საქართველოს ახსენებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე, საერთაშორისო და მორალურ ვალდებულებებს.

დღეს, 14 ივნისს, პრემიერმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, გაეცნო თუ არა უკვე წერილს, თუმცა მოკლე კომენტარი გააკეთა გამოძიებაზე.

“გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სწორედ საქართველოს რეპუტაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ორგანიზაციების მიერ კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ წრილში არის ყურადღება გამახვილებული:

“აფგან  მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციისთვის, როგორც კავკასიის რეგიონის ლიდერ ქვეყანაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,”- ვკითხულობთ წერილში.

აქვე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დარჩენილ კრიტიკოსებთან სასტიკი ომი აქვს გაჩაღებული.

“საქართველოს, როგორც ასეთი რეპრესიული სახელმწიფოს მეზობელს, აქვს მორალური ვალდებულება, რომ გააგრძელოს თავისი ისტორიული როლი და შეიფაროს აზერბაიჯანელი დისიდენტები,”- ვკითხულობთ წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლის გატაცება და აზერბაიჯანში უკანონო დეპორტაცია იმ დროს, როდესაც მუხთარლი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

ორგანიზაციები ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ევროკონვენციის მესამე მუხლი ნათლად გუისხმობს სახელმწიფოების ვალდებულებას, არ გააძევოს და დაარეპორტოს ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც მას შესაძლოა მას წამება, არაადამიანური ან ღირსებისშემლახავი მოპყრობა ემუქრებოდეს. საქართველო ევროკონვენციის მხარე ქვეყანაა, შესაბამისად, ეს პასუხისლგებლობა ეკისრება

“საქართველოს პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და თავიდან აიცილოს მათი ძალით დაბრუნება აზერბაიჯანში,”- ვკითხულობთ წერილში.

ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას მიესალმებიან და ელიან, რომ ეს ვითარებას ნათელს მოჰფენს.

“მივესალმებით გამოძიების დაწყებას აფგან მუხთარლის “უკანონო გატაცებასთან” დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიებამ ნათელს მოჰფენს გამტაცებლების ვინაობას და  მომხდარში ქართველი სამართალდამცავების პოტენციურ როლს გამოავლენს.  აუცილებელია მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეზობელი სახელმწიფოს უკანონო მოქმედებები არ მიიღება და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც ჩართული იქნება საერთაშორისო სამართლის ასეთ მძიმე დარღვევაში, პასუხს აგებს,”- ვკითხულობთ წერილში.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ჟურნალისტებმა არაერთი აქცია გამართეს აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისიდან სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას დამაჯარებელი პასუხები მოთხოვეს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც აფგან მუხთარლის შსაძლო გატაცებას უკავშირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი