ახალი ამბები

დემურ სტურუას ბიცოლა: პროკურატურა აპირებს, გაასაჩივროს პოლიციელის უდანაშაულოდ ცნობა

9 ივნისი, 2017 • 3239
დემურ სტურუას ბიცოლა: პროკურატურა აპირებს, გაასაჩივროს პოლიციელის უდანაშაულოდ ცნობა

დემურ სტურუას ბიცოლის, დარეჯან ჯაშის განცხადებით,  ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, პროკურორი აპირებს, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

“ქალბატონი ნათია [პროკურორი] აპელაციას აპირებს. აუცილებლად უნდა გავიტანო სააპელაციოზე ეს საქმეო”, – განაცხადა დარეჯან ჯაშმა.

“ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, რათა გაეგო, მართლაც აპირებს თუ არა პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც განგვიცხადეს, რომ მათ დრო სჭირდებათ საკითხის გასარკვევად.

პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა ბრალად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ ცნო.

დარეჯან ჯაში კმაყოფილია პროკურატურის მუშაობით, თუმცა უკმაყოფილოა მოსამართლის გადაწყვეტილებით. მას არ სჯერა, რომ სასამართლო სამართლიანად წარიმართა.

ახლობლების თქმით, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა, რომელშიც იგი ამ გადაწყვეტილების მიღებაში პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა.

“ნუთუ, დავიჯეროთ, ეს წერილი და იმდენი მტკიცებულება ჰქონდა მოპოვებული პროკურატურას, არ წარმოადგენს არაფერს? მე არ ვიცი. აბსოლუტურად გადაშენდა ყველა მოსამართლე და ეს მთავრობაც კიდევ”, – განუცხადა ნეტგაზეთს დარეჯან ჯაშმა.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც,  თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.

სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი