პროკურორი: მიმალვაში მყოფ გოდერძი თევზაძეს საზღვარი არ გადაუკვეთავს

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელ გოდერძი თევზაძეს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, საზღვარი არ გადაუკვეთავს. მასზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

პროკურატურა ადასტურებს, რომ ხელნაწერის ექსპერტიზის თანახმად, ავთენტური იყო ის წერილი, რომელიც თვითმკვლელობამდე დემურ სტურუამ დატოვა. სწორედ ამ წერილიდან გახდა ცნობილი, რომ თევზაძე დემურ სტურუას აშანტაჟებდა, რათა მიეღო ინფორმაცია, თუ ვის ჰქონდა მარიხუანა დათესილი სამტრედიის სამ სოფელში.

პროკურორის თქმით, გოდერძი თევზაძის გარდა საქმეზე სხვა პირთა ბრალეულობა არ არის გამოკვეთილი.

“ჩვენ გვაქვს ხელთ დაკავების განჩინება, რომელიც სასამართლოდან ავიღეთ და მიმდინარეობს ყოფილი პოლიციის თანამშრომლის დაძებნის ღონისძიებები. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ აქვს გადაკვეთილი. გაფრთხილებულია საზღვარი, რომ მისი გამოჩენის შემთხვევაში მოხდეს საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება მისი შემდგომი დაკავების მიზნით. ამავდროულად, მივმართავთ სასამართლოს შუამგდგომლობით ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, რის შემდეგაც ძებნის პროცედურაში ჩაერთვება სამძებრო სამსახური,” – განაცხადა მან.

კოკა კაციტაძის თქმით, გოდერძი თევზაძის დასაკავებლად ძებნის პროცედურები ხორციელდება 27 აგვისტოს შემდეგ, რადგანაც, მისი თქმით, დაკავების განჩინება აღებულია 27 აგვისტოს.

მანამდე გოდერძი თევზაძე პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა.

“მას შემდეგ, რაც გვქონდა სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების განჩინება, მოხდა მის საცხოვრებელ ადგილზე მისვლა, სადაც ის არ დაგვხვდა, შემდეგ დაიწყო ძებნის პროცედურები, მათ შორის, ჩვენ ვცდილობდით სატელეფონო კონტაქტზე გასვლას, თუმცა იგი არის მიმალვაში და ამ დრომდე თავს არიდებს გამოძიებას,”-განაცხადა კოკა კაციტაძემ.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი