ახალი ამბები

პროკურატურამ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი დაკითხა

2 მარტი, 2013 • • 1323
პროკურატურამ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი დაკითხა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში თეიმურაზ ცამციშვილი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იკითხებოდა. პროკურატურამ ცამციშვილს ბრალი 182-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ითვალისწინებს:

 

“თემა ტრანსპორტს ეხება. ბრალდებული ვარ 182-ე მუხლით. ბრალს არ ვაღიარებ, რადგან ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. გამოძიებამ არ ჩათვალა საჭიროდ დაკავება. დაკითხვაზე გამოვიყენე დუმილის უფლება.,”- განცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა.

 

ზეწოლაზე მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, რომელიც დღეს პროკურატურასთან იმყოფებოდა:

 

“მას შემდეგ, რაც საკრებულოში ხელისუფლებისთვის და “ქართული ოცნებისთვის” დაგეგმილი გადატრიალება არ გამოვიდა და ისევ უმრავლესობაში დარჩა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, უკვე ე.წ. ვექტორმა ამ ზეწოლის გადმოინაცვლა თვითმმართველობის აღმასრულებელ შტოზე”.

 

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პროკურატურაში დაბარების ერთადერთი მიზეზი 2011 წელს ერთ-ერთი შპს-სთვის თანხის გადარიცხვაა. გამოძიებამ ჩათვალა, რომ თანხა არამიზნობრივად გაიფლანგა. აღნიშნული ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ელისო დათუსანი.

 

ცამციშვილის გარდა, დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძეც დაიკითხა. როგორც თევდორაძე ამტკიცებს, პროკურატურას მისთვის უწყისი არ გაუგზავნია და პროკურატურაში დაბარებაზე ინფორმაცია  სატელეფონო ზარით მიაწოდეს. მისივე განმარტებით, ის მოწმის სტატუსით დაიკითხა და გამოძიება სახელმწიფო ქონების გასხვისებით იყო დაინტერესებული:

 

“გამოძიებას ზოგადად აინტერესებდა მერიასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის რა დამოკიდებულება იყო, სხვადასხვა ქონების გასხვისება, იჯარით გაცემა, თუ სხვასთან დაკავშირებით. ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვა რამდენიმე ასეთ ფაქტთან დაკავშირებით. რამდენად იყო გუბერნიის ან ჩემი მონაწილეობა. აინტერესებდათ, როგორი იყო ჩვენი ხედვა, თუ არსებობს დებულებაში რაიმე გუბერნიის, რომელიც, ვთქვათ, აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს ქონების გასხვისებასა და იჯარით გაცემაზე. იმედი მაქვს, რომ აღარ დამიბარებენ.  დავემშვიდობეთ, რომ კარგად იყავითო და არა  ნახვამდის და დროებით.”

 

ქუთაისის მერიაში ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ქალაქის მერმა ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა, მასობრივი დაკითხვების პროცესი ხელს უშლის მერიის გამართულ ფუნქციონირებას:

 

“ვისაც იბარებენ დაკითხვაზე, არ იციან, რატომ იბარებენ, ან რა სტატუსით იბარებენ დაკითხვაზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა სწორედ ამაში გამოიხატება. ჩვენ მოვუწოდებთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ მოგვცენ მუშაობის საშუალება. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. თუმცა ბოლო პერიოდში თვითმმართველობაში განვითარებული მოვლენები ამაზე მეტყველებს.”

 

როგორც მერიაში აცხადებენ, ორშაბათს, 4 მარტს პროკურატურაში ქალაქის საბინაო სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია არის დაბარებული.

 

გუშინ პროკურატურამ ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე დაკითხა. გამოძიება ბრეგაძის ბიზნესში საქმიანობის დროს სახელშეკრულებო დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობით დაინტერესდა. საქმე ეხება სამშენებლო კომპანია „კომფორტის“დირექტორის, ამჟამად კი ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის საკითხის გარკვევას.

 

საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის გაგა ჩახუნაშვილის თქმით, აღნიშნული კომპანიიდან მოქალაქემ შეიძინა ფართი, თუმცა მას რეალრუად ფართი არ გადაეცა:

 

„ამ კომპანიის აშენებულ სავაჭრო ობიექტში მოქალაქემ შეიძინა ფართი, თუმცა მოქალაქეს ფართი არ გადაეცა. თუმცა, როგორც ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მისი არ არის და სავარაუდოდ გაყალბებულია. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულობის ნამდვილობის და ხელმოწერის ნამდვილობის გარკვევის მიზნით  დღეს მოწმის სახით დავკითხეთ ქალაქის მერი. მიმდინარეობს გამოძიება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი