ახალი ამბები

საქართველოს პრემიერის საგანგებო განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე

3 ივნისი, 2017 •
საქართველოს პრემიერის საგანგებო განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით ეხმაურება აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას:

“ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.

“სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს.

ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

აქვე მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით.

ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა თბილისიდან და  30 მაისს აღმოჩნდა ბაქოში დაკავებული.

მუხთარლიმ პირადად უამბო ადვოკატს, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს, როდესაც კაფედან შინ ბრუნდებოდა. ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამტაცებლები ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. შემდეგ ის უკვე გადაეცა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს და დააპატიმრეს სამი ბრალდებით, მათ შორისაა, საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა (აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მუხთარლის გადაჰქონდა 10 ათასი ევრო ნაღდი ფული) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს აპროტესტებენ ჟურნალისტები საქართველოში. მათ პროტესტს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ოპოზიცია ითხოვს ძალოვანი მინისტრებისა და მთავრობის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ იკითხა, თუ როგორ ხდება, რომ A პუნქტში ქრება ადამიანი B პუნქტში ჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი