ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობის შეზღუდვა იმ ერთიანი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც გიორგი მამალაძის საქმის განხილვის პროცესში ჩანს.
“ხელისუფლება ცდილობს, მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე საჯარო კონტროლის სფეროდან სრულად გაიტანოს, რაც მას და ალბათ, პირველ რიგში, საპატრიარქოს საქმის პოლიტიკური სპეკულირების შესაძლებლობას უტოვებს”, – ამბობს მიქელაძე.
იურისტის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქმის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და საქმეზე ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საწყის ეტაპზე პროკურტურის მხრიდან საქმის გასაიდუმლოება და ადვოკატებისთვის საიდუმლოს გაუმჟღავნებლობაზე პირობის ჩამორთმევა, ამ ეტაპზე კი სასამართლოს მიერ სხდომების მთლიანი დახურვა, საქმის პოლიტიკური გამოყენების ინტერესზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.
თამთა მიქელაძის თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან საქმის მონიტორინგი და საზოგადოების ინფორმირება საქმეში არსებული პროცესუალური დარღვევებისა და ადამიანის უფლებების სტდანდარტების შესაძლო დარღვევის შესახებ არსებითია.
მიქელაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა, შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში და მიიღოს ყველა სახის მასალა და ინფორმაცია. კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველს ასევე გააჩნია წვდომა სახელმწიფო, კომერციულ და კანონით დაცველ სხვა საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით გადაეცემა.
“მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სახალხო დამცველს კანონით გააჩნია მისი სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება, რაც დამატებითი გარანტიაა პერსონალური ინფორმაციის დასაცავად”, – ამბობს თამთა მიქელაძე.
სასამართლო სხდომებში სახალხო დამცველის მონაწილეობა მონიტორინგის განხორციელების ინტერესით ხორციელდება, სახალხო დამცველის კონსტიტუციური მანდატის განხორციელების ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ხელი არ შეუშალოს ამ პროცესს, ამბობს მიქელაძე.
“სხვა შემთხვევაში, სასამართლოს უარი სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლად და უშუალოდ ბრალდებული პირის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეიძლება განვიხილოთ”, – ამბობს მიქელაძე.
დღეს, 30 მაისს, მკვლელობის მომზადების საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის სხდომის დაწყებამდე, სასამართლოში მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მოითხოვა, რომ დახურულ სხდომას დასწრებოდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს და მიიჩნევს, რომ მოსამართლემ კანონი დაარღვია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 9 ივნისს გაიმართება, სახალხო დამცველმა და მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.