ახალი ამბები

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

6 იანვარი, 2020 • 2423
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ ახლახან, 6 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც შეწყალების საკითხზე გამართა. 

მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ პრეზიდენტს გასულ წელს, სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. 

„ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა 6 იანვარს.

მისი თქმით, „ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა-დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს”.

ზურაბიშვილის შემდეგი არგუმენტი „ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკაა”.

„ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას.

ჩემი პირადი, როგორც პრეზიდენტის, დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისადმი, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინებაში და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა? ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია, და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ უფლებას“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

მანამდე, 2019 წლის 4 ნოემბერს,  პრეზიდენტმა მამალაძის შეწყალების საკითხს “სენსიტიური” უწოდა:  “მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი საქართველოს მთელი საზოგადოებსითვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა – უნდა შევიწყალო თუ არა. სინოდმა თავისი თქვა, მეც მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც ამ დღეებში იქნება მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება“. 


დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი მამალაძის საქმეზე“ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი