ახალი ამბები

ომბუდსმენი დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე მოსამართლემ არ დაუშვა

30 მაისი, 2017 •
ომბუდსმენი დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე მოსამართლემ არ დაუშვა

დღეს, 30 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ დაუშვა.

“მოსამართლემ ამიხსნა, რომ მას არ აქვს საფუძველი, თუ რომელი ნორმა მიუთითოს იმისთვის, რომ დახურულ პროცესში სხვა პირის დასწრება უზრუნველყოს. ამიტომაც მან შემომთავაზა, იქნებ შემდეგ სხდომამდე რაღაცნაირად ვიფიქროთ იმ საფუძველზე, რის შესაბამისადაც შესაძლებელია სახალხო დამცველის დასწრება ამ დახურულ პროცესზე იყოს უზრუნველყოფილი. მე მას გავუმეორე, რომ არსებობს ორგანული კანონი და საკმაოდ მაღლა დგას, სახალხო დამცველის დასწრება მსგავს პროცესზე არსად აკრძალული არ არის. ასევე, სახალხო დმცველი ზედამხედველობას უწევს მთლიანად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას, მათ შორის, ხელისუფლების ირგანოებში და სასამართლო დარბაზებში.

მოსამართლემ ეს კანონი იცოდა. უბრალოდ, ის აპელირებს საპროცესო კოდექსზე, სადაც მსგავსი პროცესების დახურვასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი ცალკე არ არსებობს. ეს ერთგვარი კაზუსია, მაგრამ, ვფიქრობ, სახალხო დამცველს გააჩნია ის უფლებამოსილება, რომ სასამართლოზე წვდომა, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლო მასალებზე წვდომა ჰქონდეს,” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მივიდა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასწრება მოითხოვა, რომელიც დახურულია. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს და მიიჩნევს, რომ მოსამართლემ კანონი დაარღვია.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. სასამართლო პროცესი დახურულია. დეკანოზი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი