სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა კანონი დაარღვია, როცა მას დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა.
“ჩემი გადმოსახედიდან, მოსამართლემ დაარღვია კანონი. სასამართლოს მივცემ კიდევ ერთ შანსს, იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ სხდომაზე სახალხო დამცველი დაესწრება დახურულ პროცესს,” – განაცხაადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მივიდა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასწრება მოითხოვა, რომელიც დახურულია. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს, თუმცა მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა.
როგორც ნანუაშვილი ამბობს, მოსამართლე საპროცესო კოდექსის პერსპექტივიდან უყურებს ამ საკითხს, სადაც მსგავსი პროცესების დახურვასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი არ არსებობს. ამიტომ მოსამართლე აცხადებს, რომ საფუძველი უნდა მოიფიქრონ, რომ ომბუდსმენის პროცესს დაესწროს.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. სასამართლო პროცესი დახურულია. დეკანოზი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.