ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაუჩინარებული ჟურნალისტი და მისი ცოლი ალიევების ბიზნესს იძიებდნენ

30 მაისი, 2017 • 7607
გაუჩინარებული ჟურნალისტი და მისი ცოლი ალიევების ბიზნესს იძიებდნენ

“მე და ჩემი ქმარი ამჟამად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესკომპანიების შესახებ მორიგ საგამოძიებო სტატიაზე ვმუშაობდით”, – აცხადებს თბილისში 2017 წლის 29 მაისს საღამოს გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა.

ლეილა მუსტაფაევამ, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და ალიევის რეჟიმის მიერ დევნილმა თბილისში მცხოვრებმა რამდენიმე ოპოზიციონერმა გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით 2 წელია ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. საქმიანობიდან გამომდინარე, მისი აზერბაიჯანში დარჩენა საფრთხეს წარმოადგენდა.

მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ, ისევე როგორც სხვა აზერნაიჯანელ აქტივისტებს, ბინადრობის მოწმობის დოკუმენტი აღარ გაუგრძელა, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ის საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

საქართველოში ცხოვრების პერიოდში მუხთარლი და მისი ცოლი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის [GIPA] კურსდამთავრებულია, ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდნენ, თუმცა, უკვე დისტანციურად “meydan.tv”-სთვის მუშაობდნენ და საგამოძიებო მასალებს ამზადებდნენ. როგორც ლეილა მუსტაფევა ამბობს, მუშაობდნენ საგამოძიებო სტატიათა ციკლზე ილჰამ ალიევის ოჯახის ოშფორული ბიზნესების შესახებ, მათ შორის- საქართველოში.

ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის ქმარს მუდმივად უთვალთვალებდნენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული კომპანია “სოკარის” უსაფრთხოების სამსახურის აზერბაიჯანელი თანამშრომლები. 29 მაისის საღამოსაც, როდესაც ჟურნალისტი და მისი მეგობარი, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ოპოზიციონერი დაშგინ აღალარლი, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ, გვერდით მაგიდასთან სწორედ “სოკარის” აღნიშნული თანამშრომლები ისხდნენ და, როგორც დაშგინ აღალარლი ამბობს, დროდადრო პროვოკაციას აწყობდნენ.

29 მაისის საღამოს შემდეგ, როდესაც მუხთარლი და აღალარლი კაფედან გამოვიდნენ და ერთმანეთს დაემშვიდობნენ, აფგან მუთხარლი გაუჩინარდა.

აფგან მუთხარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ დღეს, 30 მაისს მიმართეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებას, რათა დაადგინონ, სად იმყოფება და რა მდგომარეობაშია ახლა გაუჩნარებული ჟურნალისტი. შსს-ს განმარტებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.

ლეილა მუსტაფაევას თქმით, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ “ამერიკის ხმას” ინტერვიუ მისცა, სადაც აზერბაიჯანელ აქტივისტთა და პოლიტიკურ დევნილთა უფლებებზე საუბრობდა.

აზერბაიჯანულ სახელმწიფო მედიაგამოცემებში ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყნდება ვრცელი სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები “მიწისქვეშეთიდან” აზერბაიჯანში რევოლუციას ამზადებენ. სტატიებში ჩამოთვლილ პირთა შორის არის აფგან მუხთარლიც. კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა 26 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარის გადაკვეთის დროს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ფულის უკანონო გადატანის ბრალდებით დააკავეს.  დაშგინ აღალარლის, ასევე, აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება მოუწევს. საქართველოს დატოება აიძულეს ასევე აზერბაიჯანელ ჟურნალისტ გუნელ მევლუდსა და მის ქმარს, რომლებიც ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით საცხოვრებლად ევროპის ქვეყანაში გაემგზავრნენ.

სხვადასხვა ბრალდებით იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაკავება, რომლებიც აზერბაიჯანში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამენ, აზერბაიჯანში ბოლო წლების ტენდენციაა. კრიტიკული აზრის გამო ქვეყანაში იდევნებიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბლოგერები, სამოქალაქო აქტივისტები.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტები ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ყველა შესაძლო ხერხით, მათ შორის ენერგეტიკული პროექტებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს და აიძულებს, უარი უთხრან მის მიერ დევნილ აქტივისტებს საქართველოში თავშესაფრის ან ბინადრობის მოწმობის გაცემაზე.

“ვფიქრობ, აზერბაიჯანი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის გზა აირჩია, ვა-ბანკზე მიდის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამომღები მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველოც, რომელმაც ევროპული გზა აირჩია და ადამიანის უფლებებს პატივს უნდა სცემდეს, ცუდ დღეშია, რომ არჩევანის გაკეთება უწევს”,- ამბობს დაშგინ აღალარლი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი