ახალი ამბები

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

30 მაისი, 2017 •
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ამის შესახებ მისი მეუღლე და მეგობარი იუწყებიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წევრმა ნათია თავბერიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მიმართეს პოლიციას მას შემდეგ, რაც გაუჩინარდა. პოლიციაში იგი დაფიქსირებული არ არის.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი