ნეტგაზეთი | საქართველო ალიევის რეჟიმის მიერ დევნილ ოპოზიციონერსა და მის ოჯახს აძევებს საქართველო ალიევის რეჟიმის მიერ დევნილ ოპოზიციონერსა და მის ოჯახს აძევებს – Netgazeti
RU | GE  

საქართველო ალიევის რეჟიმის მიერ დევნილ ოპოზიციონერსა და მის ოჯახს აძევებს

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ ოპოზიციონერ დაშგინ აღალარლის, რომელიც დაახლოებით ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება მოუწევს.

2017 წლის 21 მარტს სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჩივარი დააკმაყოფილა, რითაც აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს უარი ეთქვა საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე. სასამართლოს მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების გამოცემიდან 15 დღეში კი დაშგინ აღალარლი და მისი შვილი, რომელიც ამჟამად თბილისში სწავლობს, იძულებული გახდებიან, ქვეყანა თავისი ნებით დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანში ექსტრადიცია ელით.

ამჟამად ერთადერთი გამოსავალი, აღალარლის აზერბაიჯანში რომ არ მოუწიოს დაბრუნება, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატია. აღალარლი ამბობს, რომ ორგანიზაციაში მისი პრობლემის შესახებ ცნობილია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია არ მოხდეს – შესაძლოა, აღალარლი და მისი ოჯახი მათი დახმარებით ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაამგზავრონ.

“ისინი არიან გარანტები, რომ ექსტრადიცია არ იქნება საქართველოდან. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი, კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებენ უახლოეს დღეებში. სხვა შანსი, უბრალოდ, აღარ არსებობს ევროპული სასამართლოს გარდა”.

“საქართველოში უკვე ისედაც აღარ ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ, განსაკუთრებით, შვილის გამო მეშინია. ნებისმიერ დროს არსებობს საფრთხე. ყველამ კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანული და ქართული მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ საკითხში. როგორც ირკვევა, საქართველოში ჩემი ცხოვრების შესახებ, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებში დატოვებული ანკეტებიც კი ხელმისაწვდომია აზერბაიჯანული მხარისთვის. კი, ბატონო, მესმის თანამშრომლობა ყველა სფეროში, თუმცა არა მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებსა და სიცოცხლეს შეეხება. ვფიქრობ, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს აქ. ამასთან, ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანი ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რათა ჩემი აზერბაიჯანში ექსტრადიცია მოხდეს”.

აღალარლის შვილიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტია. მამამ შვილი აზერბაიჯანიდან არსებული საფრთხის გამო საქართველოში ჩამოიყვანა – “არავინ იცის, რა ბრალდებით შეეძლოთ იქ მისი დაკავება”. 

დაშგინ აღალარლი იმედოვნებს, რომ შვილი მიმდინარე სემესტრის დასრულებას მაინც შეძლებს და იქამდე არ მოუწევთ საქართველოს დატოვება. 

დაშგინ აღალარლი; ფოტო: აღალარლი ფეისბუკის გვერდიდან

დაშგინ აღალარლი; ფოტო: აღალარლის ფეისბუკის გვერდიდან

სამართლებრივი პროცედურები დაშგინ აღალარლის საქმეზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქალაქო სასამართლომ აღალარლების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამინისტროს მათთვის თავშესაფრის მინიჭება დააკისრა.

2015 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა დაშგინ და ორხან აღალარლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ მათი საქართველოში ყოფნა “საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას და სახელმწიფოს ინტერესებს”.

“გადაწყვეტილებაში არ იყო დასაბუთებული უარის თქმის მიზეზები და ის საფრთხეები, რის გამოც მათ უარი ეთქვათ სტატუსის მიღებაზე. სამინისტროს გადაწყვეტილებაში, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ და ორხან აღალარლები შეიძლება დაექვემდებარონ პოლიტიკურ დევნას, წამებას და სიცოცხლის მოსპობას, მეორე მხრივ კი,  სამინისტრო მაინც უარს ეუბნებოდა მათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე”, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი იურისტი, თამარ ავალიანი,  დაშგინისა და მისი შვილის, ორხან აღალარლის სამართლებრივ ინტერესებს 2014  წლიდან იცავს.

2016 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ  აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ  წამებას და პოლიტიკურ დევნას. შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა – ბათილად ცნო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაავალა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ორხან და დაშგინ აღალარლებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში და შედეგიც მის სასარგებლოდ დადგა.

“ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დაშგინ აღალარლი.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი აზერბაიჯანში მოხვდება, ციხე ელის. ჯერ კიდევ 2013 წელს აზერბაიჯანში აღალარლის მიმართ, რომელიც იმ დროისთვის ოპოზიციური ბლოკიდან საპრეზიდენტო კანდიდატის აქტიური მხარდამჭერი იყო, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

აღალარლი ამბობს, რომ კერძო კომპანია, სადაც ის თითქოს მუშაობდა აზერბაიჯანში, და, შესაბამისად, გადასახადებს არ იხდიდა, საერთოდ არ არსებობდა.

“დღემდე, ამ შეკერილი საქმის გამო ჩემს ცხოვრებაში ამდენი პრობლემაა”.  

 დაშგინ აღალარლი, რომელიც ზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო ძებნაში იყო, 2014 წელს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას დააკავეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა, თუმცა მისი პასპორტი ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში აქვთ.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილები საქართველოს ტოვებენ

საქართველოში ცხოვრება გართულდა აზერბაიჯანის იმ სხვა მოქალაქეებისთვისაც, ვინც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნება. საქართველოდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძევების საკითხზე წერილი ნეტგაზეთში დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ტელეკომპანია meydan.tv-ს ჟურნალისტმა, გიუნელ მევლუდმაც დაწერა.

“ქართულის სწავლაც დავიწყე, სამწუხროდ, ვერ დასრულდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, აქ მერჩივნა ცხოვრება, ვიდრე ევროპაში – აქ თითქოს აზერბაიჯანთანაც უფრო ახლოს ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. საქართველოს ბოლო წლების ისტორია გვაჩვენებს, რომ აზერბაიჯანთან შედარებით  აქ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ბევრად დემოკრატიულია, მაგრამ საქართველოსთვის მე უფრო მეტ დემოკრატიას ვისურვებდი. სიმართლე გითხრათ, ასეთი შემთხვევები იმედს მიცრუებს. ევროკავშირთან ეს მთელი პროცესები, ვფიქრობ, თავის ნაყოფს გამოიღებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დღეს პირადად ჩემს თავზე ამას ვერ გრძნობ. საქართველო კარგი მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ, ალბათ, მისთვისაც რთულია სრულფასოვანი დემოკრატია ასეთი გარემოცვისა და მეზობლების პირობებში”, – ამბობს დაშგინ აღალარლი ნეტგაზეთთან.

დაშგინ აღალარლისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სხვა დევნილი მოქალაქეების საქმეებზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებების მოტივებს, ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი