ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს მთიულეთში იმყოფებოდა, სადაც ქართველ და გერმანელ სპეციალისტებთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოინახულა ის ადგილები, სადაც მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების გაკეთებას აპროტესტებს.
“დღეს ვნახეთ კონკრეტულად ის წერტილები, რომლებიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის; გავიარეთ კონკრეტული ადგილები და, შესაბამისად, ვნახოთ… კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა კალაძემ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ენერგეტიკის მინისტრს ეროზირებული ადგილები დაათვალიერებინა ხანდოს ხეობაში, ხანდოსა და ოშპიტელში. ფასანაურის მკვიდრის, ბადრი დავითურის თქმით, კალაძე ოშპიტელში პატრიარქის სახლთანაც მიიყვანეს, რომელიც მთის ფერდობის იმ ნაწილში მდებარეობს, რომლის თავზეც იგეგმება ერთ–ერთი ბოძის მშენებლობა.
“როგორც შევატყეთ, ნამდვილად აპირებენ უკან დახევას. მინისტრმა თავისი ფეხით იარა ჩვენთან ერთად და ყველაფერი ნახა. რამდენიმე ადგილი მოინახულა და ყველაფერს მიხვდა. გვითხრა, სხვა ადგილებს აღარ ვნახავ, რადგან გასაგებია უკვე ყველაფერიო. სამწუხაროდ, მოგუდის მთა აღარ ნახა… იქაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. თვითონ თქვა კალაძემ, აქ ასე მუშაობა არ შეიძლება და სანამ არ მოვილაპარაკებთ, არავინ არაფერს ხელს არ დაადებსო. ძირითადად საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომ თუ საჭირო იქნება და მიწაში ჩაგდებამაც არ გაჭრა, შეიძლება ელექტროგადამცემ ბოძებს ადგილიც შეუცვალონ,” – ამბობს ბადრი დავითური.
ფასანაურის მკვიდრი, ეთუნა კეკიშვილის ამბობს, რომ ელექტროგადამცემი ბოძების გაყვანის შედეგად მთიულეთში პრობლემები შეექმნება მინიმუმ 5 დასახლებულ პუნქტს: ხანდოს, ჭართალს, მუგუდას, ოშპიტელს, ბიბილაანსა და ფასანაურს.
კახა კალაძემ ადგილობრივები შაბათს თბილისში შეხვედრაზე დაიბარა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ ელექტროგადამცემი ბოძების საკითხზე. როგორც ბადრი დავითური ამბობს, კალაძე თბილისში 15–20 ადგილობრთან ერთად ისაუბრებს მათ პრობლემებზე და ერთად გადაწყვეტენ, თუ რა და როგორ ჯობია მთიულებისთვის. ადგილობრივები თითქმის ორი თვეა მათ სოფლებზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას აპროტესტებენ.