ნეტგაზეთი | „ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე  „ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე  – Netgazeti
RU | GE  

„ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიცეუმი არ ეთანხმება საბჭოს განცხადებას და აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში.

ასევე, სკოლა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა შეისწავლონ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

განცხადების თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70-მდე მასწავლებელი დარჩა უმუშევარი, ხოლო 227 ბავშვს სხვა სკოლის მოძებნა მოუწევს.

„ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო ექსპერტთა დასკვნა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთი ხარვეზების ჩამონათვალს, როგორცაა შემაჯამებელი სამუშაოების ნაკლებობა დაწყებით საფეხურზე, კარიერის დაგეგმვის პროგრამის არასათანადო დანერგვა, წინასწარი შეთანხმების გარეშე მშობლის გაკვეთილზე დასწრება, ყველა სართულზე სკოლაში საპირფარეშოს არარსებობა და სხვა.

ექსპერტთა დასკვნაში ჩამოყალიბებული ხარვეზების ჩამონათვალი გამოსწორებადია და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სკოლა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და არ შეიძლება იქცეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძვლად; ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტთა დასკვნაში მითითებული ხარვეზები კანონმდებლობის არაადეკვატურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. სკოლა ვერ შეძლებდა ხარვეზების გამოსწორებას სურვილის შემთხვევაშიც, რადგან ავტორიზაციის გაუქმების პროცესი დაემთხვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას. აქვე განვმარტავთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს არაერთი სკოლისთვის მინიჭებული ან გაგრძელებული აქვს ავტორიზაცია, მსგავსი და კიდევ უფრო პრობლემატური ხარვეზების პირობებში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერება მიგვაჩნია 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შაჰინის სკოლა-ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პოლიტიკურ ზეწოლად“,– აღნიშნულია განცხადებაში.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია მიიჩნევენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარებად, „ის რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი“.  სკოლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის განათლების სფეროში ინვესტირებისა და კერძო სექტორის წახალისებისა და განვითარების პროცესს, ისევე, როგორც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს სერიოზულ ჩრდილს აყენებს. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებული საკითხი სცდება ერთი კონკრეტული სკოლისა და განათლების სფეროს და წარმოადგენს სახელმწიფოებრივ და დემოკრატიული განვითარების საკითხს.

„შაჰინისა და დემირელის სკოლებთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამჟამად კი შოთა რუსთაველი სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციასთან დაკაშირებულმა საკითხებმა შექმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოები არ წარმოადგენენ განათლების ხარისხზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, არამედ ქმნიან სახელმწიფოს ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტს. შესაბამისად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ამოცანად გვესახება ამ სადამსჯელო ინსტიტუციის შეცვლა და მისი ჩანაცვლება განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტით.

საქართველოს მოქალაქეების ხარისხიანი განათლება, არჩევანის თავისუფლება, დემოკრატიული ინტიტუტების შექმნა და განვითარება ჩვენთვის უმაღლესი ღირებულება და მიზანია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოების ფართო სპექტრს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში და, ამავე დროს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ ,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც რუსთავში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ ავტორიზაცია 15 მაისს შეუჩერა. ლიცეუმი 227 მოსწავლით ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

ვრცლად ამ თემაზე: 

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com