კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებილ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას წერილით მიმართა.
შენიშვნები, რომლებიც კოალიციას კონსტიტუციის შემუშავებულ პროექტთან დაკავშირებით აქვს, ძირითადად მოსამართლეთა შერჩევა – დანიშვნას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლს უკავშირდება.
კოალიცია ვენცეიის კომისიას მომავალ კვირაში შეხვდება. მათ იმედი აქვთ, რომ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით მოახერხებენ, პრობლემური საკითხები კონსტიტუციის საბოლოო ვერსიაში არ შევიდეს.
“თუ ეს შევა საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო ვერსიაში, ძალიან დიდ რისკს შეუქმნის სასამართლოს განვითარების პერსპექტივებს,”- განაცხადა 18 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
კოალიციის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო საკითხების გარდა, რასაც ძირითადი ყურადღება ეთმობა, მართლმსაჯულების საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია.
“კონსტიტუცია უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ სასამართლოში განვითარდება სწორი პროცესები,”- განაცხადა ეკა გიგაურმა, რომელიც ასევე კოალიციის წევრია.
კოალიციას კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტის მიმართ შემდეგი შენიშვნები აქვს:
[checklist]
- უნდა შეიცვალოს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრების უბრალო უმრავლესობით არჩევის წესი იმგვარად, რომ საბჭოს წევრებს არჩევაში არა მხოლოდ მმართველი ძალა, არამედ ოპოზიციაც მონაწილეობდეს.
- სრულიად გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და ამის ნაცვლად, ხელისყფლებამ გადადგას ნაბიჯები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის დასახვეწად.
- კონსტიტუციაში აისახოს საბჭოს ვალდებულება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ღია კენჭისყრით მიიღოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები.
- შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბჭოს წარდგინების საფუძველზე პარლამენტის მიერ არჩევის წესი. კოალიცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უნდა იყოს ერთადერთი ორგანო, რომელიც მოსამართლეებს წარადგენს. მათ საკონსტიტუციო კომისიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს: 1. იუსტიციის საბჭოსა და პრეზიდენტის ერთობლივი მონაწილეობა პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენისას. 2. საბჭოსთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების გადავადება სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმის განხორციელებამდე. 3. პარლამენტს კანდიდატებს კვლავ პრეზიდენტი წარუდგენს, თუმცა შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც თითოეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციას შეამოწმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებდა მათ პრეზიდენტს პარლამენტისთვის წარსადგენად.
- [/checklist]
პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებდენ. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს კოალიციის წევრი, ალექსანდრე ცქიტიშვილი და იმედი აქვს, რომ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა კონსტიტუციის შემოთავაზებულ რედაქციას გააუმჯობესებს:
“ვენეციის კომისია ჩვენი ერთ-ერთი ბოლო იმედია, რომ თუკი ის გაიზიარებს ჩვენს რეკომენდაციებს და ასახავს თავის შენიშვნებში, პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ აქვს განცხადებული, რომ ის ვენეციის კომისიის შენიშვნებს გაიზიარებს,”- განაცხადა ალექსანდრე ცქიტიშვილმა.