ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვის აფხაზური ვიზიტის ქვეტექსტი

24 აპრილი, 2017 • 6892
ლავროვის აფხაზური ვიზიტის ქვეტექსტი

აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტის მნიშვნელობა, ვისაც არ დაეზარა, ყველამ განიხილა. იყო ვერსიები: თითქოს ეს იყო სიმბოლო “რუსეთისა და აფხაზეთის სამუდამო მეგობრობის”; ეს იყო სიგნალი ტრამპისთვის, რომ რუსეთი რეგიონში საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს; რომ ამით “ქართულ ოცნებას” ავნეს, რამაც ასე დაამწუხრა ზურაბ აბაშიძე. მავანმა კი რუსი მინისტრის ვიზიტში საერთაშორისო იზოლაციის მომენტიც დაინახა და თქვა, რომ სხვაგან მაინც ვერ მიდის ლავროვი და სოხუმსა და ცხინვალში მაინც წავიდეს.

თანამედროვე პოლიტიკაში მუდმივი არაფერია. ამერიკელ პრეზიდენტს ჯერ არ გამოუვლენია ინტერესი რეგიონის მიმართ, რომ მისთვის რაიმეს დემონსტრირებას აზრი ჰქონოდა. ზურაბ აბაშიძის დამწუხრებასაც რაღაც მორიგი განცხადების დატვირთვა აქვს, რადგანაც პრაღის მოლაპარაკებებში რუსული მხარის წარმომადგენლის, გრიგორი კარასინის ლავროვთან ერთად აფხაზეთში  ჩასვლა დიპლომატიური რუტინის ნაწილია. კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სწორედ კავკასიის მიმართულებით მუშაობს.  

მაშ, რატომ ჩავიდა სერგეი ლავროვი აფხაზეთში? ვერსიას, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვს და ისღა დარჩენია, საელჩოების შენობები გახსნას, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ. თუმცა ზუსტად შეიძლება იმის თქმა, თუ რა თეზისების გახმიანება სურდა რუს მინისტრს სოხუმში ვიზიტის დროს.

საქმე ის არის, რომ სერგეი ლავროვისა და რაულ ხაჯიმბას პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში არ გასულა, თუმცა ჟურნალისტები შეხვედრას ესწრებოდნენ. ამის მიუხედავად, კითხვების თავისუფლად დასმა მათ ვერ შეძლეს. დაისვა მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული სამი კითხვა. ანუ ლავროვმა ფაქტიურად მხოლოდ ის თქვა, რისი თქმაც უნდოდა.

პირველი კითხვა სტანდარტული და ფორმალური იყო, –  შეეხებოდა რუსეთის ეგიდით აფახაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხის დროს საუბარი ODKBზე [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] გადაიტანა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც კითხვა მოიაზრებდა [მაგალითად, საუბარი შეიძლებოდა შეხებოდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლასაც]. ლავროვის პასუხი სტანდარტული იყო: “საჭიროა ODKB-ს ყველა წევრის თანხმობა, თუმცა რუსეთი ისედაც იცავს აფხაზეთს ნებისმიერი აგრესიისგან”. აღნიშნული მესიჯი აფხაზეთში რუსი ჩინოვნიკების გამოსვლების აუცილებელი ატრიბუტია ხოლმე.

ასეთივე ფორმალური იყო მესამე კითხვაც, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესაძლებლობას. გარკვეულ პერიოდში რკინიგზის გახსნის საკითხზე აფხაზეთში პოლიტიკური წინააღმდეგობა უკიდურესად მძაფრი იყო და მწვავე დებატები იმართებოდა. დღეს კი აფხაზეთში უმეტესობა ამ თემას აღიქვამს, როგორც თამაშისთვის აუცილებელსა და დაუსრულებელს. სოხუმელი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ საქართველო პირდაპირ მოლაპარაკებებზე აფხაზურ ხელისუფლებასთან არ წავა, ამიტომაც თამამად შეუძლიათ დათანხმდნენ ტრანზიტის აღდგენას [რაც პრესკონფერენციაზე რაულ ხაჯიმბამ თქვა კიდეც], – თან, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ამისთვის პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო აფხაზეთსა და საქრთველოს შორის.  

ამ საკითხის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ცალკე ქვეტექსტიც აქვს  – ტრადიციული მიმართვა სომხეთს, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული თავის ჩრდილოელ მეზობელთან სატრანსპორტო კავშირის მოგვარებით. იმ პირობებში, როდესაც ირანი აქტიურად მუშაობს, სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი საკუთარი სატრანსპორტო კორიდორები განავითაროს და ამის გამო სომხეთთან და საქართველოსთან შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ ჩრდილოეთ “ბლოკადის” პრობლემის გადასაჭრელად ისიც რაღაცას აკეთებს.

თუმცა ყველაზე საინტერესო იყო მეორე საპროცედურო კითხვა, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქობის მინიჭებას შეეხებოდა. ეს საკითხი 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პრობლემური გახდა. ამ კითხვაზე პასუხის დროს ლავროვმა ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობის  შეთანხმების შესახებ, რომელმაც ყველა წარმოქმნილი პრობლემა უნდა გადაჭრას.

აი, მისი სიტყვებიც: “იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მდგრადი, შესაბამისი შეთანხმება უნდა გაფორმდეს.  წინა წლის ნოემბერში ჩვენ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ [აფხაზურ მხარეს] და დოკუმენტის შესაბამისი პროექტი გადავეცით. ამ თემას დღესაც შევეხეთ და ვიმედოვნებთ, რომ ის ოპერატიულად იქნება მიღებული. ეს ყველფერი საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პრაქტიკა. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ახლა  ეს პროცესი შესაბამისი შეთანხმებით უნდა დავარეგულიროთ”.

შესაბამისი დოკუმენტის არსებობა რაულ ხაჯიმბამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ის მთავრობიდან მალე პარლამენტში გაიგზავნება.

ამ განცხადების შენდეგ ერთ-ერთ აფხაზური ფეისბუკის გვერდზე კითხვა გაჩნდა: არის თუ არა საუბარი იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პარალელურად,  რუსეთის მოქალაქეებიც შეძლებენ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას? უნდა ვისაუბროთ თუ არ იმის შესახებ, რომ პატარა აფხაზეთს მოვლენების ასეთი განვითარება აშინებს?!

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.  თუმცა, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ასეთი პუნქტი თავის დროზე არსებობდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დიდი შეთანხმების პროექტში, მაგრამ აფხაზური მხარის ძალისხმევით აღნიშნული პუნქტი შეთანხმებიდან ამოიღეს.  შეეცდება თუ არა რუსეთი, ისევ წამოწიოს ეს საკითხი? თუ კი, მაშინ სწორედ ეს გახდება აფხაზეთში ახალი პოლიტიკური ბატალიების თემა.

კრემლში მშვენივრად ესმით მოქალაქეობის თემის კონფლიქტური პოტენციალი, ამიტომაც პასპორტიზაციის შესახებ საუბარი შეიძლება მხოლოდ ასეთი მაღალი რანგის სტუმარმა წამოწიოს. სოხუმში არც ისე ბევრ პოლიტიკოსს სურს მოსკოვთან პირდაპირი კონფლიქტი. ამავე დროს, არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ აფხაზური საზოგადოება გაჩუმდება.

სერგეი ლავროვი სოხუმში; 2017; ფოტო: sputnik

სერგეი ლავროვი სოხუმში; 2017; ფოტო: sputnik

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი