სერგეი ლავროვი სოხუმში; ფოტო; sputnik-abkhazia

ლავროვი სოხუმში ჩავიდა

დღეს, 18 აპრილს სოხუმში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

სერგეი ლავროვის თვითმფრინავი სოხუმთან მდებარე უფუნქციო აეროპორტში დაეშვა [60-იან წლებში აშენებული სოხუმის აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან 18 კილომეტრში, ბაბუშერას დასახლებაში მდებარეობდა, 1993 წელს დაიხურა].

ლავროვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წევრები, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დახვდა.

ბოლო ოფიციალური ვიზიტი სერგეი ლავროვს სოხუმში 2011 წელს ჰქონდა.

სერგეი ლავროვი სოხუმში; ფოტო; sputnik-abkhazia

სერგეი ლავროვი სოხუმში; ფოტო; sputnik-abkhazia

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტი ქართულმა მხარემ ნეგატიურად შეაფასა. სერგეი ლავროვის სოხუმში ჩასვლას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს  რუსეთის ფედერაციის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა.

ქართული მხარის მიერ სერგეი ლავროვის სოხუმში ვიტიზის საკითხის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს დღესვე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქართულმა მხარემ საკუთარი თავისა და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება უნდა შეწყვიტოს”. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი