ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ამბები და მისი მნიშვნელობა საქართველოსათვის

8 აპრილი, 2017 • 3757
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ამბები და მისი მნიშვნელობა საქართველოსათვის

ამ დღეებში ზოგიერთ ქართულ ჟურნალ-გაზეთში თვალს მოჰკრავდით ინფორმაციას ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვაზე. შესაძლო დაინტერესებულ ქართველ მკითხველს გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუ რა ხდება ამ უნივერსიტეტში ამჟამად, ასევე იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოსათვის.


 

ავტორი: ოთო კობახიძე, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ნაციონალიზმის კვლევების მაგისტრანტი


 

[red_box]ორიოდე სიტყვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტზე (CEU)[/red_box]

 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) ბუდაპეშტში მდებარე ამერიკულ-უნგრული უნივერსიტეტია, რომელიც 26 წელია არსებობს. 2014-15 წლებში უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულება მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორის მოხვდა. Times Higher Education მიხედვით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2017 წელს მსოფლიოს 350 საუკეთესო უნივერსიტეტში შედის. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგებით ის რამდენიმე ასეული საფეხურით უსწრებს რიგით მომდევნო საუკეთესო უნგრულ უნივერსიტეტს. ამასთან, სულ რამდენიმე დღის წინანდელი მონაცემებით, სეუ 40 საუკეთესო “ახალგაზრდა უნივერსიტეტთა” შორისაცაა. International Outlook პარამეტრით მსოფლიოს მერვე უნივერსიტეტად დასახელდა Times Higher Education-ის მიერ.

 

CEU-ს 1400-მდე სტუდენტიდან 23%-ს უნგრელები შეადგენენ, დანარჩენ 77%-ს კი სტუდენტები ასზე მეტი ქვეყნიდან. ამასთან, CEU-ს პროფესურა 40 სხვადასხვა ქვეყნიდანაა. აღნიშნული მახასიათებლები CEU-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალეროვან, საერთაშორისო უნივერსიტეტად აქცევს. 117 ქვეყნის 1400-ზე მეტ სტუდენტთა შორის 27 ქართველი სტუდენტიცაა. ქართველი სტუდენტები სეუ-ში სწავლობენ როგორც სამაგისტრო, ასევე – სადოქტორო პროგრამებზე. სტუდენტთა მსგავსი მრავალფეროვნება უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსებას წარმოადგენს. აქ ლექციაზე არა მხოლოდ პროფესორისაგან, არამედ – თანატოლი კურსელებისაგან არანაკლებ ინფორმაციას იღებ. მაგალითები, რომლებიც შენს ჯგუფელებს მოჰყავთ, პრეზენტაციები, რომლებსაც ისინი აკეთებენ – საინტერესო, მრავალფეროვანი ცოდნით გამარაგებს. ასეთ გარემოში უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით საუბარიც კი მექსიკელ, ამერიკელ, იტალიელ, უკრაინელ, ყირგიზ, ყაზახ, იორდანიელ, კანადელ თუ ფინელ ჯგუფელებთან თავისებურად ამდიდრებს შენს ინტელექტს და საშუალებას გაძლევს, ამა თუ იმ საკითხს მრავალი კუთხითა და კულტურული გადმოსახედიდან შეხედო.

ვინ/რა ემუქრება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს?

უნივერსიტეტი 1991 წელს უნგრელ-ამერიკელი ბიზნესმენის, ჯორჯ სოროსის დაფინანსებით დაარსდა. ჯორჯ სოროსი არაერთი ევროპული ქვეყნის შეთქმულებათა თეორიების მთავარი გმირია. ასე იყო და არის საქართველოში და ასეა უნგრეთშიც. უნგრეთში სორისის შესახებ ერთგვარი ისტერიის ამგორებელი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობაა, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ სოროსის დაფინანსებით სწავლობდა სხვადასხვა ბრიტანულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტში. თუმცა მთავრობისა და სოროსის ურთიერთობის გაფუჭება ძირითადად იმას უკავშირდება, რომ ორგანიზაციები, რომლებიც უნგრეთის ამჟამინდელ მთავრობას კორუფციასა და ფულების ფლანგვაში ამხელენ, სწორედ სოროსის ფონდებიდან ფინანსდება (ამ სტატიის მიზანს უნგრეთის კორუფციის განხილვა არ წარმოადგენს, თუმცა ის, რომ უნგრეთში, დედაქალაქ ბუდაპეშტში, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით შვეიცარიასავით მდიდარია, თბილისზე ბევრად მოუწესრიგებელი გზები აქვს – კორუფციის ერთ-ერთ პირველ ნიშანს, რასაც ბუდაპეშტის აეროპორტიდან გამოსვლისთანავე იგრძნობთ).

28 მარტის საღამოს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა და პრეზიდენტმა, მაიკლ იგნატიევმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას გამოგვიგზავნა მეილი, რომელიც გვამცნობდა უნგრეთის მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე – LEX CEU, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს პრაქტიკულად იძულებულს ხდიდა, შეეწყვიტა ფუნქციონირება უნგრეთში. 28 მარტს კანონპროექტი წამოაყენა სამინისტრომ, რომელიც განათლების საკითხებს კურირებს. 3 აპრილს კენჭი უყარეს კანონპროექტის დაჩქარებით განხილვას და უკვე 4 აპრილს 123 ხმით დაამტკიცა პარლამენტმა.

[blue_box]რას გულისხმობს კანონი LEX CEU?[/blue_box]

კანონის მიხედვით, CEU-ს დაევალება გახსნას კამპუსი ნიუ იორკში, რადგანაც, როგორც ამერიკული უნივერსიტეტი, დარეგისტრირებულია ნიუ იორკის შტატში, ისევე როგორც აკრედიტებულია ბუდაპეშტში უნგრეთის მთავრობის მიერ. CEU-ს აეკრძალება ბრენდად ქცეული ინგლისური სახელის გამოყენება და დაევალება დარჩეს მხოლოდ უნგრული სახელით “კოზეფ ეუროპაი ეჯეტემ.” ამასთან, “კოზეფ ეუროპაი ეჯეტემს” აღარ ექნება უფლება გააგრძელოს ამერიკაში აკრედიტებული პროგრამები და გასცეს ამერიკული დიპლომი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი დაიხურება, რადგან მისი პროგრამების უმეტესობა სწორედ ამერიკულია. ამასთან, ახალი კანონი სეუ-ს აიძულებს, ნიუ იორკის შტატსა/ამერიკულ მხარესა და უნგრეთის მთავრობას შორის დაიდოს ახალი ხელშეკრულება ოქტომბრამდე, რაც გარდა იმისა, რომ მცირე დროა, უნგრულ მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მკვეთრად შეზღუდოს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა და ნებისმიერ დროს გააძევოს ის ბუდაპეშტიდან.

კანონპროექტის საჭიროების ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ისიც დაასახელა, რომ სეუ-ს უპირატესობა, გასცემდეს ამერიკულ დიპლომს უნგრეთში, უნგრულ უნივერსიტეტებს მდგომარეობას აუარესებს. აღნიშნულის არალოგიკურობას ის მარტივი ფაქტიც მომწობს, რომ სეუ-ში მხოლოდ 400-მდე უნგრელი სწავლობს ათიათასობით უნგრელი სტუდენტიდან. პირიქით, სეუ-ს ისეთი სიკეთეებით, როგორიცაა მაგ. ბიბლიოთეკა, ბევრი სხვა აქაური სასწავლებლის ახალგაზრდა სარგებლობს, სეუ-ს და სხვა უნგრულ უნივერსიტეტს ელტე-ს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვთ ისტორიის პროგრამებზე და ა.შ. ამ გაუარესების საპასუხოდ, უნგრეთის მთავრობა ახალი კანონით სეუ-ს სთხოვს, გახსნას კამპუსი ნიუ იორკში, რაც უნივერსიტეტის განცხადებით, უდიდეს გაუთვალისწინებელ და არასაჭირო ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული. ამასთან, ფაქტობრივად სეუ ერთადერთი სასწავლებელია, რომელსაც ეს კანონი ეხება, ამდენად, ეჭვქვეშ არ დგება, რომ კანონი დისკრიმინაციულია და სწორედ სეუ-სთვის დაიწერა.

მინისტრმა ზოლტან ბალოგმა ამ ორიოდე დღის წინ გულწრფელი ინტერვიუ მისცა, არ გვსურს “სეუ’’ არსებობას განაგრძობდესო. თუმცა ისიც დასძინა, თანახმა ვართ, მისმა უნგრეთში დარეგისტრირებულმა ერთეულმა გააგრძელოს მუშაობაო. აქ ის იგულისხმება, რომ თუ სეუ მხოლოდ უნგრული უნივერსიტეტი დარჩება და ამერიკაში დარეგისტრირებული აღარ იქნება, ერთი მხრივ, მისი პრესტიჟი დაეცემა, მეორეც, უნგრეთის მთავრობას შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ წამს წამოაყენოს ახალი კანონი და უბრალოდ დახუროს გაუნგრულებული სეუ. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, რადგან სეუ ძირითადად ამერიკულ პროგრამებს სთავაზობს, მათი დახურვით პრაქტიკულად მთელი უნივერსიტეტი იხურება.

 

[red_box]CEU და მისი ამჟამინდელი სიტუაციის მნიშვნელობა საქართველოსათვის[/red_box]

მიუხედავად იმისა, რომ დახურვის არაოფიციალური მიზეზი, ყველასთვის ცნობილია და სოროსთან უნგრეთის მთავრობის დაპირისპირებაა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბუდაპეშტიდან გაძევება ყველაზე ნაკლებად სწორედ სოროსის პრობლემაა. სეუ დიდი ხანია უნგრული საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის დაახლოებით 20 წელიწადზე მეტია უნგრეთში მდებარეობს, აქვს მჭიდრო ურთიერთობები უნგრულ უნივერსიტეტებთან. სწორედ სეუ-ს გააჩნია უმდიდრესი თანამედროვე ბიბლიოთეკა ინგლისურ ენაზე ბუდაპეშტში, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენ, ამ უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ ათობით და ასობით სხვა უნგრული სასწავლებლის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სარგებლობენ.

რამდენადაც ცხადზე უცხადესია სეუ-ს მნიშვნელობა უნგრეთისათვის, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მას რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსათვისაც.  სეუ-ს მისია მხოლოდ კარლ პოპერისეული ღია საზოგადოებების მხარდაჭერა არაა, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ყველა ავტონომიური უნივერსიტეტი, რომელიც დიქტატორების მიზნებს არ ემსახურება, სწორედ თავისუფალ, კრიტიკულ დისკუსიასა და მსჯელობაზე დაფუძნებულ სივრცეს წარმოადგენს და ხელს უწყობს ასეთივე საზოგადოების ჩამოყალიბებას. უმთავრესი, რაც ამ თვეებმა სეუ-ში დამანახა, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ასობით ახალგაზრდას მსოფლიოს ნაკლებად პრივილეგირებული რეგიონებიდან, გახდნენ (მსოფლიო) აკადემიური სივრცის ნაწილი.

ოთო კობახიძე

ოთო კობახიძე

სეუ სწორედ იმ სივრცედ მესახება, რომელმაც აქვე, ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაშივე შექმნა ადგილი, საიდანაც ქართველებს, სერბებს, ხორვატებს, პოლონელებს, უკრაინელებს, ყირგიზელებს თუ ათობით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მისცა საშუალება, წერონ და გააგონონ არა-დასავლეთის ხმა დანარჩენ მსოფლიოს. სეუ ასეთ ადგილს წარმოადგენს – ადგილს, სადაც ფართო კონტექსტის გააზრებით, ნაკლებ პრივილეგირებული მსოფლიოს ახალგაზრდა სტუდენტებსა და პროფესორებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო თემებზე, მათსავე რეგიონებზე თავად წერონ, საკუთარი გადმოსახედიდან, ორიენტალიზმისა და ვესტერნოცენტრიზმის გარეშე. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გამომცემლობამ არაერთი წიგნი გამოსცა საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და კიდევ უკეთ გააცნო ჩვენი ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოს. ამასთან, CEU და მისი პროფესორები თუ ქართველი კურსდამთავრებულები დგანან საქართველოს უნივერსიტეტებში მოქმედი არაერთი აკადემიური პროგრამის ავანგარდში და ამ მხრივაც ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა უკიდურესად დიდი იყო და არის ქართული აკადემიის დახმარებაში.

წარმოადგენს რა მსოფლიო დონის უნივერსიტეტს ყოფილ აღმოსავლეთ ევროპაში, ახლოს იმ ნაკლებ პრივილეგირებულ რეგიონთან, ზემოთ რომ ვახსენე, სეუ ბრწყინვალე ტრამპლინს წარმოადგენს შემდგომი კვლევისა თუ სწავლის გასაგრძელებლად მსოფლიოს სხვა წამყვან სასწავლებლებში. და თუ ერთი ხორვატი სეუ-ს კურსდამთავრებულის პერიფრაზს მივმართავ, ალბათ სეუ-ს ამერიკულ-უნგრული დიპლომი და იქ მიღებული განათლება ბევრად მეტ გზასა და კარს გახსნის დანარჩენ მსოფლიოში ნებისმიერი ქართველი სტუდენტისათვის, ვიდრე  ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტის დიპლომი. სეუ-ში მიღებული განათლება ასობით ქართველ ახალგაზრდას დაეხმარა, არა მხოლოდ პირადი, არამედ საკუთარი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის კეთებაში.

ამასთან, 25 წლის განმავლობაში სახელმოხვეჭილი წამყვანი უნივერსიტეტის ერთ კვირაში, ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის გარეშე დახურვა/გაძევება ძალზე ცუდ სიგნალს წარმოადგენს დანარჩენი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსათვის. სანკტ-პეტერბურგში სულ ახლახან დაიხურა უნივერსიტეტი მთავრობის მიერ, თურქეთში არაერთი უნივერსიტეტი დაიხურა და ასობით პროფესორი მოჰყვა “წმენდაში”. უნგრეთის მაგალითი კიდევ უფრო ყურადსაღებია, რადგანაც ეს იქნება ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მთავრობა ხურავს მსგავსი მასშტაბისა და შესაძლებლობების მქონე უნივერსიტეტს. წლების განმავლობაში თბილისსა და სხვა ქართული ქალაქების უნივერსიტეტებში ვხედავდით ზეწოლას პროფესორებზე, რომლებიც ოფიციალურ სამთავრობო პროპაგანდას არ ატარებდნენ. CEU-ს შემთხვევა, შესაძლებელია, ჩვენს ავტორიტარიზმისაკენ მიდრეკილების მქონე პოლიტიკურ კლასში ერთგვარ მისაბაძ მოდელად გადმოიღონ და თუ მთელ უნივერსიტეტს არ დახურავენ, შესაძლოა ზეწოლა მაინც გააძლიერონ ცალკეულ პროფესორებზე, ფაკულტეტებსა და მიმართულებებზე. თუკი ბევრად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მქონე, ევროკავშირის წევრ, უფრო მაღალი დემოკრატიული კონსოლიდაციის მქონე ქვეყანაში, უნგრეთშია შესაძლებელი მთელი უნივერსიტეტი დაიხუროს, საქართველოს მსგავს მყიფე/ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანაში აკადემიური თავისუფლების ახლანდელი ხარისხის შენარჩუნებაც კი კიდევ უფრო რთული (გა)ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი