“საერთო სახელფასო ფონდი შეადგენს 7 მილიონ 145 ათას ლარს, ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტი არის დაგეგმილი 11 მილიონზე, ანუ სადღაც 60 პროცენტი არის სახელფასო ფონდი მხოლოდ ადგილობრივი შემოსავლების.
თუ დავამატებთ ამას ადმინისტაციულ ხარჯებს და დაემატა სამი ახალი სამსახურის შექმნის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯები, ეს შეადგენს 9 მილიონზე მეტს, რაც არის საერთო ბიუჯეტის 25 პროცენტი და ადგილობრივი შემოსავლების დაახლოებით 75–80%. ეს არის, ჩემის აზრით, კატასტროფული მაჩვენებელი.”
მისივე თქმით, თვითმმართველობაში კადრებს კონკურსის გარეშე ირჩევენ:
“კადრები ინიშნებიან კონკურსის წესის გარეშე და ვფიქრობ, რომ მათი გარკვეული ნაწილი, ყველაზე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ინიშნება არაკვალიფიციური, ან მის კონკრეტულ პოზიციასთან შეუთავსებელი კვალიფიკაციის მატარებელი.”
როგორც თოფურიძე განმარტავს, თვითმმართველობაში დარღვეულია მთავარი პრინციპი, კადრები პარტიულები არიან:
“ზოგადად, არის თვითმმართველობის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი დარღვეული, როგორიც არის საეროობა. ანუ არა პარტიულობა, არამედ საერო ხასიათის არის თვითმმართველობა და უნდა დარჩეს ამად და ასევე ხელმისაწვდომობა თვითმმართველობაზე ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვინც კი არის შესაბამისი ასაკით, კვალიფიკაციით, გამოცდილებით, თვითმმართველობაში დასაქმების მიზნით.”
აღნიშნული საკითხების გარდა, თოფურიძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობს:
”არ არსებობს არანაირი ინიციატივა – ადგილობრივი თვითმმართველობა წავიდეს თანამშრომლობაზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება ქალაქისა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე”.
თოფურიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხებზე მას ქალაქის მერთან ბესიკ ბრეგაძესთან რამდენიმე კაბინეტური საუბარი ჰქონდა, გუშინ კი გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საკითხები საჯაროდ განეხილა.
ქუთაისის მერიას ჯერ–ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც მერიის პრესამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე ამბობს, თოფურიძის დღევანდელი შეხვედრა პრესსამსახურთან და ქალაქის მერთან შეუთანხმებლად განხორციელდა:
“თენგო თოფურიძის შეხვედრა მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პრესსამსახურისა და მერის გვერდის ავლით მოხდა. ჩვენთან არაფერი შეუთანხმებია.”