სამინისტრო: დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

განცხადების თანახმად, 2014 წლამდე არსებული თვითმმართველობის სისტემა, მიუხედავად არაერთი სახეცვლილებისა, არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს (მათ შორის, თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ნორმებს) ვერც დემოკრატიისა და ვერც მართვის ეფექტურობის კუთხით.

“ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას. ეს ქვეყნის განვითარების საფუძველი და მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ თვალსაზრისით 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა არის საეტაპო მნიშვნელობის წარმატებული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა შემდგომი დემოკრატიზაციისა და  დეცენტრალიზაციის მყარი საფუძველი.”

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ  რეფორმამ თვისობრივად გააუმჯობესა მდგომარეობა შემდეგი მიმართულებებით:
“1.    ინსტიტუციური მოწყობა გახდა მეტად დემოკრატიული – ახალი მოწყობით ყველა თვითმმართველ თემს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი, ხოლო თვითმმართველ ქალაქს – პირდაპირი წესით არჩეული მერი. მერი/გამგებელი გახდა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პირდაპირ საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე.  ახალი სისტემით გაიზარდა გამგებლის/მერის ინსტიტუტის დემოკრატიულობა, თანამდებობის სტატუსი და გაადვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
2.    ნათლად გაიმიჯნა უფლებამოსილებები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის – შეიცვალა თვითმმართველობათა კომპეტენციები და უფლებამოსილებები, ისევე, როგორც ზედამხედველობის მექანიზმები.
3.    თვითმმართველობებს გაეზარდათ რესურსები –  მათ საკუთრებაში გადაეცათ თვითმმართველ ტერიტორიაზე არსებული ქონების გარკვეული კატეგორია და მიეცათ რესურსების აქტიურად და დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ის არის, რომ მას დამოუკიდებლად შეეძლოს გადაანაწილოს ფინანსური რესურსები ადგილობრივი საჭიროებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.”

თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, გაიყო შვიდი მუნიციპალიტეტი და შედეგად, თოთხმეტი ახალი მუნიციპალიტეტი (მათ შორის შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქი) ჩამოყალიბდა.  კერძოდ, კანონით დამატებით თვითმმართველ ქალაქებად გამოცხადდა შვიდი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. სამინისტროს განცხადების მიხედვით, არსებობდა მოლოდინი, რომ ამ ცვლილებას უნდა მოეტანა შემდეგი დადებითი შედეგები:
1.    მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
2.    მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ხარისხის გაუმჯობესება;
3.    მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების გაზრდა.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ შედეგების მიღწევა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფა და უფრო მცირე ზომის ერთეულებად ქცევა არ არის ამ ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი.

ამავე განცხადების მიხედვით, მოლოდინები არ გამართლდა:

“სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა, რიგ შემთხვევებში კი, გაუარესდა კიდეც, რესურსების არაეფექტიანი გაყოფის გამო. გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში არსებითად არ შეცვლილა. მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად.
მუნიციპალიტეტების გაყოფის სასარგებლოდ არსებობს რამდენიმე არგუმენტი, მაგალითად:  დადებით მომენტად მიიჩნევა ის, რომ გაყოფის შედეგად ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტების ჯამური ბიუჯეტი მეტია, ვიდრე მანამდე არსებული ერთიანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მაგრამ ეს განსხვავება მიღწეული იქნა არა საკუთარი შემოსავლების გაზრდის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ტრანსფერის გამოყოფის ხარჯზე (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული იქნა დამატებითი ხარჯები),” – ვკითხულობს განცხადებაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია მუნიციპალიტეტების გაყოფის გარეშეც, მარტივად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაზრდით.

“მუნიციპალიტეტების გაყოფამ და ბიუჯეტის ამგვარმა ზრდამ წარმოშვა რიგი პრობლემებისა: მინიმუმ გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეულის და, შესაბამისად, მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად.

კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება როგორც თვითონ მუნიციპალიტეტების, ასევე, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

გაუარესდა ხარჯვის ეფექტიანობა. რამდენადაც მუნიციპალიტეტების ქალაქად და სოფლებად დაყოფა ხელოვნურია და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მჭიდროდაა დაკავშირებული. შესაბამისად, განვითარებაზე მიმართული ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს მთლიანად მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრის და განვითარების კომპლექსურ, ერთიან ხედვას. სოფლების პრობლემატიკის გადაჭრაც (თუ მათი ინტერესები არ არის საკმარისად გათვალისწინებული) უნდა მოხდეს ამ მიდგომით და არა  „ქალაქის“ და „სოფლის“ ბიუჯეტის ხელოვნური გამიჯვნით. ”

სამინსიტროს განცხადების თანახმად, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე, მაგრამ შემდეგი პირობის აუცილებელი დაცვით:

“შეერთების შედეგად არ უნდა გაუარესდეს მუნიციპალიტეტების განვითრებისათვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა და ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი კომპლექსური ცვლილებების გატარებით. ამ ცვლილებების შედეგად შენარჩუნდება კვლავ შეერთებული მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსები და ამასთან, გაუმჯობესდება სხვა მუნიციპალიტეტების მდგომარეობაც, აქცენტით მზარდი კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე.  პირველ ეტაპზე ამის ძირითადი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შესაბამისი დაბალანსება და ასევე გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის სრულყოფა.

წარმოდგენილი ცვლილება არ ეხება მერების და გამგებლების არჩევითობის საკითხს. შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს განხილული როგორც თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შესუსტება ან დეცენტრალიზაციის კურსიდან გადახვევა. ჩვენი ხედვით დეცენტრალიზაცია გულისხმობს არა ფრაგმენტაციას, არამედ მეტი უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემას თვითმმართველობებისათვის. ამასთან, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტებში შეიქმნას მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილებების ჯეროვან განხორციელებას და რესურსების ეფექტიან განკარგვას,” – ვკითხულობს განცხადებაში, რომლის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მუშა ჯგუფი ამ საკითხზე გამართავს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან და სფეროს სპეციალისტებთან.

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმების თაობაზე წერილით მიმართავენ.

წერილში ნათქვამია, რომ ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებაქართული ოცნებისერთერთი მთავარი დაპირებაა – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცადეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც  რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღოთვითმმართველობის კოდექსი“.

რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

“სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ. მოხსენება https://freedomhouse.org/report/nations-transit/2015/georgia). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.

მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც ერთმნიშვნელოვნად რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა“, – ნათქვამია წერილში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.